Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „ლაშქარ-ე-თაიბას“ დამაარსებლის დაკავებისათვის მსხვილ ჯილდოს აწესებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის განცხადებით, დაწესდა 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იმ ინფორმაციისათვის, რომელიც პაკისტანში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფის, „ლაშქარ- ე-თაიბას“ დამფუძნებელი პირის დაპატიმრებას შესაძლებელს გახდის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი, სახელწოდებით „ჯილდოები სამართლისთვის“, ამ პირს - ჰაფიზ მუჰამედ საეედს - „არაბული ენისა და ინჟინერიის ყოფილ პროფესორად“ ახასიათებს.

ამასთან, ვებსაიტის თანახმად, საეედმა დააარსა როგორც „ჯამაათ-უდ-დავა“, რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ინდოეთის და პაკისტანის ტერიტორიებზე ისლამისტური მმართველობის დამყარებას, ისე ამ ორგანიზაციის გასამხედროებული ფრთა - „ლაშქარ-ე-თაიბა“.

განცხადების თანახმად, ძებნილი „არაერთი ტერორისტული თავდასხმის“ დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის 2008 წელს ინდოეთში, ბომბეიში მომხდარ თავდასხმებში, რასაც 165 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე დაიღუპა 9 თავდამსხმელიც.

საეედისთვის დაწესებული ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც კი აშშ-ის მთავრობას გამოუცხადებია. ის თალიბანის ლიდერის, მულა ომარის შესახებ ინფორმაციაზე დაწესებულ თანხას უტოლდება.

უფრო მაღალი ჯილდო - 25 მილიონი დოლარი - მხოლოდ ალ-ყაიდის ლიდერის პოსტზე ოსამა ბინ ლადენის შემცვლელის, აიმან ალ-ზავაჰირის შესახებ ინფორმაციისთვის არის დაწესებული.

ამასთან, აშშ 2 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს საეედის სიძისა და „ლაშქარ-ე-თაიბას“ კიდევ ერთი ლიდერის, ჰაფიზ აბდულ რაჰმან მაკის შესახებ ინფორმაციისთვის.

გავრცელებული ცნობებით, „ლაშქარ-ე-თაიბა“ 1980-იან წლებში დაარსდა, პაკისტანის უშიშროების სააგენტოს ხელშეწყობით. ორგანიზაციის მიზანი იყო ინდოეთზე ზეწოლის მოხდენა კამათის საგნად ქცეულ ტერიტორიასთან - ქაშმირთან - მიმართებით.

თავად „ჯამაათ-უდ-დავა“, რომელიც პაკისტანში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, ტერორიზმში ბრალდებებს უარყოფს.
აშშ ორივე ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციებად აცხადებს. „ჯამაათ-უდ-დავა“ და მისი რამდენიმე ლიდერი გაეროსაც შეყვანილი ჰყავს ალ-ყაიდისა და თალიბანის მხარდამჭერთა სიაში.

აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შედეგად, პაკისტანმა 2002 წელს „ლაშქარ-ე-თაიბა“ აკრძალა, თუმცა საეედი პაკისტანში მოქმედებას განაგრძობს და ხშირად ჩნდება საჯარო ასპარეზზე. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, 27 მარტს ის ისლამაბადში გამართულ აქციაზე ათასობით ადამიანის წინაშე გამოვიდა სიტყვით.

ინდოეთი ბომბეიში განხორციელებულ თავდასხმებში „ლაშქარ-ე-თაიბას“ ადანაშაულებს. საეედი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა იმ პირებს შორის, რომელთა დაპატიმრებასაც პაკისტანისგან ინდოეთი ითხოვს.

ბომბეიში მომხდარი თავდასხმების შემდეგ პაკისტანმა საეედს შინაპატიმრობა დაუწესა, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ დაკავებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

სააედის დაპატიმრებაზე ორდერი ინტერპოლსაც გაცემული აქვს.
XS
SM
MD
LG