Accessibility links

logo-print

თურქეთში ასამართლებენ 1980 წლის სამხედრო გადატრიალების ლიდერებს


დღეს ანკარაში სასამართლოს წინაშე წარდგა თურქეთში 1980 წელს მოწყობილი სამხედრო გადატრიალების ორი ლიდერი - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტი ქენან ევრენი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ტაჰსინ საჰინკაია. მათ წაყენებული აქვთ 1980 წლის 12 სექტემბერს სამოქალაქო მთავრობის დამხობის ბრალდება. სამხედრო გადატრიალების შემდგომი სამი წლის მმართველობისას, სიკვდილით დასაჯეს 50 ადამიანი, დააპატიმრეს ნახევარ მილიონამდე პირი, მათგან ასობით ადამიანი გარდაიცვალა ციხეებში, მათზე მეტი - დაკარგულად ითვლება. სამხედრო პუტჩის ლიდერების უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის. სასამართლო პროცესის გახსნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია არც 94 წლის ევრენი და არც 87 წლის საჰინკაია. მათი ხანდაზმულობის გამო, ნათელი არ არის, აღმოჩნდებიან თუ არა ციხეში შესაძლო, სამუდამო პატიმრობის მოსახდელად.
XS
SM
MD
LG