Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სირიაში ოპოზიცია ვერასოდეს დაამარცხებს ასადის არმიას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს არ სჯერა, რომ სირიის ოპოზიცია ოდესმე შეძლებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების დამარცხებას. როგორც იუწყებიან, ლავროვმა ოთხშაბათს, აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიაში სისხლისღვრა შესაძლოა, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ უცხო ქვეყნები, მისი თქმით, კბილებამდე რომ შეაიარაღებენ ოპოზიციის მომხრეებს. სირიაში ოპოზიციის შეიარაღებას ემხრობიან საუდის არაბეთი და ყატარი - განსხვავებით დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის შეერთებული შტატებისაგან, რომლებსაც საჯარო მხარდაჭერა არ გამოუცხადებიათ სირიელი ოპოზიციონერების შეიარაღებისათვის. რუსეთი კი სირიის ტრადიციული მოკავშირეა და იარაღს აწვდის მმართველ რეჟიმს. მან ჩინეთთან ერთად უკვე ორჯერ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, სირიაში 9000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ დაიწყო დაპირისპირება ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG