Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი: ბიძინა ივანიშვილის გეგმები არ შეცვლილა


კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, სამოქალაქო რეესტრის დღევანდელი განცხადება არ ცვლის ბიძინა ივანიშვილის გეგმებს. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ივანიშვილი დარჩება კოალიციის ლიდერად, რომელსაც ერქმევა "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" და ასევე იქნება გაერთიანების კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. რაც შეეხება მოქალაქეობას, ფანჯიკიძის თქმით, ამ თემაზე შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი ხუთშაბათს უპასუხებს. მაია ფანჯიკიძემ „უკანონო“ უწოდა სამოქალაქო რეესტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ივანიშვილს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას ეხება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. ივანიშვილსა და მის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეს 2011 წლის 11 ოქტომბერს, პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება გააუქმა მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით ითხოვა საქართველოს მოქალაქეობის მიღება.
XS
SM
MD
LG