Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში პრეზიდენტი გადადგა


ბელგრადი, 4 აპრილი: სერბიის პრეზიდენტი აცხადებს თავისი გადადგომის შესახებ
ბელგრადი, 4 აპრილი: სერბიის პრეზიდენტი აცხადებს თავისი გადადგომის შესახებ
სერბიაში პრეზიდენტი გადადგა. ამ ნაბიჯით, რომლის შესახებაც ოთხშაბათს გამოაცხადა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა, გზა ეხსნება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

სერბიის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ ბორის ტადიჩის განცხადება 10 თვით უსწრებს მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვას და ქმნის პირობას მაისში სერბიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩასატარებლად.

„სერბიის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს გადავწყვიტე, შევიმოკლო რესპუბლიკის პრეზიდენტის მანდატის მოქმედება. ეს არის ჩემი კანონიერი უფლება და შესაძლებლობა და შესაძლებელს ხდის სერბიაში 6 მაისს საყოველთაო არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკური ციკლის დასრულებას“, განუცხადა ტადიჩმა ჟურნალისტებს.
სერბი ლიდერი აცხადებს, რომ მორიგი ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას 6 მაისის არჩევნებზე. პროცედურას რაც შეეხება, ის ჯერ (სავარაუდოდ, ხუთშაბათს) მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ განცხადებით.
ეს არჩევნები რთული იქნება, ეს არჩევნები მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ ეს არჩევნები სერბ ხალხს მისცემს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, რომელი გზით იაროს...
ბორის ტადიჩი

ტადიჩის ვადაზე ადრე გადადგომის მიზნად მიჩნეულია მისი „დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო შანსების გაუმჯობესება, რადგან, განსხვავებით თვით ბორის ტადიჩისაგან, რომელიც ელექტორატში პოპულარობით სარგებლობს, მისი პარტიისადმი მხარდაჭერა კლების გზაზეა. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატიულ პარტიას პოპულარობით უსწრებენ ოპოზიციონერი ნაციონალისტები - გამოკითხვებში ლიდერობს „სერბიის პროგრესული პარტია“. ნაციონალისტების ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი იქნება ბორის ტადიჩის მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ტადიჩსა და მის მთავრობას სერბიაში, ზოგადად, კრიტიკას არ აკლებენ, მაგრამ მხარდაჭერამ მკვეთრად იმატა გასულ თვეში - მას შემდეგ, რაც სერბია დასახელდა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ კანდიდატად. ევროკავშირის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა სერბიაში რატკო მლადიჩის, ბოსნიის ომის პერიოდის სამხედრო დანაშაულებსა და გენოციდში ბრალდებული პირის დაპატიმრება და ექსტრადიცია.
გამოვთქვამ აზრს, რომ უნდა განვაგრძოთ ევროპაში ინტეგრაცია, კოსოვოში სერბიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. სერბია არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და განაგრძობს მოლაპარაკების პროცესს...
ბორის ტადიჩი

როგორც ბორის ტადიჩმა ოთხშაბათს, ბელგრადში უთხრა ჟურნალისტებს: „როგორც უნდა იყოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ წამოვაყენებ ჩემს კანდიდატურას ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მათ მოველი დიდი ოპტიმიზმით - იმაზე ფიქრით, რასაც აქამდე მივაღწიეთ. ეს არჩევნები რთული იქნება, ეს არჩევნები მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ ეს არჩევნები სერბ ხალხს მისცემს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, რომელი გზით იაროს“.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა დიდად იქნება დამოკიდებული ბელგრადის ურთიერთობაზე კოსოვოსთან, სადაც ეთნიკური ალბანელების უმრავლესობამ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი კი კოსოვოს კვლავინდებურად მიიჩნევს სერბიის შემადგენელ ნაწილად. ბორის ტადიჩმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ საჭიროდ მიაჩნია, გაგრძელდეს კოსოვოსთან ევროკავშირის სპონსორობით დაწყებული დიალოგი: „გამოვთქვამ აზრს, რომ უნდა განვაგრძოთ ევროპაში ინტეგრაცია, კოსოვოში სერბიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. სერბია არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და განაგრძობს მოლაპარაკების პროცესს“.

ბორის ტადიჩის გადადგომის შემდეგ სერბიის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე სლავიკა დუკიჩ დეიანოვიჩი, რომელსაც ევალება აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადება. სერბიაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ტადიჩმა, ფაქტიურად, უკვე ორი ვადით იმუშავა პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ კანონი მას აძლევს უფლებას, მესამე ვადითაც წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, რადგან ის პირველად აირჩიეს 2004 წელს, როცა სერბია ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა ჩერნოგორიასთან ერთად.
XS
SM
MD
LG