Accessibility links

სკოლის ფორმის გარეშე დარჩენილი პაკისტანელი სასოწარკვეთილი ბიჭის ტრაგიკულმა ნაბიჯმა - მან თავი დაიწვა - შოკში ჩააგდო ყველა, ვინც ამ მოწაფეს იცნობდა. პატარა ბიჭის თვითმკვლელობა ცხადყოფს იმასაც, თუ რამდენად საჭიროებენ დახმარებას პაკისტანის პუშტუ რეგიონის ღარიბი ოჯახის ბავშვები.

როდესაც 13 წლის კამრან ხანმა შეიტყო, რომ მის ღატაკ მშობლებს მისთვის ახალი სასწავლო ფორმის შეძენა არ შეეძლოთ, ყმაწვილმა თავზე ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. კამრან ხანი 30 მარტს დაიღუპა. მას სხეულის 65 პროცენტი ჰქონდა დამწვარი, როდესაც მომაკვდავი ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანეს. კერძო სკოლის, მოჰმანდის განათლების აკადემიის დირექტორის შაკირულას თქმით, კამრან ხანი კლასში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თუმცა ერთ დღეს კამრანმა სკოლაში სიარული შეწყვიტა. მოგვიანებით კი დირექტორმა დაინახა, თუ როგორ აგროვებდა ბიჭი ჯართს ქალაქის გარშემო არსებულ ნაგავსაყრელებზე:

„მეოთხე კლასში, რაღაც მომენტში, მან სკოლას თავი დაანება. იგი ნაგავსაყრელ კოლექტორზე მუშაობდა. მივედი მასთან და ვთხოვე სკოლაში დაბრუნებულიყო. მან მიპასუხა, არ შემიძლია სკოლის გადასახადის გადახდაო. მაშინ ვთხოვე, რომ სკოლაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე დაბრუნებულიყო.“
მან მითხრა, არაფერი მაქვს ჩასაცმელიო და მთხოვა სკოლის ფორმა მეყიდა. შემდეგ კი თქვა, აბსურდია ჩემი ცხოვრებაო და თავი დაიწვა. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე მომენტი იყო...

13 წლის კამრან ხანის თვითმკვლელობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელსაც სიღატაკე იწვევს პაკისტანის სასაზღვრო ხაიბერ პაშტუნყვას პროვინციაში. ეს მხარე ლამის დაცარიელდეს მოსახლეობისგან, უმუშევრობისა და უიმედობის გამო. რეგიონის კერძო სკოლების - ისევე როგორც სახელმწიფო სასწავლებლების - მოწაფეები ვალდებულნი არიან თავად შეიძინონ სასკოლო ფორმა და სახელმძღვანელოები. მაგრამ ეს აღემატება ძალიან ბევრი ოჯახის შესაძლებლობას. კამრან ხანის მამაც, იჯაზ გული, წელებზე ფეხს იდგამდა. ის ოთხი თვის წინ ნასესხები ფულით საუდის არაბეთში წავიდა პილიგრიმად, რათა იქ არალეგალურად დარჩენილიყო და ოჯახი შორიდან მაინც ერჩინა, მაგრამ ხელი მოეცარა. ამასობაში, მთელი ოჯახი კისერზე დააწვა დედას, რომელიც თავს ძლივს ირჩენდა დამლაგებლად მუშაობით. მან ვერ შეძლო ახალი ფორმა, ტრადიციული თეთრი შარვალი - ქამიზი - ეყიდა თავისი შვილისათვის, რომელიც ერთხელ თავის მოკვლითაც კი დამუქრებია მას. როგორც კამრანის დედამ, შაჰანა ბიბიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისმა შვილმა სიცოცხლეზე ხელი ჩაიქნია:

„მან მითხრა, არაფერი მაქვს ჩასაცმელიო და მთხოვა სკოლის ფორმა მეყიდა. შემდეგ კი თქვა, აბსურდია ჩემი ცხოვრებაო და თავი დაიწვა. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე მომენტი იყო.“

13 წლის კამრან ხანის თვითმკვლელობა ორმაგად ტრაგიკულია დღეს, როდესაც ქვეყანაში ღარიბი მოწაფეების დახმარების კამპანია დაიწყო. ეს კამპანია 2015 წლამდე ხაიბერ პაშტუნყვას პროვინციაში 80 ათასი გაჭირვებული მოწაფის დახმარებას ითვალისწინებს. ბრიტანული პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 320 მილიონი ამერიკული დოლარია, მათ სწავლის ქირას დაფარავს და სტუდენტებს მცირე სტიპენდიით უზრუნველყოფს. მართალია, 13 წლის კამრან ხანისათვის პროექტს დააგვიანდა, მაგრამ ამ დახმარების პროგრამამ შეიძლება სულზე მიუსწროს მის ბედში მყოფ ათასობით სასოწარკვეთილ მოწაფეს პაკისტანის უკონტროლო რეგიონში, სადაც წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 17 პროცენტს შეადგენს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG