Accessibility links

„ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს იულია ტიმოშენკო


დღეს უკრაინაში პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო, ამერიკული ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობით. ორგანიზაციის წარმომადგენელის, დეიმონ უილსონის მონათხრობის თანახმად, ტიმოშენკო ისეა დაუძლურებული, რომ წამოჯდომაც კი უჭირს და დელეგაციის ვიზიტის დროს ის ლოგინიდან ვერ ადგა. უილსონი გამოთქვამს ეჭვს, რომ ტიმოშენკოს ციხეში საჭირო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. იულია ტიმოშენკოს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით აქვს მისჯილი, ხელისუფლებაში ყოფნისას ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით. აშშ და ევროკავშირი აცხადებდნენ, რომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მისი სასამართლო პროცესი კი სამართლიანი არ ყოფილა. ევროკავშირი გამოდის მოწოდებით, ტიმოშენკოს ციხის გარეთ, საავადმყოფოში უმკურნალონ.
XS
SM
MD
LG