Accessibility links

logo-print

პარლამენტი ბიძინა ივანიშვილზე მორგებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ამზადებს


ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სიბრტყეშიც გადაინაცვლოს. ასეთია პერსპექტივა, რომელსაც “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოს პარლამენტს სთავაზობს. დღეს, 5 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ მოძრაობის სახელით შევიდა ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციის 49-ე მუხლში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი პარლამენტის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, მათ შორის პარლამენტის წევრთა რაოდენობასა და არჩევის წესს. კონსტიტუციის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. დეპუტატის ასაკის 21 წლამდე შემცირების კონსტიტუციური კანონპროექტის ერთთვიან საჯარო განხილვას საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია უზრუნველყოფს. მოწონების შემთხვევაში, ამავე კომისიას დაევალება საზოგადოებრივი წარდგენა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ იმ ზემოხსენებული ინიციატივისა, რომელიც 49-ე მუხლის მეორე პუნქტს კიდევ უფრო განვრცობილ სახეს აძლევს:

”პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური უფლებით ისარგებლებს ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის საქართველოს მოქალაქე თუ აკმაყოფილებს ამ ცენზით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.”

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ექნება სრული საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ექნება ყველა ის პოლიტიკური უფლება, რომელიც გვაქვს ჩვენ ...
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის თანახმად, ამ კონსტიტუციური ცვლილების ძალით, პირი, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეობა, მოახერხებს ყველა პოლიტიკური აქტივობის განხორციელებას. კერძოდ, შეძლებს გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, როგორც კანდიდატმა; სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას; ლეგალურად დააფინანსოს პარტია და არჩეული იყოს ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ანუ კანონიერად მიაღწიოს ყველა გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს.

ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა საგანგებოდაა მორგებული ბიძინა ივანიშვილზე. ამ გარემოებას აღიარებს გიორგი თარგამაძეც, რომლის განმარტებითაც, საკონსტიტუციო ცვლილება ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებასა და პოლიტიკური პროცესების ესკალაციას აარიდებს, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, მოქალაქეს კი ასეთ პირობებში არჩევანის გაკეთებას გაუიოლებს.

ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივამ უკვე პოვა მოწონება მმართველ პარტიაში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი, ამბობს, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერენ და ამით დასრულდება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური წიაღსვლები და ინსინუაციები:

”ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ექნება სრული საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ექნება ყველა ის პოლიტიკური უფლება, რომელიც გვაქვს ჩვენ, მისი უფლებები არ იქნება შეზღუდული არანაირად. ამით საბოლოოდ წერტილი ესმება იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, - რომ მოქალაქეობის პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს აქტიურ პოლიტიკასთან.”

2004 წლის დასაწყისშივე, იანვარში, დავუპირისპირდი მე „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავზე მოერგო კონსტიტუცია ...
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საქართველოში საარჩევნო უფლების მინიჭების საკითხზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო დაუყოვნებლივ შეუდგება:

”იურიდიული კომიტეტი და კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებისას, ხვალიდან დაიწყებს მსჯელობას ამ საკითხზე. მე ვფიქრობ, რომ ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაციები სამართლებრივ პროცედურებთან, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.“

პავლე კუბლაშვილის ამ პათოსს არ იზიარებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი. იგი ამბობს, რომ კოალიცია წინააღმდეგია საქართველოს კონსტიტუციის ადამიანებზე მორგებისა და, კანონმდებლობით, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია უკვე საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს:

”2004 წლის დასაწყისშივე, იანვარში, დავუპირისპირდი მე „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავზე მოერგო კონსტიტუცია. ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ საკონსტიტუციო ცვლილებებს. არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას არავითარი საკონსტიტუციო ცვლილებები. გიორგი თარგამაძემ, ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის, მაგრამ ამ განცხადებით „გააპრავა“ მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილება.”

თავის მხრივ, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს:

”თუმც არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული საკანონმდებლი ინიციატივის მიღებისას მოხდეს დეტალების, წერტილ-მძიმეების ისე გადასმა-გადმოსმა, რომ, საბოლოო ჯამში, რაღაც სირთულეები კიდევ დარჩეს აღნიშნული საკითხის გარშემო.”

ამაზე კი „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში“ განგვიმარტეს, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლში შესატანი ცვლილების ძალით, ბიძინა ივანიშვილს სრული პოლიტიკური თავისუფლება ეძლევა, მათ შორის აქვს შანსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გახდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG