Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საპრეზიდენტო" არჩევნებამდე სამი დღით ადრე მეორე ტურში გასული კანდიდატები ისევ იმას ამტკიცებენ, რომ არაფერი აკავშირებთ ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის გარემოცვასთან. ყოველი გამოსვლისას დავით სანაკოევი, ისევე როგორც ლეონიდ თიბილოვი, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელია, თუმცა ცხინვალში ბევრს არ სჯერა, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფების თამაშს არ თამაშობენ. დავით სანაკოევმა, რომელსაც სულაც კოკოითის მემკვიდრედ მოიხსენიებენ, ამ ხმების გასაქარწყლებლად ცხინვალის მე–5 სკოლის ეზოში არსებულ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა საფლავებზე დაიფიცა. დაუჯერებს თუ არა მას ამომრჩეველი, ეს 8 აპრილს გამოჩნდება. რაც შეეხება თიბილოვს, ისიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან რაიმე სახის შეხება აქვს. გუშინ თიბილოვის მხარდამჭერთა შორის ანატოლი ბარანკევიჩიც გამოჩნდა. ალა ჯიოევას თანამებრძოლის მის ბანაკში გადასვლამ გაამყარა აზრი, რომ თიბილოვსა და ჯიოევას შორის ფარული შეთანხმება არსებობს. გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერი, რომელიც განმეორებით არჩევნებს არალეგიტიმურს და უკანონოს უწოდებდა, ახლა ხმას აღარ იღებს. ოსი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტისა და კრემლის მოხელეების მოქმედებამ ოსური საზოგადოება იმდენად გააღიზიანა, რომ მათთან რაიმე კავშირი დიდ კომპრომატად მიიჩნევა. მისი აზრით, იმის ნაცვლად, რომ კანდიდატები საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე საუბრობდნენ, მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან გამიჯნულები არიან.

მედიაცენტრ „ირის“ ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა ამბობს, რომ კანდიდატების პროგრამას ყურადღებას არც არავინ აქცევს, ამიტომ ეს არჩევნები კონკურსს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ არჩევნებს.

არჩევნების მეორე ტურის წინ ლეონიდ თიბილოვს სერიოზული უპირატესობა აქვს. პირველ ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე მეტი მიიღო, სანაკოევს კი დაახლოებით 25-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, თიბილოვს, რომელმაც ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიმხრო, გამარჯვება არც მეორე ტურში გაუჭირდება. ამასობაში რუსული საინფორმაციო საშუალებები დავით სანაკოევის განცხადებას აქვეყნებენ. მისი თქმით, მესამე პირები არჩევნებში უხეშად ერევიან და ვითარებას ხელოვნურად ძაბავენ. სანაკოევი არ აკონკრეტებს მესამე პირებში ვის გულისხმობს. იგი არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად დამატებითი მექანიზმები აამოქმედოს. სანაკოევი კომისიას სთავაზობს ყველა საარჩევნო უბანში ვიდეოკამერები დაამონტაჟოს ან დამკვირვებლებს და კანდიდატთა წარმომადგენლებს გადაღების საშუალება მიეცეთ. არჩევნებამდე სამი დღით ადრე სანაკოევი მოსალოდნელ დაძაბულობაზე ლაპარაკობს და საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG