Accessibility links

logo-print

პროტესტი ათენში თვითმკვლელობის შემდეგ


ათენი, 4 აპრილი: დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება პენსიონერის თვითმკვლელობის შემდეგ დაწყებულ აქციაზე

ათენი, 4 აპრილი: დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება პენსიონერის თვითმკვლელობის შემდეგ დაწყებულ აქციაზე

საბერძნეთში მოსახლეობის მკვეთრი რეაქცია და პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებები მოჰყვა ხანდაზმული მამაკაცის თვითმკვლელობას. 77 წლის პენსიონერმა ოთხშაბათს თავი მოიკლა ათენის ცენტრში, გამვლელების თვალწინ. როგორც ვარაუდობენ, ის სასოწარკვეთილი იყო სიდუხჭირით, რომელშიც აღმოჩნდა საბერძნეთის მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

ათენში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა 1500-მდე დემონსტრანტის დასაშლელად. აქციის მონაწილეები ქვებს და აალებად ყუმბარებს ისროდნენ საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან.

აქცია რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს დილით, ათენის ცენტრში, ხალხით სავსე სინტაგმის მოედანზე თავში ტყვია დაიხალა ხანდაზმულმა მამაკაცმა - 77 წლის პენსიონერმა. მის ვინაობას საჯაროდ არ ამხელენ. ცნობილია, რომ პენსიაზე გასვლამდე ის ფარმაცევტად მუშაობდა.

პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა წერილი დატოვა. საბერძნეთის მედია როგორც იუწყება, წერილში ნათქვამია, რომ პენსიონერს არ უნდოდა, ტვირთად ქცეულიყო შვილებისათვის. მედიაში გამოთქვამენ შეფასებებს, რომ პენსიონერი თვითმკვლელობამდე მიიყვანა მძიმე მდგომარეობამ, რომელშიც აღმოჩნდა საბერძნეთში მომჭირნეობის მკაცრი ზომების შედეგად. ამ ზომებს, როგორც ცნობილია, ახორციელებენ ქვეყნისათვის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა აქამდეც მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევდა ბერძნების დიდ ნაწილში. ახლა ზოგი ამბობს, რომ პენსიონერმა თავი კი არ მოიკლა, ის მოკლეს ამჟამინდელი პოლიტიკით - გადასახადების მომატებითა და შემოსავლების შემცირებით, ანუ ზომებით, რომლებსაც უცხოეთში მოითხოვენ საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მისაწოდებლად.

საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგიკული ინციდენტის გამო, მაგრამ დაუშვებლად მიიჩნევენ მის პოლიტიკურ საკითხად ქცევას.

სინტაგმის მოედანზე - იმ ადგილას, სადაც თვითმკვლელობა მოხდა - ბევრი ათენელი მივიდა თანაგრძნობის გამოსახატავად. მათ შორის იყო 68 წლის დიასახლისი, ზოე ციროგიანი: „სირცხვილია. ძალიან დიდი სირცხვილი. მის ადგილას შეიძლებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით, ჩვენი ოჯახის წევრები. ყველანი იქით მივდივართ, ყველა მივალთ თვითმკვლელობამდე. დღეს სააღდგომო პრემია მომცეს - 400 ევროს მაგივრად 180 ევრო! როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ფულით? ეს ჩემი პენსიაა“. ამ ათენელი ქალის მსგავსად, ასიათასობით ბერძენს შეუმცირდა ხელფასები და პენსიები, ბევრმა დაკარგა სამსახური...

საბერძნეთის ვალები, რომელთა გამოც მთავრობას საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად დაზოგვა უწევს, ასობით მილიარდ ევროს შეადგენს. ის ევროზონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებაზეა დამოკიდებული, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. აქამდე ევროზონასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამტკიცებული აქვთ ათენისათვის 240 მილიარდი ევროს მომცველი პაკეტების მიწოდება. არ გამორიცხავენ, რომ საბერძნეთში ფინანსური კრიზისის დასაძლევად, არც ეს იქნება საკმარისი...
XS
SM
MD
LG