Accessibility links

ავტორიტეტიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის IREX-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, მედიის მდგომარეობა საქართველოში მხოლოდ ”არამდგრადი შერეული სისტემის” კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ანგარიშში, სახელწოდებით ”მედიის მდგრადობის ინდექსი 2012”, რომელიც USAID-ის დაფინანსებით მომზადდა, საქართველოს 1.88 ქულა ერგო.

ადგილობრივი ჟურნალისტების, მედიის უფლებათა დამცველებისა თუ მედიაექსპერტების შეფასებების მიხედვით შედგენილი ანგარიში ამა თუ იმ ქვეყანას, მედიის მდგრადობის თვალსაზრისით, 5 კრიტერიუმის, ანუ 5 ”მიზნის” მიხედვით განიხილავს. ესენია: გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმი, ახალი ამბების მრავალფეროვნება, ბიზნესმენეჯმენტი და ინსტიტუტების ხელშეწყობა. სწორედ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულებით გამოითვლება საშუალო მაჩვენებელი და ქვეყნებიც სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით ერთიანდებიან ამა თუ იმ ჯგუფში.

რეგიონების მიხედვით დაყოფილ ანგარიშში, რომელიც, საერთო ჯამში, 80 ქვეყანას აერთიანებს, საქართველოს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ჯგუფში ვხვდებით, სადაც მასთან ერთად კიდევ 20 ქვეყანაა გაერთიანებული - ხორვატიიდან ყაზახეთამდე.

ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ბელორუსიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში და ეს მდგომარეობა ძირითადად ამ ქვეყნების მთავრობათა მხრიდან გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების საყოველთაო შეზღუდვებს მიეწერება. ხორვატიამ, ამ კვლევის მიხედვით, უმაღლესი ქულები დაიმსახურა. ყირგიზეთი, პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, ცენტრალურ აზიაში ლიდერის როლს დაუბრუნდა. კავკასიის ქვეყნებში კვლავაც ლიდერობს სომხეთი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ის, როგორც უკვე ვთქვით, ”არამდგრადი შერეული სისტემის” მქონეთა რიგში მოხვდა. თუმცა, თავისი 1.88 ქულით, საქართველო ახლოს დგას ”თითქმის მდგრადი” მედიასისტემის მქონე ქვეყნების ჯგუფთან, რომლის შეფასებაც 2 ქულით იწყება. ჯგუფში, სახელწოდებით ”მდგრადი”, 21 ქვეყნიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა, რადგანაც 3-დან 4-მდე ქულა ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დაიმსახურა.
რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ მედიასექტორში, არის ის, რომ ყველა პოლიტიკური მხარე ცდილობს ჰქონდეს საკუთარი მედიასაშუალება მოიზიდოს დიდი აუდიტორია ...

დავუბრუნდეთ საქართველოს. IREX-ის ანგარიშში, სახელწოდებით ”მედიის მდგრადობის ინდექსი 2012”, აღწერილია ყველა ის მოვლენა, რომელმაც საქართველოში 2011 წლის განმავლობაში მიიპყრო ყურადღება: იქნება ეს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე, ჟურნალისტების საქმიანობის შევიწროება 26 მაისის აქციების დროს თუ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებული ხმაური, ეროსი კიწმარიშვილის კედელზე გადაძრომის ჩათვლით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მედიაბაზარი ამჟამად არაერთი ფაქტორის გამოა პრობლემური - იქნება ეს პოლიტიკური სპონსორობა, ნეპოტიზმი თუ შემოქმედებითი ბიზნესიდეების ნაკლებობა.

რეგიონის ქვეყნებისთვის საერთო და მეტად მწვავე პრობლემა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წლევანდელ კვლევაში - ეს მედიასაშუალებებზე პოლიტიკური კონტროლის ზრდაა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის მენეჯერი მათიას ჰუტერი ყველაზე დიდ პრობლემად მედიის პოლარიზებას მიიჩნევს - მისი თქმით, ”ნაწილი სახელისუფლებო, ხოლო ნაწილი - ოპოზიციურ გუნდშია.” დიდწილად სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს მათიას ჰუტერი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის საკითხსაც, რადგანაც პოლიტიკურად მიკერძოებულ მედიასაშუალებებში ჟურნალისტები თავიანთი თავისუფალი აზრის გამოხატვას ვერ ახერხებენ. მათიას ჰუტერი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ შეიკავოს თავი მედიაზე გავლენის მოხდენისგან:

”რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ მედიასექტორში, არის ის, რომ ყველა პოლიტიკური მხარე ცდილობს ჰქონდეს საკუთარი მედიასაშუალება მოიზიდოს დიდი აუდიტორია და ფართოდ გაავრცელოს საკუთარი მესიჯები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მეტად მცდარი პოლიტიკური კულტურაა. პოლიტიკურმა მხარეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მედია დამოუკიდებელი უნდა იყოს და ის არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე პოლიტიკურ მხარეს.”

პოლიტიკური ძალების ცდუნებაზე, რომ ზეგავლენა მოახდინონ მედიასაშუალებებზე და განსაკუთრებით - ტელემაუწყებლებზე, რადიო თავისუფლებასთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაურიც ლაპარაკობს. თუმცა ასეთი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა, მისი განმარტებით, თავად მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ:

”პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ ესა თუ ის ტელევიზია მორგებული იყოს მათ ინტერესებზე. მე ახლა ზოგადად ოპოზიციურ პარტიებზე ვლაპარაკობ, შეგნებულად არ მინდა, რომ ხელისუფლებაზე ან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე ვილაპარაკო. ასეთი მისწრაფებები პოლიტიკოსებს ზოგადად ყველგანა აქვთ, ალბათ... მაგრამ მასმედიის ამოცანაა, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება.”

ძალიან მცირეა შანსები, რომ დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა სარეკლამო გაყიდვები გაზარდონ. ხოლო როცა საბაზრო გზით მოპოვებულ, დამოუკიდებელ ფინანსებზე არ მიუწვდება ხელი ...
როგორ უნდა მოხერხდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც, მედიაექსპერტების შეფასებით, რეალურად არსებობს მედიის დაფინანსების პრობლემები?

ასეთ გამოსავლად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტის მენეჯერი მათიას ჰუტერი მიიჩნევს ამა თუ იმ მედიასაშუალების მიერ ისეთი ბიზნესმოდელის შემუშავებას, რომელიც მას დამოუკიდებელი ფულის მოზიდვის საშუალებას მისცემს. თუმცა ეს იოლი საქმე არ არის. მათიას ჰუტერის განმარტებით: ჯერ ერთი, წარმატებული ბიზნესმოდელის შემუშავება მხოლოდ ძლიერი მენეჯმენტის პირობებშია შესაძლებელი და მეორეც - საქართველოს მცირე სარეკლამო ბაზარი საკმარისი არ არის საქართველოში მოქმედი მრავალრიცხოვანი მედიასაშუალებისთვის. ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა - სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზების პრობლემა, რომლის შესახებაც ხშირად საუბრობენ მედიაექსპერტები და რომელზეც IREX-ის ახალ ანგარიშშიც მახვილდება ყურადღება.

ხსენებულ ფაქტორზე, რომლის გამოც სარეკლამო შემოსავალი ძირითადად ნაციონალური ტელეარხებისკენ მიემართება, რადიო თავისუფლებასთან ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილიც ლაპარაკობს, თუმცა რეკლამის ხელმიუწვდომლობის კონტექსტში ის გამოყოფს კიდევ რამდენიმე ფაქტორს, როგორიცაა, მაგალითად, ”არათავისუფალი ბიზნესი” და ”პოლიტიკურად მკაცრი ხელი”.

”შესაბამისად, ძალიან მცირეა შანსები, რომ დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა სარეკლამო გაყიდვები გაზარდონ. ხოლო როცა საბაზრო გზით მოპოვებულ, დამოუკიდებელ ფინანსებზე არ მიუწვდება ხელი, ძალიან უჭირს არსებობა თავისუფალ ტელევიზიას. ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად მოექცევა ან ხელისუფლების გავლენის ქვეშ, ან სხვა პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ და ან იქნება ძალიან რთულ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არის ჩვენი ტელევიზია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ჯანგირაშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG