Accessibility links

logo-print

რუსეთი აშშ-ს იარაღით მოვაჭრისთვის გამოტანილი განაჩენის გამო აკრიტიკებს


რუსეთმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის მიერ ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტისთვის გამოტანილი განაჩენი და მას „უსაფუძვლო და მიკერძოებული“ უწოდა. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სასამართლო სისტემას ბრალს სდებს „აშკარა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში“ და „ადვოკატების არგუმენტების იგნორირებაში“, ბუტის დამნაშავედ ცნობით და მისთვის განაჩენის გამოტანის გზით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი რაც შესაძლებელია, ყველაფერს გააკეთებს ბუტის რუსეთში დასაბრუნებლად და საამისოდ გამოიყენებს „ყველა საერთაშორისო ლეგალურ მექანიზმს“. ბუტს, რომელიც „სიკვდილის ვაჭრის“ სახელით არის ცნობილი, ხუთშაბათს 25 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა - მას შემდეგ, რაც ნოემბერში მას შეთქმულებაში მონაწილეობის ოთხი ბრალდება დაუმტკიცდა. ბუტის ადვოკატი, ალბერტ დაიანი აცადებს, რომ განაჩენი გასაჩივრდება. ადვოკატი განაჩენს „უკანონოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის „შურისძიებას და პირად პოლიტიკას“ ეფუძნება.
XS
SM
MD
LG