Accessibility links

logo-print
”საკონსტიტუციო ცვლილება - ხელისუფლების უკან დახევა თუ ”მაგარი ბიჭობის” დემონსტრირება” - სტატიას ამ სათაურით 6 აპრილის გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს და ის ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმის ფაქტს ეხმაურება. როგორც ცნობილია, სამოქალაქო რეესტრის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ ”ქრისტიან-დემოკრატებმა” მოითხოვეს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენას ითვალისწინებს. ხელისუფლება ამ ინიციატივას მხარს უჭერს, გაზეთი კი კითხვას სვამს: ”არის თუ არა ეს ხელისუფლების უკან დახევა და ვისთვის არის ის მომგებიანი?“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ”რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში ცვლილებები ყოველ წუთს, ფორსმაჟორით შედიოდეს: ”ნახევარი საქართველო ორმაგი მოქალაქეა, ბულგარეთის პრემიერიც გახდა საქართველოს მოქალაქე და რა გამოდის, ნებისმიერ უცხოელს, შეუძლია ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდეს? ეს ბევრ უცხოელ ავანტიურისტსაც გაუხსნის გზას. ამიტომ ერთი ადამიანის გამო ჩემთვის კონსტიტუციის ცვლა მიუღებელია”. მისი კოლეგა სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ”ქრისტიან-დემოკრატების” იდეა ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული იყო და ხელისუფლება ამ ნაბიჯით შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ”მაგარი ბიჭები” არიან და მათი მომრევი არავინაა.

ივანიშვილის საკითხს ”რეზონანსი ” კიდევ ერთ სტატიაში უბრუნდება, რომელშიც ”ქართული ოცნების” ლიდერის და დიპლომატების შეხვედრაზეა საუბარი. როგორც ცნობილია, ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ხელისუფლებას მოუწოდა ”ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი სწრაფად და კანონის წინაშე თანაწორობის პრინციპის დაცვით გადაეწყვიტა”.

”რეზონანსს” პირველ გვერდზე გამოაქვს სტატია საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ, გაეროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ჩვილთა სიკვდილიანობის მხრივ საქართველო მსოფლიოში 113-ე ადგილზეა 194 ქვეყნიდან. ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა, მედპერსონალის კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე - ექსპერტები სავალალო სტატისტიკის მიზეზად სწორედ ამ სამ ფაქტორს ასახელებენ.

6 აპრილის გაზეთი ”ახალი თაობაც” ბიძინა ივანიშვილის წინა დღის განცხადებებს ეხმაურება და სათაურად მისივე სიტყვები გამოაქვს: ”21 აპრილს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, პარტიას დავაფუძნებ”. ”ახალი თაობა” კვლავ ეხმაურება ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”ლიდერის, გოგი თოფაძის ივანიშვილთან თანამშრომლობის თემას. თოფაძე გაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ შეეცდება ნინო ბურჯანაძეს ივანიშვილთან უშუამდგომლოს: ” მართალია, წარსულში მას რაღაც შეცდომები ჰქონდა, მაგრამ მომავალში მასთან თანამშრომლობაზე უარს არ ვიტყოდი. მას გვერდით კარგი ხალხი ჰყავს, შევეცდები მას ივანიშვილთან ვუშუამდგომლოო”, აცხადებს თოფაძე. გაზეთი კი ასკვნის, თოფაძის ინიციატივამ შესაძლოა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელიო.

”შეიარაღებული ჯგუფები შიდა ქართლშიც იქმნება”, - წერს გაზეთი ვერსია”. გამოცემა აქვეყნებს ინტერვიუს დევნილ ნინო მაისურაძესთან, რომელიც ამბობს, სოფლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას რეზერვში აწევრიანებენ და ამ პროცესს, მისი თქმით, დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობს. გაზეთი ეხმაურება მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილი მსახიობების საპროტესტო აქციას. მსახიობები თეატრში არსებული უკანონობის შესახებ ლაპარაკობენ. მათი თქმით, მსახიობების გათავისუფლების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ უარი არ განაცხადეს ბიძინა ივანიშვილისგან ფულადი დახმარების მიღებაზე, რადგან სწორედ ეს თანხა იყო მათი ოჯახების საარსებო წყარო თეატრში არსებული უხელფასობის პირობებში. თეატრის 40 თანამშრომელი აქციების გამართვას კვლავაც აპირებს, წერს ”ვერსია”.

გაზეთი „24 საათი“ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ ბავშვის ცემის ფაქტს ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში მიმავალ მოსწავლეს ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო უპოვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და მისი ეფექტური გამოძიება მოითხოვა.

„24 საათიც“ ბეჭდავს შეფასებებს ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ და გვთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოკა გაბაშვილის მოსაზრებას, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არა აქვს და ამ საკითხით სპეკულაციები მალე დასრულდება.

დაბოლოს, 6 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკა“ წერს, რომ, პარტიის ”განახლებული საქართველოსთვის” ინიციატივით, თვის ბოლოს თბილისსა და ზუგდიდში დევნილთა მასშტაბური აქციები იგეგმება, რომელშიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG