Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუბა ხოტივარი - კინორეჟისორი


25 მარტი, კვირა
ორი დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დღე და წმიდა დიმიტრი თავდადებულის ხსენების დღე. 25 მარტს მოკვეთეს თავი ურდოში დიმიტრი თავდადებულს.

თავის დროზე, 1980 წელს, დიმიტრი თავდადებულზე ფილმი გადავიღე - ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გაწირა. როგორ მინდა, სულ ასეთი ფილმები გადავიღო, რაც შეიძლება მეტი... რამდენი სცენარი მაქვს, რამდენი ჩანაფიქრი! ქართული კინო დღეს ჩიხშია. გამოსვლა არის საჭირო ამ ჩიხიდან. გამოვალთ, ეჭვი არ მეპარება.

თავში სულ ერთი სცენარი მიტრიალებს, ერთი ამბავი. სოლოლაკში ვცხოვრობდი ძველ, იტალიურ ეზოში. ძალიან კარგი მეზობლები მყავდა, ძალიან საინტერესო ხალხი - გვარად დუმბაძეები. ცხოვრობდნენ სულ ზემოთ, მეოთხე სართულზე. შვილი ჰყავდათ დაკარგული ჯარში. 1955 წელი იყო უკვე - არ იცოდნენ, ეგლოვათ თუ რა ექნათ. მიღებული ჰქონდათ ბარათი «Пропал без вести». ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად - ღამეს, ჩვენს სახლს მოადგა მანქანა - Черная воронка („შავ ყვავს“ ვეძახდით). რამდენიმე ოფიცერი ავიდა მათთან სახლში და ხანში შესულ ცოლ-ქმარს უთხრეს: „თქვენ დაპატიმრებული ხართ! ციმბირში უნდა გაგასახლონ, რადგან მოღალატეები ხართ მთელი ოჯახი. თქვენი შვილი ამერიკაშია. ბიზნესმენია. მან სამშობლოს უღალატა!“

რაო, ჩემი შვილი ცოცხალიაო?! - წამოიყვირა დედამ. შენ გენაცვალე, შენი ჭირიმეო, - დაეტაკნენ ეს მშობლები ოფიცერს. გადაეხვივნენ და გადაკოცნეს, სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდნენ. დაიბნა ეს ოფიცერი - მას ხომ ეს ხალხი დასაპატიმრებლად მიჰყავდა!

„ვენაცვალე ჩემს შვილს, ვენაცვალე! მაგრამ მოღალატე ყოფილა!“, - ხუმრობით იმეორებდა მამა. ამოიღეს ღვინო და დაპატიმრების წინ დალიეს თვითონაც და ამ „კონვოისაც“ დაალევინეს. მერე კი წავიდნენ. მედოლე იყო ეს კაცი, ანსამბლში უკრავდა, და როცა კიბეზე ჩამოჰყავდათ, მღეროდა და მეზობლებს ეუბნებოდა: „მეზობლებო ცოცხალია ჩემი გიორგი, ცოცხალია! ამერიკაშია!“ ჩასვეს ცოლ-ქმარი შავ მანქანაში და წაიყვანეს. მას მერე ისინი არავის უნახავს...

აი, ასეთი პატარა ფილმის გადაღება მინდა. მოულოდნელი ფილმი იქნება ძალიან, საინტერესო - „დაპატიმრება ქართულად“, ასე ვთქვათ.
თავისუფლების დღიურები - ბუბა ხოტივარი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:29 0:00
გადმოწერა

26 მარტი, ორშაბათი
სულ კინოზე ვფიქრობ. აბა, რაზე უნდა ვიფიქრო? კინოსტუდია გაიყიდა. ჩვენს თვალწინ, თვალსა და ხელს შუა გაიყიდა. ეს დიდი დანაშაულია. დასასჯელია, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ამ დღემდე მიიყვანა ქართული კინო.

ამას წინათ პარლამენტარებს შევხვედი. მკითხეს, რას ფიქრობთ ქართულ კინოზეო. ასეთი შედარება მოვიყვანე და, სხვათა შორის, დამეთანხმნენ: ქვეყანაში ერთდროულად იყოს ცოცხალი და ახალგაზრდა პელე, მარადონა, ზიდანი, პლატინი, მიხეილ მესხი, მესი, დავით ყიფიანი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა - ძალიან დიდი ფეხბურთელები - და ქვეყანას არ ჰყავდეს საფეხბურთო გუნდი? ეს ხომ არის დანაშაული? დღეს საქართველოს მსოფლიო დონის რამდენიმე რეჟისორი ჰყავს. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ მუშაობა და კარგი ფილმების შექმნა: მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ იოსელიანი, ძმები შენგელაიები, მიხეილ კობახიძე, რეზო ესაძე... რა უნდა რეზო ესაძეს ტრიბუნაზე? არ მესმის. მისი ადგილი კინოშია. უბრალოდ, კინოს ვეღარ იღებს და ამიტომ გაიქცა - ყვირის ტრიბუნიდან. ნანა ჯორჯაძე არის, ნანა ჯანელიძე არის... საშა რეხვიაშვილი - მსოფლიო დონის კინორეჟისორები! პარლამენტარებმა ცხვირები ჩამოუშვეს და თქვეს, აუცილებლად გავატარებთო რეფორმასო.

რაც უფრო მალე გაატარებთ, მით უკეთესი!

27 მარტი, სამშაბათი
მამაჩემმა მისაყვედურა სიზმარში: ვერ ვისვენებ - რა უქენით ქართულ კინოს, რატომ დაშალეთო?.. ამ ბოლო დროს, რაც სიბერეში შევდივარ, მამაჩემი სულ უფრო ხშირად მახსენდება. სხვანაირი კაცი იყო, ძველი სპორტსმენი - ფეხბურთს თამაშობდა. მან და ანდრო ჟორდანიამ ქუთაისში ფეხბურთის გუნდი ჩამოაყალიბეს. მერე მამაჩემმა მენისკის ტრავმა მიიღო ხარკოვში. სულ ხუმრობდა, პირველი მენისკი ვარ საქართველოშიო!

ერთხელ შეხვდა სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს (სიხარულიძე იყო, თუ არ ვცდები) და უთხრა: საქართველოში პირველი მენისკი ვარ და პირველს ყველაფერს ძეგლი უნდა დაედგასო; ჰოდა, ჩემი მენისკის ძეგლი უნდა დადგათ სტადიონზეო! ამას ისეთი სერიოზული სახით ეუბნებოდა, რომ სიხარულიძე დაბნეულა: ნუთუ ამხელა კაცი, ეს უხუცესი რეჟისორი, სპორტსმენი, ამას სერიოზულად მოითხოვსო?! პანიკაში ჩავარდა. საჩივარს დავწერ, რომ თქვენ ჩემი მარცხენა მუხლის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი ხართო, არ ეშვებოდა მამაჩემი...

საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა. ერთხელ, ხევსურეთში ყოფნისას, ერთ ოჯახში, ძალიან ლამაზი ფარდაგი ვნახე და მასპინძელს ვთხოვე, ის ჩემთვის მოეყიდაო. ძალიან იაფი დამიფასა და მეც იქვე ამოვიღე ფული და გადახდა დავაპირეო. მაგრამ ხევსურმა, მაცალე ორი-სამი დღეო. ვიფიქრე, ალბათ, მეტი უნდაო; მეტი და მეტი შევთავაზე, მაგრამ მაინც უარზე იყოო. ბოლოს მომიტრიალდა და მითხრაო: ამ ფარდაგს რომ ვუყურებ, ვისვენებო; ფარდაგი რომ არ მექნება, ვეღარ დავისვენებო.

ეს არის ამბავი, რომელიც ხელოვნების მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. აი, რა ძალა აქვს ხელოვნებას! ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ ხელოვნებასთან არის ახლოს, მის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება.

28 მარტი, ოთხშაბათი
ისევ პანიკაში ვარ. არ ვიცი, რაშია საქმე. თუმცა, ვიცი - დაიწყეს სახელოვნებო უნივერსიტეტების გაერთიანება. არც კი ვიცი, ეს რას გამოიწვევს. მაინც იმედი მაქვს, რომ პანიკა მეტია, ვიდრე რეალური საშიშროება. მგონი, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, ამ ბოლო დროს გამოჩნდა ხალხი, რომელიც ამტკიცებს: „რა საჭიროა პროფესიონალები, რა საჭიროა ინსტიტუტები, უნივერსიტეტები? კინოს პროფესია, მსახიობის პროფესია შეიძლება ისწავლო პირდაპირ მუშაობის დროს.“ ეს მართლა არაპროფესიონალი ხალხის ნათქვამია. თეორიისა ცოდნისა და საკითხის სერიოზული შესწავლის გარეშე...

შოთა რუსთაველის ფრაზა ჩავიწერე: „ნუგეშის ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასაც მიწვრთიხარ, იწვართე, გკადრო - უწვრთნელი ვირია“. რუსთაველს ესმოდა, რომ უწვრთნელი კაცი, უსწავლელი კაცი, ვირივით ჩლუნგია. რაც შეეხება ჩვენს უნივერსიტეტს, მას ძალიან დიდი ტრადიციები აქვს. ლამის არც ერთი სტუდენტური ფესტივალი ისე არ ჩაივლის, ქართველებმა რომ არ გაიმარჯვონ. მწირი აპარატურით, უხეირო კამერებით, ცუდი შტატივებით იზრდებიან შესანიშნავი ოპერატორები, რეჟისორები, დრამატურგები. სულ იმარჯვებენ, ყველა ფესტივალზე - გინდა ამერიკაში, გინდა იტალიაში, გერმანიაში, იაპონიაში...

ამ დღეებში მოლდავეთში მივდივარ. 1 აპრილს უნდა წავიდე და წინასწარვე ვიცი (არაერთ ფესტივალზე ვყოფილვარ), რომ ერთხმად მეტყვიან უცხოელები: რა ცუდი ტექნიკა გაქვთ და რა მაღალი დონის შემოქმედებაო! პროფესიონალი ძალიან კარგად ხედავს, რომ შენ ცუდი კამერით იღებ, მაგრამ ხედავს იმასაც, რომ შემოქმედება გაქვს ძალიან მაღალ დონეზე. ერთადერთი, რაც გვჭირდება (და გვჭირდება ძალიან!), არის ფინანსები იმისათვის, რათა სტუდენტებისთვის შევიძინოთ მაღალხარისხოვანი აპარატურა, სამონტაჟო, შტატივები. მათი განათლების საქმეში უნდა ჩავაბათ ჩვენი შესანიშნავი ოპერატორები, რეჟისორები, დრამატურგები - ყველა უნდა ჩავაბათ ამ საქმეში, რადგან კინო, საქართველოსთვის მაინც, სტრატეგიული დარგია. ფრანგებისთვისაც სტრატეგიულია, იტალიელებისთვისაც... ამერიკელებისთვის ხომ ყველაზე მთავარი დარგი, შეიძლება ითქვას, ჰოლივუდია!

კინოს რომ ამერიკისთვის შემოსავალი მოაქვს, ბევრი სხვა დარგი ვერ დაიკვეხნის! ან კიდევ რომელი დარგი უკეთებს ამერიკას ასეთ რეკლამას?! ამერიკამ მთელს მსოფლიოს თავი რომ შეაყვარა, კინოს დამსახურებაა. ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ, მით უმეტეს, რომ საამისოდ ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი მოგვეპოვება.

29 მარტი, ხუშთაბათი
დილით ჩემი შვილები მეჩხუბნენ და გაიქცნენ. იმიტომ მეჩხუბნენ, რომ ვერ მოასწრეს დროულად ადგომა და იყო ერთი ამბავი!

შთამომავლობით ჩვენ კინემატოგრაფისტები ვართ. მამაჩემი, ჩემი ძმა, მე, ჩემი ბიძაშვილები - ყველანი კინოში ვმუშაობთ ან ვმუშაობდით - კინორეჟისორები ვართ. ჩემი ოთხი შვილიდან არც ერთი არ არის კინორეჟისორი და კინო არც ერთს არ უნდა. მაინცდამაინც არც დამიძალებია მათთვის, გინდა თუ არა, კინოში უნდა წახვიდეთ-მეთქი... თითქოს კმაყოფილიც ვიყავი, სხვა გზას რომ დაადგნენ. ერთი იურისტია, მეორე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს და ასე შემდეგ. მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ გულის სიღრმეში ეს არ მსიამოვნებს. მინდა, რომ ერთ-ერთი ჩემი შვილი მაინც გაჰყვეს კინოს - მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ვამბობ, არ მინდა, კინოს გაჰყვეს-მეთქი. რატომაც არ მინდა?! მაგრამ ეს ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული! თვითონ თუ მოინდომეს, კი ბატონო. თორემ კინო არის ხელოვნება, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოდის ნამდვილი და ნაღდი, როცა მისი ერთგული ხარ. და ჯოჯოხეთია მაშინ, როცა ის არ გიყვარს. კინო არის ბედნიერება, როცა ის გიყვარს - მთელი თავისი სირთულეებით...

იმედი მაქვს, ერთ-ერთს მაინც გაეღვიძება ეს გენეტიკური მიდრეკილება კინოსკენ. თუმცა, საქმეს საამისო პირი ჯერ არ უჩანს.

30 მარტი, პარასკევი
მთელი დღე უნივერსიტეტში ვიყავი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ნელ-ნელა ლაგდება, თითქოს, საქმე.

დაღლილი მოვედი შინ. ეზოში მეზობელი შემხვდა და მითხრა: „რა ხდება, ბუბა, როგორ არის საქმე? მოვლენ ჩვენები?“ - მე გავჩერდი. თვითონვე მიპასუხა: „თუ ჩვენები არ მოვლენ, მაშინ ჩვენები მოვლენ!“ ასე ვთქვათ, ორივე შემთხვევაში „ჩვენები“ მოდიან. ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს იმისა, რომ რაღაც შეიცვლება. ცხადია, კარგისკენ! ბევრი ცვლილება კარგისკენ უკვე დღესვე შეინიშნება. ყოველ შემთხვევაში, მე იმედიანად ვარ. ჩემს პროფესიაში მომზადებულია ძალიან კარგი რეფორმა. ახლა ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს. მართალია, ეს საქმე უკვე რამდენიმე წელიწადია, ყოვნდება, მაგრამ იმედია, რომ ამ ზაფხულს რეფორმა გატარდება და ქართული კინო აღორძინებას დაიწყებს.

31 მარტი, შაბათი
დილიდან ვეღარაფერზე ვფიქრობ ფეხბურთის გარდა. ჩვენი ახალგაზრდები თამაშობენ უკრაინასთან, ჩვიდმეტწლამდელები. შესანიშნავად ითამაშეს ესპანელებთან, მსოფლიო ჩემპიონებთან - 1:1! მერე მოუგეს ინგლისის ნაკრებს, მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონებს ახალგაზრდებს შორის. მოკლედ, შესანიშნავად ითამაშეს ამოდენა გრანდებთან! დარჩათ უკრაინა. თუ უკრაინასაც მოუგეს, ფინალში გავლენ...

ძალიან დიდი მიღწევა იქნება. რა-რა და, ქართველებმა ვიცით ფეხბურთის თამაში. ოღონდ, აქაც ორგანიზაციაა საჭირო.

სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ - ვერც კინოზე, ვერც ოჯახზე, ვერც სამშობლოზე. ვერაფერზე! მხოლოდ - ფეხბურთზე! გამარჯვების იმედი მაქვს.

...ჩემი იმედი გამართლდა - საღამოს უკრაინასაც მოვუგეთ და მაისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ვითამაშებთ! რას გაიხარებდა მამაჩემი!..
XS
SM
MD
LG