Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


5 აპრილს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა ვრცელი სტატია, სათაურით „ფილანტროპიდან ხალხის მტრამდე საქართველოში“. წერილი, რომლის ავტორია ელენ ბარი, ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გეგმებს. „ბატონმა ივანიშვილმა, განმარტოებით მცხოვრებმა ფილანტროპმა, რომელსაც პრეზიდენტმა გრაფი მონტე კრისტო უწოდა, საქართველოს პოლიტიკური სივრცე შეარყია ოქტომბერში გაკეთებული განცხადებით, რომ თავის კაპიტალს გამოიყენებს მთავრობასთან დაპირისპირებისა და თავისი პოლიტიკური გეგმების დაფინანსებისთვის. ეს შოკის მომგვრელი გამოწვევა იყო ბატონი სააკაშვილისთვის, რომელიც რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ პოლიტიკაში კომფორტულად ფლობდა დომინანტურ პოზიციას. მთავრობამ დაუყოვნებლივ გადადგა ნაბიჯები ივანიშვილის გასაჩერებლად“. სტატიაში აღწერილია ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ კვირაში მიღებული გადაწვეტილების ჩათვლით, რომლის თანახმადაც ივანიშვილს უარი ეთქვა მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე. ელენ ბარი განაგრძობს: „ხუთშაბათს, გვიან საღამოს, მთავრობის პოზიცია, როგორც ჩანს, შერბილდა - კანონმდებლებმა წამოაყენეს კონსტიტუციის შესწორების წინადადება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“. ჟურნალისტი წერს „ქართუ ბანკის“ მიმართ გატარებულ ზომებზეც და იმ შეზღუდვებზეც, რომლებიც მთავრობამ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებაზე დააწესა. სტატიაზე მუშაობის პროცესში ელენ ბარი გასაუბრებია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას, რომელსაც უთქვამს, რომ ბატონ ივანიშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა ხმების მოსყიდვის პერსპექტივა არ აშინებს, თუმცა მისი ქონების შეუზღუდავი ხარჯვა ზიანს მიაყენებს „პოლიტიკურ პროცესს, როგორც ასეთსო“. არადა, ბოკერიას აზრით, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია ის-ის იყო იწყებდა ჯანსაღი პრაქტიკის დამკვიდრებას - მაგალითად, არჩევნებში წაგების აღიარებას. „ახალი პოლიტიკური კულტურა ყალიბდებოდა, რაც იმასაც ითვალისწინებდა, რომ პარტიები თავად უნდა დამდგარიყვნენ ფეხზე. ახლა კი თვალსაწიერზე ეს ფინანსური თვალსაზრისით უზარმაზარი ფიგურა გამოჩნდა“, - ამბობს ბოკერია და განაგრძობს: „ახლა ეს ჯგუფები მხარდაჭერის მოპოვებას აღარ ცდილობენ. მთავარი ეს დიდი ოლიგარქი კაცია - ის განსაზღვრავს პროცესებს და მუსიკასაც ის უკვეთს“. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ მთავრობა ივანიშვილს რუსეთის ინტერესების გატარებაშიც სდებს ბრალს და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებად რუსეთში ივანიშვილის მასშტაბური კაპიტალი, 1,1 მილიარდი დოლარის მოცულობის ჰოლდინგები მოჰყავს. „ბატონი სააკაშვილი ივანიშვილს სახელით იშვიათად მოიხსენიებს, თუმცა მის შესახებ მინიშნებებს ხშირად აკეთებს და გამოდის გაფრთხილებებით „ახალი პოლიტიკური ძალების“, „სიბნელის ძალების“ და რუსული კაპიტალის შესახებ“, - ვკითხულობთ სტატიაში. შემდეგ ელენ ბარი განაგრძობს: ამის პასუხად ივანიშვილის მიერ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი სამთავრობო სტრატეგიის გატარება იყო - ვაშინგტონში ლობისტების დაქირავება, რათა მათ ინფომაცია გაავრცელონ ივანიშვილის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებო. „ივანიშვილის პოლიტიკური პლატფორმა ბუნდოვანი და, გარკვეულწილად, გრანდიოზულია. ის აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ოფისს ორ წელიწადში დატოვებს და რომ ეს პერიოდი საკმარისია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად და, მისი თქმით, „ელიტური კორუფციის“ აღმოსაფხვრელად“, წერს ჟურნალისტი და განაგრძობს: „შეკითხვას,დაპირისპირება ქუჩის აქციებში ხომ არ გადაიზრდება, ის მშვიდი თავდაჯერებულობით პასუხობს: „მე რომ ქუჩაში გავიდე, შემიძლია სამ წუთში 100,000 ადამიანი შევაგროვო, მაგრამ არ მსურს ამის გაკეთება“, - პასუხობს ივანიშვილი ჟურნალისტს და განაგრძობს: „ეს არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ, თუ გაყალბება იქნება, ჩვენს ხმებს დავიცავთ“.

2 აპრილს „მოსკოუ ტაიმსმა“ დაბეჭდა ჟურნალისტ პოლ რიმპლის სტატია, სათაურით „არ დაუჯეროთ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს“. წერილში საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ს - მიერ ახლახან ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომლის თანახმადაც ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის თითქმის ნახევარი უჭერს მხარს, ბიძინა ივანიშვილის პარტიას კი რესპონდენტთა მხოლოდ 10 პროცენტი მიემხრო. თუმცა ჟურნალისტი თვლის, რომ შესაძლებელია ხალხს თავიანთი რეალური შეხედულებების გამოხატვა შიშის გამო არ შეეძლოს. „რეგიონებში ხალხი ამბობს, რომ ეშინია სააკაშვილის მთავრობის ღიად გაკრიტიკების. ვინც მუშაობს, სამუშაოს დაკარგვას უფრთხის. მცირე ბიზნესების მფლობელებს საგადასახადო პოლიციის მხრიდან ვიზიტის ეშინიათ. კარებზე როცა უცხო ადამიანი დაუკაკუნებთ, ხელში საქაღალდით და შეკითხვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმასო, შესაძლოა ის უპასუხონ, რისი გაგონებაც, მათი აზრით, სურს ამ უცხოს, ან შესაძლოა იმ 10 პროცენტში მოხვდნენ, რომლებმაც პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს, ანდა იმ 23 პროცენტში, რომლებიც ამბობენ, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული“.

2 აპრილს გერმანიაში გამომავალმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ დაბეჭდა რეცენზია ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის წიგნზე „გათვლა“. სტატიაში ვკითხულობთ: „[ეს] ომზე დაწერილი რომანია, რომელშიც ერთი გასროლაც არ ისმის. 1979 წელს დაბადებული ქართველი მწერალი ფრონტის ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებზე გვიამბობს. ... მიტოვებული სახლები, დანაღმული მინდვრები - რომანის ახალგაზრდა გმირებს პირქუშ გარემოში უწევთ ცხოვრება. მოქმედ პირთა სახელები ქართულია, მაგრამ ამბავი გეოგრაფიულად არ არის შემოსაზღვრული. მელაშვილი სულ რაღაც ას გვერდზე ახერხებს შეკუმშულად აღწეროს ცხოვრება კონფლიქტის ზონაში, რომელიც ყველგან შეიძლება არსებობდეს. ... როგორია კონფლიქტის ზონა, ავტორმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად. მშობლიურ ქალაქ ამბროლაურში მას მაშინ აფეთქებების ხმა ესმოდა. მაგრამ „გათვლა“ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე არ მოგვითხრობს. ის გვიამბობს ტრაგედიაზე, რომელიც ნებისმიერ ომს მოაქვს თან. მელაშვილთან არ არსებობენ ცუდები და კარგები - არიან მხოლოდ ქაოსში მცხოვრები ადამიანები. მჯერა, რომ ძალადობამ ეროვნება არ იცისო, წერს ავტორი ბოლოთქმაში.
XS
SM
MD
LG