Accessibility links

”სილამაზე იხსნის სამყაროსო”, ბრძანა კლასიკოსმა. მეოცე საუკუნეში ამ ფრაზაზე ბევრი იქილიკეს, ისიც თქვეს, რომ ოსვენციმის შემდეგ ლექსის წერასაც კი არა აქვს უკვე აზრი… მაგრამ გავიდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ამ ქილიკმაც შეიძლება ჩიხში შეგვიყვანოს. თუკი სილამაზის შექმნას, ანუ შემოქმედებას, აზრი არა აქვს, მაშ რატომ აგრძელებს ამ ვნებით - შემოქმედების ვნებით - ცხოვრებას კაცობრიობა, რატომ ტირიან ადამიანები კარგ (და, შესაძლებელია, ცუდ) ფილმებზე, წიგნებზე?

სისასტიკის, ძალადობის, სიძულვილის ფონზე ზოგიერთი თემა განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს ადამიანებზე. ევროპის ცნობილი კინოფირმა „ეურიმაჟი“, მაგალითად, პირდაპირ სთავაზობს კინემატოგრაფისტებს დაინტერესდნენ ომისა და ძალადობის თემით, რადგან ასეთ კინოზე დიდია მოთხოვნილება ევროპაში - ადამიანები მიდიან კინოში ამ თემაზე გადაღებული ფილმების სანახავად, რათა იქ არა მარტო ძლიერი ვნებები, არამედ საკუთარი თავი, საკუთარი წარსული (თუ აწმყო) დაინახონ. ნიშანდობლივია, რომ ამ თემას კინოში (და არამარტო კინოში) ყველაზე ხშირად ქალები შეეჭიდებიან ხოლმე - ცხადია, მშვიდობა მხოლოდ ქალებისთვის არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ, ფაქტია, ომი ყველაზე მძიმედ სწორედ ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაზე აისახება ხოლმე.

ოღონდ ერთია, როცა ანტიმილიტარისტულ ფილმებს კინემატოგრაფისტი ქალები იღებენ, მეორეა, როცა ასეთ ფილმებს იღებენ არაპროფესიონალი ქალები, რომლებმაც პირადად გაიარეს ომის საშინელება - მაგალითად, დევნილები. ერთია, როცა პროფესიონალი კინემატოგრაფისტი ხვდება დევნილებს, ესაუბრება მათ, ინფორმაციას იღებს... შეიძლება დოკუმენტური ფილმი გადაიღოს და ჩართოს ეს საუბრები დევნილებთან... მაგრამ მეორეა, როცა დევნილები საკუთარ თავზე იღებენ კინოს. სამწუხაროა, რომ ამ ფილმებს ყველა ვერ ნახავს. მაგალითად, თბილისში ბევრს არ უნახავს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, გადაღებული იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში” და ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ”ტასოსა” და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან - ერთად. ეს ფილმები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა გადაიღეს.
მაშინ ჩვენ გვქონდა საშუალება ამ პროექტში ჩართულიყვნენ ქალები ცხინვალის რეგიონიდან, გალიდან ...

ცხადია, უფრო ეფექტური იქნებოდა ფილმის გადაღება დაპირისპირებული მხარეებისთვის შეეთავაზებინათ. წარმოგიდგენიათ, როგორ დაახლოვდებოდნენ ქალები ერთსა და იმავე ანტიმილიტარისტულ ფილმზე რომ ემუშავათ?!.. მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ასეთი შესაძლებლობა თითქმის აღარ არსებობს. არადა, იყო... როგორც ბიოლის ფონდში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუსეცკიმ აღნიშნა:

”2002 წელს შეიქმნა ქალთა სამშვიდობო საბჭო - არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება. საბედნიეროდ, მაშინ ჩვენ გვქონდა საშუალება ამ პროექტში ჩართულიყვნენ ქალები ცხინვალის რეგიონიდან, გალიდან... მაშინ ჩვენ გამოვიყენეთ გაეროს ეს რეზოლუცია, რომელიც ქალების ჩართვას ეხება სამშვიდობო პროცესებში, როგორც საბაბი იმისათვის, რომ ერთმანეთთან გვესაუბრა.

თუმცა ქალები ოპტიმიზმს არ კარგავენ. ფონდ ”ტასოს” ხელმძღვანელი, მარინა თაბუკაშვილი, ამბობს, რომ ქალთა ორგანიზაციებმა, რომელთაც საყვედური არ ეთქმით არც აქტიურობის, არც უნარების, არც ცოდნისა და, ბოლო წლებში, არც სოლიდარობის თვალსაზრისით, მოძრაობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს, რადგან მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
ყველაფერი 6 დღეში მოხდა. ეს იყო სრული დატვირთვით ექვსდღიანი ტრენინგი ...

არ შეიძლება რაღაც პროექტი იყოს მშვიდობაზე, აღნიშნა მარინა თაბუკაშვილმა, მშვიდობა უვადო პროექტია, რომელიც ხალხმა უნდა განახორციელოსო, და დაუმატა, თითქოს პარადოქსია, ყველას უნდა მშვიდობა, მაგრამ თითქმის არავინ მოქმედებს ამისათვისო.

”ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ, ეს ხალხი ვართ ჩვენ და ისინი ჩვენნაირები არიან. რაც ჩვენ შეგვიძლია, მათაც შეუძლიათ. უბრალოდ, სხვა კონტექსტში დაიბადნენ. იქაურ ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა ის წიგნი, რაც ჩვენ მშობელმა ან მასწავლებელმა მოგვაწოდა. თუ ჩვენ შორის რაიმე განსხვავებაა, ზუსტად ამ განსხვავების პროპორციულია. პროპორციულია იმ მხარის ვალდებულება და მოვალეობა, რომლის მხარესაცაა უპირატესობა. ეს უნდა გვესმოდეს, თუ გვინდა საზოგადოება ვიყოთ”, - აღნიშნა მარინა თაბუკაშვილმა.

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, სადაც დევნილი ქალების გადაღებული დოკუმენტური ფილმები უჩვენეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა, თამარ თავართქილაძემ, დაწვრილებით გვიამბო, როგორ შეძლეს დევნილი ქალების ჩართვა ფილმის გადაღების პროცესში:

”ეს დროში და ფინანსებში შეზღუდული პროცესი იყო. გადაღების სწავლება, გადაღებები, თემების შერჩევა, საველე სამუშაოები - ყველაფერი 6 დღეში მოხდა. ეს იყო სრული დატვირთვით ექვსდღიანი ტრენინგი - გვეხმარებოდა ჩვენი საერთაშორისო ტრენერი, ქალბატონი ქერენ გიტისი. იგი ბრიტანეთში საქმიანობს და მსგავსი ტიპის პროდუქციის შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. ფილმების გადაღებაში 18 ადამიანი მონაწილეობდა - 2 მამაკაცი და დანარჩენი ქალი. მათ მანამდე არ იცოდნენ, როგორ უნდა გადაეღოთ კადრი, როგორ უნდა დაეჭირათ ხელში კამერა და როგორ უნდა ჩაეწერათ ინტერვიუ.”

და მაინც, როგორ მოვახერხოთ ის, რომ დევნილმა ქალებმა დაძლიონ აპათია და უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში? მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ „ქალთა მოძრაობის აქტივისტები ჩადიან ამ ადამიანებთან და პირდაპირ მოუწოდებენ გაიღონ წვლილი თავიანთი თემის საკეთილდღეოდ. ძალიანაც რომ გვინდოდეს, არ შეგვიძლია მათ ხელფასი დავუნიშნოთ, იმიტომ რომ ირიცხებიან სოციალური შემწეობის სიაში, საიდანაც ხელფასის დანიშვნისთანავე ამოვარდებიან. არადა, ჩვენი სამი თვის ხელფასი რას უზამთ”, - ამბობს ფონდ ”ტასოს” ხელმძღვანელი. ანუ ხალხს უნდა ჰქონდეს ენთუზიაზმი, რომ პიროვნულადაც გაიზარდოს, რაღაც ისწავლოს და სამსახურიც იშოვოს და არა ის, რომ მინიმალურით დაკმაყოფილდეს და თავი გაიტანოს. ”ვიდრე ასე გაგრძელდება, არ გვექნება სამოქალაქო ცნობიერების საზოგადოება, რომელიც გულზე ხელს იდებს ეროვნული ჰიმნის მოსმენისას, თვალზე ცრემლი ადგება და ა.შ., რაც ძალიან მინდა, რომ იყოს”, -ამბობს მარინა თაბუკაშვილი.

მაგრამ ამ საზოგადოებას თვალზე ცრემლი ადგება, როცა სისასტიკეს ხედავს ეკრანზე და ხედავს, როგორ გაუწიეს წინააღმდეგობა ომს დ სისასტიკეს ქალებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა... თუკი ეს საზოგადოება მოინდომებს და თავისი შემოქმედებით გაუზიარებს ამ გრძნობას სხვა ადამიანებს, შესაძლებელია სისასტიკის დონემ ოდნავ მაინც დაიწიოს ქვეყანაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG