Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 აპრილი, 2012


Georgia -- Newspapers. undated
Georgia -- Newspapers. undated
9 აპრილის პრესის მიმოხილვა ”რეზონანსით” დავიწყოთ. ”კონსტიტუციის ერთ კაცზე მორგების ტრადიცია” - ასეთია სათაური სტატიისა, სადაც საუბარი შეეხება ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას: ”ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ისევ გაურკვეველია, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მას არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ექნება, თუმცა ჯერ ისევ არავინ იცის, ხმის მიცემის უფლება ექნება თუ არა”. მიუხედავდ იმისა, წერს „რეზონანსი“, რომ სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხა, ”5 აპრილს ქრისტიან -დემოკრატების ლიდერმა მოიფიქრა, რომ ივანიშვილისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება სხვა გზით მიეცა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის იდეა წამოაყენა”. ცვლილების მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი ცხოვრობს საქართველოში და თან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა. „რეზონანსთან“ საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ინიციატივას ”სააკაშვილის ხუშტურის შესრულებად” აფასებს და დასძენს: ”ამ გადაწყვეტილებას არ ჯობდა, ერთი მოქალაქეობა მიეცათ ივანიშვილისთვის და დასრულებულიყო ყველაფერი?”
გაზეთი „ვერსია“ კი მკითხველს საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორ გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუს სთავაზობს. ”თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას ბიძინა ივანიშვილისთვის ვაკეთებ, ძალინ შემცდარა... 2 თვეა ამაზე ვფიქრობ, ოღონდ როგორ ვუშველოთ ბიძინას კი არა, როგორ ვუშველოთ საარჩევნო პროცესის სწორად განვითარებას”, ეუბნება „ვერსიას“ ქრისტიან- დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.
”ახალი თაობა” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით - ”სააკაშვილი პოლიკიტიკიდან შეიძლება სამუდამოდ წავიდეს”. ინტერვიუში პოლიტიკაში ზნეობის ნაკლებობაზეა საუბარი. ”თუ იგი ასე გააგრძელებს, როგორც აქამდე, შეიძლება უსახელოდ წავიდეს. დღეს მისი ყოველი გამარჯვება პოლიტიკურ მეტოქეებზე უბრალო ადამიანებში აღტაცებას კი აღარ იწვევს, არამედ მის საწინააღმდეგო აგრესიას და პროტესტს”, ამბობს ფილოსოფოსი. ”პოლიტიკა ინტელექტუალური ბაზისა და სულიერების გარეშე მხოლოდ ვულგარული ინტრიგების სფეროა. ფილოსოფიისა და კულტურის გარეშე პოლიტიკა წარმოუდგენელია. კულტურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და სოციოლოგია უნდა მონაწილეობდნენ მის შექმნაში. იგი ინტეგრალური ფენომენი გახლავთ და ნაყოფად გვაძლევს იმ სასიცოცხლო გარემოს, რომელშიც ცხოვრება გვიწევს”, ეუბნება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი „ახალ თაობას“.
„კვირის პალიტრა“ მკითხველს პოეტ დათო მაღრაძესთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის შეფასებას აძლევს ხელისუფლების ქმედებებს. ინტერვიუში, რომლის სათაურიცაა ”ხელისუფლება უკვე თავდაღმართში მიექანება”, დათო მაღრაძე „კვირის პალიტრას“ ეუბნება: ”ნაციონალური მოძრაობის ზონდერებიც კი ხედავენ, სამართალთან ერთად ძალა საით გადაიხარა და ერთ დღესაც თავის ჭკუის მასწავლებლებს მიუბრუნდებიან და სიგრძეს სიგანედ გაუხდიან. თავისივე გაწვრთნილი ხალხი ამ ხელისუფლებას ისეთ დღეში ჩააგდებს, ჩვენი დასაცავი გახდებიან”.
ჟურნალი „ტაბულა“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”დარტყმის ქვეშ”, სადაც საუბარი შეეხება ირანთან შესაძლო ომს. „ტაბულას“ ავტორი წერს, რომ ”შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან სამხედრო დაპირისპირების აცილებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სამხედრო დაპირისპირების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის”. საქმე ისა, რომ ”თებერვალსა და მარტში ამერიკული გამოცემები, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმის შესაძლო სცენარებზე ალაპარაკდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და „მოსადის“ შეფის, თამირ პარდოს შეხვედრის დეტალების შესახებ, გამოქვეყნდა ირანზე დარტყმის შესაძლო დროც - აპრილი, მაისი ან ივნისი. პენტაგონიდან პრესაში ირანზე სამხედრო დარტყმის სიმულაციის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა, რომლის მიხედვითაც კრიზისი ირანიდან მეზობელ ქვეყნებზე გადაინაცვლებს და რეგიონი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვება”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG