Accessibility links

logo-print
მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებას თავისთავად ”არამორალურსა და უსამართლოს” უწოდებს, ბიძინა ივანიშვილის მხარე ამ ცვლილების შედეგად მოსალოდნელ გარკვეულ ”აღმატებულ პოზიციაზეც” ლაპარაკობს. საუბარია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა იმაზე მეტი უფლება მოუტანოს, ვიდრე მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოუტანდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ რა ზომებს მიმართავს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი იმ უარის საპასუხოდ, რომელიც მან გასულ კვირაში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან მიიღო.

კონსტიტუციის 49-ე მუხლისთვის გამიზნული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის სრული უფლება მიეცემათ, ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო არ მზადდება და ის რამდენიმე ათასი ადამიანის პოლიტიკური უფლებების დაცვას მოემსახურება. თუმცა ხელისუფლება არ უარყოფს, რომ დაგეგმილი ცვლილება დიდწილად სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება და რომ სამომავლო პერსპექტივა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ”სპეკულაციებს” ბიძინა ივანიშვილის გარშემო.

”ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას უზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, - უთხრა 6 აპრილს ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. აქვე გავიხსენოთ, რომ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ 5 აპრილს წამოყენებულ ინიციატივას იმავე დღეს დაუჭირა მხარი მმართველმა პარტიამ, ხოლო 6 აპრილს საკითხი უკვე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე გავიდა და გახსნილად გამოცხადდა საჯარო განხილვების ერთთვიანი პროცედურა.
საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს იმ პოლიტიკურ უფლებებს, რაც ადრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა... და მას დამატებით რჩება საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ...

წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში უცხოვრია საქართველოში, ექნება სრული უფლება განახორციელოს ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა: დააფუძნოს პარტია და კანონის ფარგლებში დააფინანსოს ის, დაიკავოს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა - გახდეს პარლამენტის დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც წინასწარ დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს, პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით სრულიად უთანაბრდება საქართველოს მოქალაქეს.

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საბოლოო სახეს არ მიიღებს, კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი. თუმცა ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციასა და ხელისუფალთა ზეპირ განცხადებებზე დაყრდნობით, ადვოკატ კბილაშვილს გამოაქვს დასკვნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე ეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მოხდებოდა. საუბარია საფრანგეთის მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რასაც ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში.

”საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს იმ პოლიტიკურ უფლებებს, რაც ადრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა... და მას დამატებით რჩება საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ის დარჩება საფრანგეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივი მფარველობის ქვეშ და მას ასევე შეუნარჩუნდება ყველა ის პრივილეგია, რასაც მას საფრანგეთის მოქალაქეობა ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ის რჩება უფრო აღმატებულ პოზიციაზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა კბილაშვილმა.
ეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მოხდა, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა რომ ექსკლუზიურად სახელისუფლებო პარტიისა არ არის და შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვა პოლიტიკური მოღვაწეების ხელში, ეს გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდია ...
თუმცა ”აღმატებული პოზიციის” მოლოდინის მიუხედავად, არჩილ კბილაშვილი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ”არამორალურსა და უსამართლოს” უწოდებს, რადგანაც, მისი განმარტებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება არა ”კეთილ ნებას”, არამედ ჩიხური სიტუაციიდან იძულებითი გამოსავლის ძიებას ეფუძნება. ”ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭებით დაიცვას თავისი იმიჯი და პატივმოყვარეობა... თუმცა, მეორე მხრივ, მას გაუჭირდა მოეგერიებინა საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის საწინააღმდეგო პოზიცია”, - ამბობს ადვოკატი.

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ფართო პოლიტიკური უფლებების მინიჭების პერსპექტივას დიდწილად სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის შედეგად აღიქვამს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც. მისი აზრით, ხელისუფლება იძულებით კომპრომისზე წავიდა, რამაც გამარჯვების ქულა ხალხის თვალში ბიძინა ივანიშვილს დაუწერა:

”რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მოხდა, მაგრამ ასეთი მხარდაჭერა რომ ექსკლუზიურად სახელისუფლებო პარტიისა არ არის და შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვა პოლიტიკური მოღვაწეების ხელში, ეს გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდია და პრაქტიკულად ხელისუფლების მომხრეთა დაეჭვება, არის თუ არა მათი პარტია ყველაზე ძლიერი, ვვარაუდობ, რომ პრაქტიკულად ამ რაუნდიდან დაიწყება.”

იმის მიუხედავად, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს სრული პოლიტიკური აქტივობის საშუალება მიეცემა, ”ქართულ ოცნებაში” კვლავაც განიხილავენ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული უარის სასამართლოში გასაჩივრების პერსპექტივებს. თუმცა გასაჩივრების გეგმა გარკვეულწილად რთულდება იმის გამო, რომ სასამართლოში მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი, ხოლო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 4 აპრილს მიღებულ დასკვნაზე პრეზიდენტს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მაშინ როცა ხელისუფლება სააგენტოს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში პრეზიდენტის ამგვარ ვალდებულებას უარყოფს, ივანიშვილის მხარის მტკიცებით, სააგენტოს დასკვნის საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას, ანუ, შესაბამისად, ბრძანებულების ან განკარგულების გამოცემას პრეზიდენტს ავალდებულებს ორგანული კანონი ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, გასაჩივრების გარკვეული გზები პრეზიდენტის გადაწყვეტილების არარსებობის პირობებშიც იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს. რაც შეეხება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რჩევას, რომ ”საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის” ბიძინა ივანიშვილმა ”ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება” მოითხოვოს, კბილაშვილის განმარტებით, ეს, ”დიდი ალბათობით”, არ მოხდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG