Accessibility links

logo-print
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლის შედეგად, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი როდიონოვი ხელმძღვანელობდა, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რუსეთაველის გამზირზე, ტრადიციულად, წელსაც ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც 23 წლის წინანდელი მოვლენების უშუალო მონაწილენი, ასევე მოქმედი პოლიტიკური ლიდერებიც.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ხალხმა რუსთაველის გამზირზე შეკრება ჯერ კიდევ გამთენიისას დაიწყო. პარლამენტთან მისულებმა დაანთეს სანთლები და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ყოველი წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე სანთელს ანთებს 70-ს მიტანებული ჟუჟუნა ჩაგუნავა, რომელიც 23 წლის წინანდელ მოვლენებს ცრემლისა და გულისტკივილის გარეშე ვერ იხსენებს:
უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი. საოცარი სანახაობა იყო... ამ დროს ვიღაცამ შემომატრიალა... აღმოჩნდა ქართველი მილიციელი ...

„უდიდესი ბედნიერება იყო ჩვენთვის იქ დგომა. მთელი საქართველო გაერთიანებული ვიყავით ერთი საერთო მიზნისათვის. ჩვენ სამშობლოს დამოუკიდებლობა გვინდოდა. ერთად ვიყავით მე, ერთი ქალი და ნატო გიორგაძე. ჩვენ ორნი გადავრჩით, რაღაცნაირად გადავრჩით... დილით ნატო რომ არ დაგვხვდა შინ (ერთ ეზოში ვცხოვროდით), ძებნა დავუწყე და თვითონ აღმოვაჩინე საავადმყოფოს პროზექტურაში.“

ნატო გიორგაძესთან ერთად 9 აპრილის ღამეს კიდევ 20 ადამიანი დაიღუპა. როგორც აქციის მონაწილე იზოლდა ჭელიძე ვარაუდობს, მსხვერპლი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა, რომ არა ქართველი მილიციელების დახმარება:

„უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი. საოცარი სანახაობა იყო... ამ დროს ვიღაცამ შემომატრიალა... აღმოჩნდა ქართველი მილიციელი, რომელიც სხვებთან ერთად წინ დაეყენებინა ფარებითა და ნიჩბებით შეიარაღებულ ჯარს. სად წავსულიყავი არ ვიცოდი... ვერსად გახვიდოდი. ილიას და აკაკის ძეგლისკენ გამიყვანა და ყურში ჩამჩურჩულა, აქ არ გაჩერდეთ, თორემ ყველას დაგხოცავენო.“

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც მივიდა. ილია მეორემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მიდიან პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც, თუმცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები ცალ-ცალკე ანთებენ სანთლებს და 9 აპრილის მონაპოვრის დაცვასა თუ მნიშვნელობაშიც განსხვავებულ აზრებს დებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატები“: „ჩემი აზრით, თუკი 23 წლის შემდეგ რამეს ვინატრებთ დღეს, ის ერთსულოვნებაა, რომელიც ქართველებს მაშინ გვქონდა. შუღლი, დაპირისპირება უნდა დავივიწყოთ და ერთად, ვისაც მართლა გვტკივა ეს ქვეყანა, დავიწყოთ ეროვნული სახელმწიფოს შენება. ჩემი აზრით, ესაა ის ქართული ოცნება, რომელიც ჰქონდათ ჩვენს გარდაცვლილ მოქალაქეებს.“

დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „დღევანდელი დღე არის შეხსენება იმისა, თუ რა ფასი დაუჯდა საქართველოს, ქართველ ერს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, და შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა და გვეკისრება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის თავისუფლება, რომლის მოპოვებასაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი და სისხლი დასჭირდა.“

სისხლი, რომელიც, დავით ბაქრაძის თქმით, თავისუფლებას დასჭირდა, მართლა ბევრი დაიღვარა. ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის თქმით, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა რამდენიმე ფაქტორის გამო: ჯერ ერთი, არავინ ელოდა ჯარის ასეთ სისასტიკეს და, მეორეც, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ნაწილი სისხლის დაღვრას თავისუფლების მოპოვების აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. თუმცა, ლელა გაფრინდაშვილის თქმით, საზოგადოებას არ ჰქონდა დასაბუთებული პასუხი შეკითხვაზე, რისთვის უნდა დაღვრილიყო სისხლი.
ისე თუ წავიდოდით სახლებში, დავიშლებოდით და არ დავიწყებდით ბრძოლას თავისუფლებისათვის, ყველაფერი შეიძლებოდა ...

„რისთვის იყო საჭირო? იმისთვის, რომ სწრაფად მომხდარიყო, თუ იმისთვის, რომ უკეთესად მომხდარიყო. იქნებ სხვა გზა რომ აგვერჩია, - უფრო დინამიკური, უფრო გათვლილი, დაგეგმილი და გონივრული, - შეიძლება უკეთეს დღეში ვყოფილიყავით დღეს“, უთხრა ლელა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას.

9 აპრილს დაღვრილ სისხლზე ეროვნული მოძრაობის ლიდერები პასუხისმგებლობას მთლიანად მაშინდელ, საბჭოთა ხელისუფლებას აკისრებენ. რადიო თავისუფლების შეკითხვას, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება, ირაკლი წერეთელმა ასე უპასუხა:

„შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ სისხლი ვინც დაღვარა, პასუხიც იმან უნდა აგოს! ისე თუ წავიდოდით სახლებში, დავიშლებოდით და არ დავიწყებდით ბრძოლას თავისუფლებისათვის, ყველაფერი შეიძლებოდა. მიტინგის დაშლა არ იყო ისეთი რთული პრობლემა ისეთი ძლიერი სახელმწიფოსათვის, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, და საბჭოთა კავშირის ჯარებს შეეძლოთ (თუ მაინცდამაინც უნდა დავეშალეთ) დავეშალეთ ისე, რომ ჩვენი სისხლი არ დაეღვარათ.“

თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. დარბევიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG