Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამპანია პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად


მოძრაობა ”არამ” და არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” განაცხადეს, რომ ახალ კამპანიას იწყებენ და მიზნად ისახავენ აქტიურ მოქმედებას ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად. კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორაგანიზაციებს ხელმოსაწერად გაეგზავნებათ მემორანდუმის ტექსტი, ხოლო ერთიანი პოზიციის შეჯერების შემდეგ, ინფორმაცია გაიგზავნება ევროსაბჭოში. მთავარი მიზანი კი, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, არის ის, რომ საქართველოში შეიქმნას ევროსაბჭოს წარმომადგენლობა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეებს შეისწავლის.

საქართველოში 93 პოლიტპატიმარია, ქვეყნიდან კი პოლიტიკური დევნის გამო 11 ადამიანია წასული. მათ ნაწილს უკვე მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი. ასეთ ინფორმაციას ფლობენ ორგანიზაციები ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და ”არა”. მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა იმატოს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაპატიმრებებმა, თუმცა ”არაც” და ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებსაც” მიიჩნევს, რომ მთავარი პოლიტპატიმართა რაოდენობის კი არა, თავად სტატუსის აღიარებაა, რისთვისაც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის ტექსტზე ხელმოწერას სთავაზობენ. მემორანდუმის ტექსტი კოკა კვინიკაძემ წაიკითხა. ის გახლავთ პოლიტპატიმართა საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელი ორგანიზაციიდან ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”:
ერთადერთი დიდი პრობლემა, რაც ჩვენ გვეღობება წინ, არის სახლხო დამცველი - ის თავის ანგარიშში დღემდე არ აფიქსირებს პოლიტპატიმართა შესახებ საერთოდ არაფერს ...
ლევან ჩიტაძე

” მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოში წარმოდგენილ მთელ დიპლომატიურ კორპუსს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ეს ხდება მთელ რიგ ქვეყნებში; ასევე შეიქმნას ევროსაბჭოს ეგიდით დამოუკიდებელი კომისია და დაიდოს ცალსახა და მკაცრი დასკვნა საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობის თაობაზე.”

მოძრაობა ”არას” ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე პოლიტპატიმართა საქმეების შესწავლა- აღიარებაში ხელშემშლელ ფაქტორად სახალხო დამცველის ანგარიშს ასახელებს, რადგან, მისი სიტყვებით, ომბუდსმენის დასკვნაში ტერმინი „პოლიტპატიმარი“ არ ფიგურირებს:

” პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, იმისათვის რომ შეიქმნას ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც შეისწავლის პოლიტპატიმართა საქმეებს და დადებს დასკვნებს, ერთადერთი დიდი პრობლემა, რაც ჩვენ გვეღობება წინ, არის სახლხო დამცველი - ის თავის ანგარიშში დღემდე არ აფიქსირებს პოლიტპატიმართა შესახებ საერთოდ არაფერს.”

პოლიტპატიმრების საკითხის შესახებ მოსაზრება ომბუდსმენს 6 აპრილს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე 2012 წლის ანგარიშის წარდგენისასაც ჰკითხეს, რაზეც გიორგი ტუღუშმა უპასუხა, რომ ასეთი პირების შესახებ ანგარიშში იმ მიზეზით არ არის არაფერი ნათქვამი, რომ მისთვის ამ საკითხით დაინტერესების თხოვნით წლის განმავლობაში არავის მიუმართავს:
” მე არ გამოვრიცხავ, რომ მთელ რიგ საქმეებში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მოტივაციას, მაგრამ სახალხო დამცველი ვერ იქნება ის უწყება, რომელიც ვინმეს დაუდგენს კონკრეტულ სტატუსს, იქნება ეს პოლიტპატიმარი თუ სხვა რაიმე სახის პატიმარი - ეს არ შედის სახალხო დამცველის მანდატში და ამის ფუნქცია სახალხო დამცველს ნამდვილად არ გააჩნია, ვინმეს განუსაზღვროს რაიმე ტიპის სტატუსი. აქ საუბარი არ არის მარტო პოლიტპატიმარზე.”

აქვე ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შორისაც არ არსებობს ერთიანი ხედვა იმის შესახებ, თუ ვინ არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ევროკომისიის განმარტებებს ეყრდნობა და ცოტა ხანში საზოგადოებას გააცნობს სამუშაო ჯგუფის მიერ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შემუშავებულ ერთიან განმარტებას:

მათ საქმეებში გამოვლენილია ძალიან სერიოზული სამართლებრივი დარღვევები ყველა ეტაპზე - გამოძიების ეტაპზე, სასამართლო განხილვის ეტაპზე ...
თამარ ჩუგოშვილი
” ქართულ გარემოებებთან და რეალიებთან შესაბამისი დეფინიციების შესახებ უკვე გარკვეული დოკუმენტი არის მომზადებული, რომლის პრეზენტაციასაც გავმართავთ. ჩვენ ძირითადად ვიზიარებთ ევროსაბჭოს კრიტერიუმებს, ანუ ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და ამ ადამიანის დაკავების გამო ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გარკვეული სარგებელი, მაგალითად, ის, რომ ეს ადამიანი უფრო მეტ სასჯელს იღებს, ვიდრე სხვა ადამიანი, რომელსაც იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი, და ამ განსაზღვრების ბაზაზე ჩვენ ვაყალიბებთ ზოგად კრიტერიუმებს.”

და მაინც, როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი თავისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევის შესახებ ჰყვება. კვლევა იმ ადამიანთა საქმეების სამართლებრივ ანალიზს მოიცავდა, რომელთაც საზოგადოების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს უწოდებს. კვლევის შედეგად საქმეებში სერიოზული სამართლებრივი დარღვევები გამოიკვეთა, თუმცა თამარ ჩუგოშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ საქმეებს ის პოლიტიკურ შეფასებას ვერ მისცემს:

” მათ საქმეებში გამოვლენილია ძალიან სერიოზული სამართლებრივი დარღვევები ყველა ეტაპზე - გამოძიების ეტაპზე, სასამართლო განხილვის ეტაპზე, დასაბუთებულობა და ა.შ. გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ადამიანების საქმეებში, რომელიც შესწავლილი გვაქვს, სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებს ვხედავთ.”

და, როგორც თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ეს ხარვეზები ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული:

” ერთი ის არის, რომ ან მართლა პოლიტიკური ნიშნით არიან ეს ადამიანები დაკავებული, და მეორე ის არის, რომ ზოგადად სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველა საქმე ასეთ ხარვეზებს მოიცავს.”

თუ რეალურად პატიმართა გარკვეულ რაოდენობას მართლაც შეიძლება პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიეცეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი აზრით, ეს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცემს ბერკეტებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სასამართლო და პოლიტიკური სისტემის მიმართ თავიანთი პოზიცია გაამკაცრონ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG