Accessibility links

logo-print
მოსკოვში გამომავალი გაზეთი „კომერსანტი“ მკითხველს ატყობინებს, რომ რუსეთის სათათბიროში იქმნება კომიტეტი, რომელიც დაკავებული იქნება ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლოუციების პროფილაქტიკითა და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოზიციების გამყარებისათვის საჭირო საშუალებების ძიებით. ამ ახალი სტრუქტურის კვლევის საგანი ასევე იქნება: არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ფერადი რევოლუციის ინსტრუმენტი, ქსელური ტექნოლოგიების როლი საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებაში, ბლოგოსფეროსა და სოციალური ქსელების გავლენა მასებზე და, ბოლოს, რევოლუციური მოძრაობის საწინააღმდეგო მეთოდები. გაზეთის თანახმად, რუსეთის დუმაში ახალი სტრუქტურის შექმნას იწონებს დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ხელმძღვანელი კონსტანტინ ზატულინი, რომელიც ყურადღებას რუსეთის გავლენის გაფართოების შესაძლებლობებზე ამახვილებს: „რუსეთს ათასი საშუალება და შესაძლებლობა აქვს გააძლიეროს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი, ზარალის მიუხედავად, ხშირად ამჯობინებს ყველაზე ბრუტალური მეთოდების გამოყენებას, რითაც საკუთარი ხელით ამცირებს გავლენას რეგიონში, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის“.

კონსტანტინ ზატულინისგან განსხვავებით, სახელმწიფო სათათბიროში ახალი სტრუქტურის შექმნისგან სასიკეთოს არაფერს ელოდება თავად გაზეთის რედაქცია, რომელიც უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ფერადი რევოლუციების თავიდან აცილების უნიკალური რეცეპტის ძებნა, საბოლოო ჯამში, ჭანჭიკების მოჭერის ბანალური პროცედურით დასრულდეს.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივაზე წერს. 2011 წლის ზაფხულში დმიტრი მედვედევს მოსკოვის გაფართოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ქალაქგარეთ გადატანის წინადადება წამოუყენებია. სწორედ ამ წინადადების საფუძველზე, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა პრეზიდენტს წარუდგინა დედაქალაქის 2,5-ჯერ გაფართოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების განთავსების გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზვენიგოროდის რაიონში, ხოლო მოსკოვის მერია ბუტოვოში უნდა გადავიდეს, თუმცა გაზეთის რედაქციას ეჭვი ეპარება, რომ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ორ-სამ წელიწადზე ადრე მოხერხდეს. ამგვარი სკეპტიციზმის მიზეზი კი ის დიდძალი ხარჯი -დაახლოებით 1 ტრილიონი რუბლია, რომლის დაფარვასაც ბიუჯეტი ვერ შეძლებს. გაზეთის ვარაუდით, ასევე რთული იქნება მთელი რიგი უწყებების დაყოლიება: „მედვედევს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. სავარაუდოდ, ადგილზე დარჩება პრეზიდენტი და მისი ბლოკი. პუტინი არსად გადავა, რადგანაც სხვა ეპოქის ადამიანია. კრემლი მისთვის საკრალური ადგილია, მხოლოდ მთავრობის წევრთა გასახლება კი უცნაური იქნებოდა. ასევე საეჭვოა, რომ უშიშროების ფედერალური სამსახურიც შეელიოს ისტორიულ ადგილს.“

გაზეთ „იზვესტიის“ ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გახდება. გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში თიბილოვი სამომავლო გეგმებზე საუბრისას თანამშრომლობას სთავაზობს როგორც არჩევნებში თავის ოპონენტს დავით სანაკოევს, ასევე ჩაშლილ არჩევნებში გამარჯვებულ ალა ჯიოევას. ლეონიდ თიბილოვის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ, პირველ რიგში, აღსადგენი იქნება რესპუბლიკის ინფრასტრუქტურა და კანონის უზენაესობა.
XS
SM
MD
LG