Accessibility links

logo-print
ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეები, პრობლემები და გამოწვევები - ეს იყო იმ დისკუსიის თემა, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს შეეხებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი სოციალური პაკეტის მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება, კარალეთის მცხოვრები ხათუნა ხათაშვილი კი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც არც სიღარიბის პროგრამაშია, არც სამედიცინო პოლისი გააჩნია და ბოლო წლების მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა. მისი აზრით, სახელმწიფომ ამ ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

შეხვედრას „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი სოსო ბორცვაძე ესწრებოდა, რომელმაც ხელისუფლებას სოფლის მოსახლეობის დაზღვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი სოციალური დახმარებებია გათვალისწინებული, შეკრებილი საზოგადოება აღნიშნავდა, რომ მოსახლეობა ამის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული და პროგრამით ვერ სარგებლობს. ამ მოსაზრებას გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი თეონა ანანიაშვილი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სოფლებში ინფორმაციას რწმუნებულების მეშვეობით ავრცელებენ.

საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი კობა ტლაშაძე აცხადებს, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა ადგილობრივი თვითმმართველობა არაერთი დაავადების მკურნალობას აფინანსებს, ამ დახმარებით კი ისეთი ადამიანები სარგებლობენ, ვისაც პოლისი არ გააჩნია.

ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას მომავალშიც გააგრძელებს, ოპოზიცია კი მას მოუწოდებს მეტი ყურადღება სოფლების მოსახლეობას დაუთმოს.
XS
SM
MD
LG