Accessibility links

logo-print
ცნობილი გერმანელი მწერალი და საჯარო ინტელექტუალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი ისრაელმა პერსონა ნონ-გრატად შერაცხა. ამის მიზეზი გახდა გრასის ლექსი, რომელშიც ავტორი აცხადებს, რომ ისრაელის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის „მსოფლიოს ისედაც მყიფე მშვიდობას“.

გიუნტერ გრასს თავის ქვეყანაში, გერმანიაშიც, ბევრი აკრიტიკებს. მისი ოპონენტების აღშფოთებას ძირითადად ის ფაქტი იწვევს, რომ თავის ლექსში გრასმა ერთგვარი მორალური ტოლობის ნიშანი დასვა, ერთი მხრივ, ისრაელსა და, მეორე მხრივ, ირანს შორის. 84 წლის ავტორი ლექსში გმობს გერმანიის მხრიდან ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას და აცხადებს, რომ ისრაელს არ უნდა მიეცეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის განხორციელების საშუალება.

ისრაელს, რომელიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ერთადერთ ბირთვულ შეიარაღებას ფლობს, ნათქვამი აქვს, რომ შესაძლოა აშშ-ის მხარდაჭერით ან მის გარეშე განახორციელოს სამხედრო იერიში იმ პროცესების გასაჩერებლად, რომელსაც ის ირანისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხედ აღიქვამს.

თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ ბირთვულ ტექნოლოგიას მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიანი მიზნებისთვის ავითარებს. ამავე დროს, ირანი ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდის, მხარს უჭერს მის საზღვრებთან ისლამისტების ქმედებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელთა გენოციდის ფაქტს.
მისი მცდელობა გააძლიეროს ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის მიმართ სიძულვილი და ამით განავითაროს იდეა, რომელთანაც ის წარსულში, ესესელის უნიფორმაში გამოწყობილი, ღიად იყო დაკავშირებული ...

გიუნტერ გრასის მიერ ასეთი ლექსის გამოქვეყნებას განსაკუთრებულ სიფაქიზეს და ემოციურობას რამდენიმე ფაქტორი სძენს. პირველ რიგში, ის, რომ ამ ლექსით, რომელსაც „ის, რაც უნდა ითქვას“ ჰქვია, გიუნტერ გრასმა გერმანიის კულტურულ სივრცეში მოქმედი ძლიერი ტაბუ დაარღვია. მეოცე საუკუნის ისტორიისა და ნაცისტური წარსულის გამო, გერმანიაში ასეთი რანგის საჯარო ინტელექტუალისგან ისრაელის მწვავე კრიტიკის პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა. ვითარებას გრასის ბიოგრაფიაც ართულებს. მწერლის თუ პუბლიცისტის როლში გრასი ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ და კრიტიკოსად ითვლება - სხვა ტექსტებთან ერთად 1959 წელს გამოსული, ბევრის მიერ შედევრად მიჩნეული "თუნუქის დოლის" გამო. თავისი შემოქმედებით ის გერმანელებს ათწლეულების მანძილზე მოუწოდებდა და აიძულებდა თვალი გაესწორებინათ თავიანთი ნაცისტური წარსულისთვის. თუმცა გრასის მორალურ ავტორიტეტს მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა დაგვიანებულმა, მხოლოდ 2006 წელს გაკეთებულმა აღიარებამ, რომ ახალგაზრდობაში ის თავად იყო ჰიტლერის ჯარის - ესესის მოიერიშე ნაწილის - წევრი.

ლექსის გამოქვეყნების შემდეგ გრასს მისი ბიოგრაფიის ამ ნაწილს ხშირად შეახსენებენ. როგორც გრასმა ლექსში თავადვე იწინასწარმეტყველა, ბევრი აცხადებს, რომ ლექსი ცუდად შენიღბული ანტისემიტიზმის მაგალითს წარმოადგენს. ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა ელი იშაიმ ასეთი პარალელი პირდაპირ გაავლო გრასისთვის ისრაელში შესვლის აკრძალვის შესახებ თავის განცხადებაში. მინისტრის თქმით, გრასის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მიზეზია „მისი მცდელობა გააძლიეროს ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის მიმართ სიძულვილი და ამით განავითაროს იდეა, რომელთანაც ის წარსულში, ესესელის უნიფორმაში გამოწყობილი, ღიად იყო დაკავშირებული.“

გრასს მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, რომელიც ირანის, კამათის საგნად ქცეულ, ბირთვულ პროგრამას ჰოლოკოსტის მასშტაბის საფრთხეს უწოდებს.

გრასის ირგვლივ არ წყდება კამათი გერმანიაშიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ კვირას გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გრასს პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა წერს, გერმანიას ისრაელის მოქალაქეების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და ირანისა და ისრაელის ერთნაირ მორალურ პოზიციაზე დაყენება აბსურდიაო. სამშაბათს გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების წევრებმა გამოაცხადეს, რომ ამ ლექსის გამოქვეყნების გამო აღარ სურთ გრასმა მათ საარჩევნო კამპანიებში მიიღოს მონაწილეობა, რასაც მწერალი 1960-იანი წლების შემდეგ რეგულარულად აკეთებდა.
ისრაელელების მხრიდან მისი ანტისემიტიზმში დადანაშაულება აძლიერებს ფართოდ გავრცელებულ ვარაუდს, რომ ასეთი ბრალდებები ოფიციალური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკის ჩახშობას ისახავს მიზნად ...

ყოველივე ამის პასუხად, გრასი ამბობს, რომ პირადი ხასიათის თავდასხმები მას გულს სტკენს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს. შაბათ-კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის აღიარებს, რომ, შესაძლოა, ლექსში გამოხატული პოზიციისთვის ცოტა განსხვავებული ფორმულირება უნდა მოეძებნა, რათა კიდევ უფრო ცხადი გაეხადა, რომ მისი კრიტიკის ობიექტს, უწინარესად, ნეთანიაჰუს მთავრობა წარმოადგენს. „ისრაელისთვის მხარი ხშირად დამიჭერია - იქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მსურს მან, ბოლოს და ბოლოს, შეძლოს მშვიდობიანი თანაარსებობა მეზობლებთან“, - უთხრა გიუნტერ გრასმა გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგს“.

გიუნტერ გრასის გარშემო ამ ახალმა სკანდალმა ბიძგი უფრო ფართო კონტექსტში მიმდინარე ანალიტიკურ დისკუსიასაც მისცა. დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში ბევრი ანალიტიკოსი არ ეთანხმება გრასის ლექსის პათოსს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ლექსი არ არის ანტისემიტური და ის, უბრალოდ, პოლემიკაა ისრაელის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, რომელსაც გრასი არ იზიარებს.

„ისრაელელების მხრიდან მისი ანტისემიტიზმში დადანაშაულება აძლიერებს ფართოდ გავრცელებულ ვარაუდს, რომ ასეთი ბრალდებები ოფიციალური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკის ჩახშობას ისახავს მიზნადო“, - წერს „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“ სარედაქციო წერილში და დასძენს, გრასისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა რეაქციაა, რომელიც ირანის მოლებს უფრო შეეფერებოდათ, ვიდრე ისრაელს, რომელიც ღია დემოკრატიას წარმოადგენს და სიტყვის თავისუფლებას თუ კანონის უზენაესობას უფრთხილდებაო.

დასავლეთის პრესაში ასევე შეხვდებით მოსაზრებებს, რომ გრასისთვის ისრაელში შესვლის აკრძალვით შინაგან საქმეთა მინისტრს, ელი იშაის, რომელიც ულტრაკონსერვატიული პარტიის წევრია, უწინარესად, შიდაპოლიტიკურ კონტექსტში სურს ქულების ჩაწერა.

თავად იშაი გრასს ირანში წასვლას ურჩევს - აცხადებს, მწერალს თუ კვლავაც სურს არასწორი და სიცრუეზე დაფუძნებული საქმიანობის გაგრძელება, იქ მას საამისოდ კეთილგანწყობილი აუდიტორია დახვდებაო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG