Accessibility links

”საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში” - ამ სათაურით ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ”, ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ”საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციამ” და ასოციაციამ ”მწვანე ალტერნატივა” - ახალ ტურისტულ ზონებში საკუთრების უფლების დაცვის შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში კერძო საკუთრების ხელყოფის ორი ძირითადი ფორმა გვხვდება - მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება-მიტოვება და მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების თვითნებური დარეგისტრირება სახელმწიფოს სახელზე.

ანაკლიის საქმე ერთ-ერთია იმ საქმეებს შორის, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა. ანგარიში კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2009 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლია ახალ საკურორტო ზონად გამოაცხადა და მისი განვითარების პროექტის შედგენა ესპანელ არქიტექტორებს დაავალა, საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მას ანაკლიაში მდებარე 150 მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირა. საჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფოსთვის დარეგისტრირებულ მიწებს შორის აღმოჩნდა სოსო აქუბარდიას 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც. ამ ნაკვეთს იგი 2007 წლიდან კანონიერად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფორმით, ფლობდა. სოსო აქუბარდია ჩინეთში ცხოვრობს. მის საკუთრებას მისი მამა, ომარ აქუბარდია, განკარგავს.

”2010-ში გამოვიდა ისეთი ბრძანება, თუ რა ქვია, რომელიც, ფაქტობრივად, კი არ ავალდებულებდა, მაგრამ საჭიროდ ხდიდა საკუთრების ელექტრონული ვერსიით დარეგისტრირებას. გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ელექტრონული ვერსია, ესე იგი შესწორება საკუთრებაში. მივედი საჯარო რეესტრში და მითხრეს, რომ მიწა ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებასთანო, თქვენი მიწაო. არც კი ვიცოდი რას ნიშნავს ზედდება და რას ნიშნავს-მეთქი. რას ნიშნავსო და აქედანო, 48 ჰექტარიდანო, შენი მარტო ერთია, 47 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებააო. როგორ-თქო და დავიწყე იმ დღიდან გარკვევა იმისა, რა მოხდა.”
პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა განაცხადა, რომ მას არა აქვს ქაღალდის ვერსიით რეგისტრირებული უძრავი ქონებისა და ელექტრონული ვერსიის ერთმანეთთან შედარების მექანიზმი...

დაკარგული საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ომარ აქუბარდიამ ყველა სასამართლო ინსტანცია მოიარა, ბოლოს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. სახელმწიფო და კერძო საკუთრების ეგრეთ წოდებული ზედდების პრობლემას კი, რომელიც კერძო საკუთრების ხელყოფის ერთ-ერთ ფორმად ჩამოყალიბდა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მკვლევარი ეკა ბოკუჩავა განმარტავს. მისი თქმით, 2010 წლიდან საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის სავალდებულო გახდა მიწის ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, 2009 წლამდე კი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი ქაღალდზე სრულდებოდა:

”პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა განაცხადა, რომ მას არა აქვს ქაღალდის ვერსიით რეგისტრირებული უძრავი ქონებისა და ელექტრონული ვერსიის ერთმანეთთან შედარების მექანიზმი. ანუ თუ მე მაქვს დარეგისტრირებული უძრავი ქონება 2009 წლამდე და ქაღალდის ვერსიით, 2010 წლიდან შეიძლება ადამიანმა მიმართოს საჯარო რეესტრს, წარადგინოს ჩემივე მიწის ნაკვეთზე ელექტრონული აზომვითი ნახაზი და დაირეგისტრიროს საკუთრებაში. ასე რომ, საჯარო რეესტრი ამ მონაცემებს, ანუ ჩემს ძველ მონაცემებს, ვერ ხედავს.”

სოსო აქუბარდიასთვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი ამჟამად შპს ”ანაკლია პორტის” საკუთრებაა. კერძო საკუთრების სახელმწიფოს, შემდეგ კი ცალკეული მფლობელების ხელში გადასვლის საეჭვო ვითარებაზე მიუთითებს ანგარიშში მოყვანილი სხვა ფაქტებიც, მათ შორის - მოქალაქეთა მიერ ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების ან მიტოვებისა. ამ ფაქტებში ერთ-ერთია საირმის მაგალითი. ანგარიშის თანახმად, 2010 წლის 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით, საირმეში სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების ოცი და უძრავი ქონების მიტოვების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შესწავლის შემდეგ მკვლევარებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის საკუთარი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლოა ნებაყოფლობითი არც კი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლისა და მუქარის შესახებ ქონების მჩუქებლები არ საუბრობენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პირდაპირი მტკიცებულებები იძულების შესახებ არ არსებობს, თუმცა არის გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც ლოგიკურად ბადებს ეჭვს:
კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე


”ეს გარემოებები ბევრია. მაგალითად, ის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას ჯგუფურად უჩნდებათ ადამიანებს ქველმოქმედების სურვილი; აგრეთვე ის, რომ ხშირად ამ ადამიანებს ამ ქონების, გაჩუქებული ქონების გარდა, სხვა ქონება საკუთრებაში არ გააჩნიათ და, ცხადია, კითხვის ნიშანს წარმოშობს ის გარემოება, რომ ადამიანი, რომელსაც მძიმე მატერიალური მდგომარეობა აქვს, რატომ უნდა გადასცემდეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ თავის უძრავ ქონებას საკუთრებაში.”

კახა კოჟორიძის შეფასებით, მსგავსი პრობლემებია ქონების მიტოვებასთან დაკავშირებითაც. განსაკუთრებით თვალშისაცემია ქონების მიტოვების ის შემთხვევები, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალსა და დროშია კონცენტრირებული და თან, როგორც წესი, ეს არეალები ეკონომიკური განვითარების ახალ პრიორიტეტულ რეგიონებს ემთხვევა ხოლმე. კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტია დაფიქსირებული. საჯარო რეესტრმა ეს ქონებაც სახელმწიფოს საკუთრებაში დაარეგისტრირა.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ”საკუთრების დაუცველი უფლების შესახებ” კვლევა ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ დააფინანსა. კვლევის მესამე ანგარიშმა საირმეში, გრიგოლეთში, ანაკლიასა და ბახმაროში დაზარალებული კერძო პირების საქმეები გააერთიანა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევაა. ამ დრომდე ამ დახმარების მიღების სურვილს მხოლოდ ერთეულები ამჟღავნებენ. ასეთ ფონზე კი კანონდარღვევების მხილება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უჭირთ. რაც შეეხება განმარტებებს ამ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრმა ეკონომიკის სამინისტროსკენ მიგვითითა, სამინისტრომ კი არ გვიპასუხა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG