Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ვსესვიატსკოეში - რუსული ვანდალიზმი პლუს ქართული გულგრილობა?


ყოვლადწმინდის სახელობის ტაძარი. მე-19 საუკუნე
ყოვლადწმინდის სახელობის ტაძარი. მე-19 საუკუნე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, ოფიციალური ნოტა გაუგზავნა. საქმე ეხება მოსკოვში, ვსესვიატსკოეს ყოვლადწმინდის სახელობის ტაძარსა და სასაფლაოზე დაწყებულ მშენებლობას, რასაც, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვში მოღვაწე ქართველთა უძველესი საფლავები ეწირება. საქართველოს მხარე რუსეთის ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს და გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გადმოასვენოს ნეშტები.

ვსესვიატსკოეს - ყოვლადწმინდის სახელობის ტაძარი მე-18 საუკუნეში არჩილ მეფის ასულმა დარეჯანმა ააგო. იქვე მოეწყო რუსეთში მოღვაწე ქართველთა პანთეონი, რომელშიც, სავარაუდოდ, სულხან-საბა ორბელიანიც უნდა იყოს დასაფლავებული. როგორც მოსკოვში მოღვაწე არქეოლოგი გიორგი რამაზაშვილი ამტკიცებს, ტაძრისა და პანთეონის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოები განადგურებით ემუქრება ამ მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას:

„აგვისტოს დასაწყისში მივედი ტაძართან არქეოლოგიური სამმართველოს თანამშრომელთან ერთად. მეურნეობის ერთ-ერთმა მუშაკმა არ დამალა და გვითხრა, რომ ახლა უკვე აქვთ ადგილი, სადაც კარტოფილის შენახვა შეიძლება. მან იგულისხმა სარდაფი, რომელიც ახალი ნაგებობების ქვეშაა მოქცეული. სარდაფი ღრმაა და, ცხადია, მისი მშენებლობა დაკავშირებული იყო ნეკროპოლისის კულტურული ფენის ნგრევასთაან.“
ვერ ვიტყვი, რომ ეს კეთდება შემთხვევით და შეუგნებლად. ეს არის ხაზგასმით აგრესია და ვანდალიზმი. ვფიქრობ, რაღაცნაირად უნდათ, რომ დაგვანახვონ როგორ სულ ერთია მათთვის ქართული კულტურა...
ნიკა ვაჩეიშვილი

გიორგი რამაზაშვილმა ეს ინტერვიუ რუსულ ტელეარხს, „ტე-ვე-ხუთს“, 2011 წლის აგვისტოში მისცა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ განგაშის ზარები რატომღაც მხოლოდ ახლა, ნახევარი წლის შემდეგ, დაარისხა. ვსესვიატსკოეში მიმდინარე ეგრეთ წოდებულ კეთილმოწყობის სამუშაოებს ვანდალიზმი უწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„ვერ ვიტყვი, რომ ეს კეთდება შემთხვევით და შეუგნებლად. ეს არის ხაზგასმით აგრესია და ვანდალიზმი. ვფიქრობ, რაღაცნაირად უნდათ, რომ დაგვანახვონ როგორ სულ ერთია მათთვის ქართული კულტურა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და საჭიროა ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს დაიგმოს დიპლომატიურ დონეზე.“

სწორედ დიპლომატიურ დონეზე აპირებს საქართველოს მთავრობა გააქტიურებას. გარდა იმისა, რომ საგარეო უწყებამ რუსეთის ხელისუფლებას შესაბამისი შინაარსის ნოტა გაუგზავნა, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის გზებს ეძებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც, მაგრამ, მონასტრის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, სამინისტროს ხელმძღვანელობა ნეშტების გადმოსვენებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას გასაკვირად, შესაძლოა უკვე გადმოსასვენებელი არც აღარაფერი იყოს. ვსესვიატსკოეს ყოვლადწმინდის სახელობის ტაძრის წარმომადგენელი ვასილი ხაპაევი ამტკიცებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების შედეგად პანთეონის ტერიტორიაზე საფლავები თითქმის აღარ დარჩა:

„აქ, როგორც ასეთი, სასაფლაო საერთოდ აღარაა! გამონაკლისია მხოლოდ დიდი მოქალაქის ივანე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონის საფლავი.“

იოანე ბაგრატიონი ცნობილი მხედართმთავრის პეტრე ბაგრატიონის მამა იყო. როგორც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე იხსენებს, სწორედ მისი ნეშტის გადასვენებას სთხოვდნენ რუსეთის მეცნიერები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში, როცა, მათი წინააღდმეგობის მიუხედავად, ტაძრის მესვეურებმა, რეკონსტრუქციის საბაბით, საფლავზე დადგმული ძეგლის გადატანა გადაწყვიტეს.

„კერძოდ, იქ არის ასეთი მეცნიერი, რუსეთის ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე, რომელმაც იცოდა იოანე ბაგრატიონის დაკრძალვის ადგილი და რომელმაც რამდენჯერმე მიმართა საქართველოს საელჩოს, ქართულ დიასპორას, რომ გაეღოთ რაღაც კაპიკები, დაახლოებთი 1500 დოლარი, რათა მოეხდინათ ექსჰუმაცია და გადაესვენებინათ ნეშტი იქ, სადაც ახლა ძეგლი დგას. ქართველებმა ყური არ გააბარტყუნეს. ის კაცი წლების განმავლობაში წერდა, მე ვარ ამის მოწმე. ბევრი სხვა საფლავიც მოექცა ამ ბეტონის ბილიკის ქვეშ, რომელზეც ლიტანიობის დროს ხალხმა უნდა იაროს“, - უთხრა ზაზა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.
თუ განადგურებისა და დაკარგვის საშიშროება დგას, რა თქმა უნდა, უნდა გადმოვასვენოთ, მაგრამ თუ არ არის ასეთი საშიშროება, მაშინ უნდა დარჩეს ეს საფლავები. ესეც ხომ ჩვენი ისტორიაა. იქ ჩავიდნენ, იქ მოღვაწეობდნენ, იქ გარდაიცვალნენ და იქ დაიკრძალნენ...
გიორგი ოთხმეზური

ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნეშტების გადმოსვენებაზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დათანხმდეს. პროფესორ გიორგი ოთხმეზურის თქმით, ყოველი მსგავსი შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს:

„კარგა ხნის წინ შემოთვალეს ასტრახანის მიძინების ტაძრიდან, რომ თითქოს იქაც რაღაცას აპირებენ და შემოგვითვალეს ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტი გადაასვენეთო. არ ვიცი, რამდენად რეალური იყო ეს მოთხოვნა და რეალურად რას აპირებდნენ, შეიძლება ჩვენზე გაბრაზებით იყო გამოწვეული მათი მუქარა... თუ განადგურებისა და დაკარგვის საშიშროება დგას, რა თქმა უნდა, უნდა გადმოვასვენოთ, მაგრამ თუ არ არის ასეთი საშიშროება, მაშინ უნდა დარჩეს ეს საფლავები. ესეც ხომ ჩვენი ისტორიაა. იქ ჩავიდნენ, იქ მოღვაწეობდნენ, იქ გარდაიცვალნენ და იქ დაიკრძალნენ.“

და ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, ვსესვიატსკოეს პანთეონშია დაკრძალული დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. საქართველოს ხელისუფლება კი არც მისი ნეშტის გადმოსვენების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა, ისტოროკს ზაზა აბაშიძის თქმით, დანამდვილებით არავინ იცის, სად მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის საფლავი.

„მანდ არის დაკრძალული არქიმანდრიტი საბა და ვარაუდობენ, რომ ის არის სულხან-საბა ორბელიანი, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ასევე ვარაუდობენ, რომ სულხან-საბა დასაფლავებული უნდა იყოს ნიკოლსკაიას ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - უთხრა ზაზა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG