Accessibility links

logo-print
დასაწყისისთვის თვალი გადავავლოთ ჯაზურ ინსტრუმენტთა საგვარეულო ფოტოალბომს. მაგალითად, ამ გაცრეცილ ფოტოზე ბადი ბოლდენის კორნეტია აღბეჭდილი. ამბობენ, ჯაზი მისი წყალობით დაიბადაო. ხოლო ამ ახალორლეანურ პიანინოზე პირველი ჯაზური პიესები იქმნებოდა. ერთ კრეოლ კაცს ეკუთვნოდა - ჯელი როლ მორტონს. ესეც კორნეტია. ოღონდ ამჯერად ფოტო ჩრდილოეთშია გადაღებული. მისი მეშვეობით ჯოზეფ ოლივერმა ჯაზი ჩიკაგოელებს მოასმენინა. ეს კი მისი პატარა ძამიკო გახლავთ. ფოტოგენურიაო, ვერ იტყვი, სამაგიეროდ, გვარში ყველაზე განთქმული და სახელოვანი იყო. იცანით? დიახ, ის დაჭეჭყილი თუნუქის საყვირია, ყმაწვილმა საჩმომ ნასესხები ხუთი დოლარით რომ შეიძინა.

ხსენებული ბატონები ჯაზური ოჯახის ბურჯები და მარჩენალნი ბრძანდებოდნენ, მოდგმის ნამუსსა თუ პატიოსნებას პატრონობდნენ. მათ ჯალაბს თუ ვინმე დაუნათესავდებოდა, სიხარულით იღებდნენ, სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდნენ. თუმცა, უხუცესების „ჯაზურკაცური“ სიტყვა კანონი გახლდათ და კარგა ხანს მათ ენის შებრუნებასაც ვერავინ უბედავდა. მაგალითად, კონტრაბასი ჯაზის დიდ ოჯახიშვილობაზე კი დებდა თავს, მაგრამ წლები გულჩათხრობილი დუდღუნებდა, რადგან უფროსების ჭკუაზე უწევდა სიარული. არადა, მეტად კომუნიკაბელური ვინმე იყო და სათქმელიც ბევრი დაგროვებოდა. ჰოდა, მხოლოდ 60-იანებში გაიხარა, როცა ჯაზური ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღიარეს. ადრე თუ მხოლოდ უხუცესთა რიტმული თანხლება ევალებოდა, სოლირება დაიწყო და უბადლო მჭევრეტყველიც გამოდგა.

ცხადია, ამგვარ წარმატებაში ლომის წილი მუსიკოსებს მიუძღვით. ასეთები კი მრავლად იყვნენ. მაგრამ დღეს ერთი მათგანი ვახსენოთ - ნილს ჰენინგ ორსტედ პედერსენი, კონტრაბასისტი „ბებერი კონტინენტიდან“. ევროპელმა ერთ-ერთმა პირველმა დაამსხვრია დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც ყველაზე მაგარ ბასისტებად იმ დროს მხოლოდ ამერიკელები მოიაზრებოდნენ. მუსიკოსის გადამკიდე, ხანდახან იმასაც კი იფიქრებდი, ამქვეყნად კონტრაბასზე დასაკრავად დაიბადაო. დანიელმა ვიკინგმა ისნტრუმენტის მსხვილი, ჭირვეული სიმები 15 წლის ასაკში მოარჯულა და მოგუდული დუდუნი ტკბილხმოვანებად აქცია. თანაც, გიტარისტივით ირჯებოდა, მარჯვენა ხელის ოთხივე თითით ადენდა ნატიფ, საამო ბგერებს, მაშინ როცა მისი კოლეგები ამას ერთით ან, მაქსიმუმ, ორითღა თუ ახერხებდნენ.

პატარა საქმე არც ის გახლდათ, 17 წლის ბიჭი კლასიკოსმა კაცმა კაუნტ ბეისიმ თავის ორკესტრში რომ მიიპატიჟა. თუმცა, ბიჭმა პიანისტი უარით გაისტუმრა - რატომღაც დანიის რადიოს ორკესტრის მუსიკოსობა არჩია და ვერც კოპენჰაგენის ცნობილ ჯაზ-კლუბს - „მონმარტრს“ (Copenhagen's Jazzhus Montmartre) - შეელია, სადაც პერიოდულად უკრავდა. ამიტომ ამერიკელი ჯაზმენები იქეთ დანიაში აკითხავდნენ. ასე ჩაუბასა როლანდ კირკს, სონი როლინსს, დექსტერ გორდონს, ბილ ევანსს, და ბად პაუელიც ზედ მიაყოლა.

70-იან წლებში პედერსენს მაინც მოუხდა ამერიკულ სცენაზე გადანაცვლება. იქ გადაეყარა ერთ ყველასგან გამორჩეულ პიანისტს, რომელზეც ხულიო კორტასარი ამბობდა, მასში ერთდროულად არის რაღაც ვეფხვისებურიც და ხავერდოვანიცო. დიახ, ოსკარ პიტერსონის გვერდით აღმოჩნდა, ჯაზური ფორტეპიანოს „მაჰარაჯას“ გვერდით. ხოლო კანადელის ამბავი კარგად მოგეხსენებათ, მის გიჟურ ტემპს ვერც დრამი და ვერც კონტრაბასი დიდხანს ვერ უძლებდა, ჩერდებოდნენ და ისიც თავის სოლოს გიჟური ტემპით მარტოკა მიერეკებოდა. სკანდინავიელის წყალობით კი პიანისტს მარტოსულობა ნამდვილად აღარ ემუქრებოდა. პედერსენი იმხანად ერთადერთი კონტრაბასისტი გამოდგა, ვისაც ოსკარის დადევნება შეეძლო. საშემსრულებლო ტექნიკა სანაქებო ჰქონდა, თითების სისხარტე ჩინებული, ბგერებიც - გამოყვანილი და მკაფიო. მოკლედ, მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. პიტერსონი და პედერსენი გვარითაც კი ერითმებოდნენ ერთმანეთს.

პედერსენი მეტწილად უწყინარ ჯაზურ სტანდარტებს ასრულებდა, თუმცა, არც ნოვატორული ძიების ჟინს უჩიოდა - გაუკვალავ, ველურ მუსიკალურ სამყაროშიც მოგზაურობდა ხოლმე. ვიკინგი წინაპრებივით იქცეოდა, რომელთაც დღენიადაგ სიახლისკენ სწრაფვა ამოძრავებდათ, მღელვარე ოკეანეებს არ უშინდებოდნენ და ახალი მიწების აღმოსაჩენად გემებს ამაყად დააცურებდნენ. სწორედ ასე შეაბიჯა მუსიკოსმა ჯაზის რადიკალურ ქვეყნებში, ჯაზ-ავანგარდსა და თავისუფალ ჯაზს რომ ეძახიან. ამ სიტყვების დასტურად, საქსოფონისტ არჩი შეპთან გასაუბრებას გავიხსენებ, რომელიც გაიმართა 1980 წლის ალბომზე „Lookin' At Bird“.

კონტრაბასისტის ბასურ ბგერაზე და ინსტრუმენტული მეტყველების ტექნიკაზე უკვე ვთქვი, ბადალი რომ არ ჰყოლია. მსგავსი ტიპის ვირტუოზებს საშემსრულებლო ტექნიკა კი ჩინებული აქვთ ხოლმე, მაგრამ საიმპროვაზაციო ერთფეროვნებაში არიან შემჩნეული. მარტივად რომ ვთქვა, სიღრმე აკლიათ, ლაღად აზროვნება უჭირთ და ჰარმონიულ-ფრაზეოლოგიურ მხარეში მოიკოჭლებენ. პედერსენი კი სუსხიანი სკანდინავიიდან კი იყო, მაგრამ, კონტრაბასს ჩახუტებული, გულისნადებს ისე გაგანდობდა, თითქოს გაყინულ სახეზე თბილი ხელებით გეხებიანო.
XS
SM
MD
LG