Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი გაეროში აშშ-ის ყოფილ წარმომადგენელს შეხვდა


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა შეხვდა გაეროში აშშ-ის ყოფილ წარმომადგენელს ფრენკ ვიზნერს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაოცებულია საქართველოს შესახებ ამერიკელი დიპლომატის ცოდნით. ”ქართული ოცნების” ლიდერმა აღნიშნა, რომ ფრენკ ვიზნერი საქართველოს კონსტიტუციასაც კი ზოგიერთ ადგილობრივ პოლიტიკოსზე უკეთ იცნობს და კარგად აცნობიერებს ბოლოდროინდელ ცვლილებებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფრენკ ვიზნერთან, რომელმაც საკმაოდ რთული შეკითხვებიც დაუსვა, იმსჯელეს იმაზეც, თეორიულად როგორი სახელისუფლებო კრიზისია მოსალოდნელი 2012 და 2013 წლებს შორის, არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაშიც კი. "გვქონდა საინტერესო საუბარი და მივიღეთ საინტერესო რჩევები, როგორ გავაგრძელოთ მომავალი არჩევნებისთვის ბრძოლა ამავე სტილით, რათა შემოდგომაზე მივიღოთ რეალურად დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა ”ქართული ოცნების” ლიდერმა. ფრენკ ვიზნერი, რომელიც თბილისში ბიძინა ივანიშვილის მიწვევით იმყოფება, სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი ეგვიპტესა და გაეროში, შარშან კი პრეზიდენტ ობამას დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ეგვიპტის პრეზიდენტ მუბარაქთან ხელისუფლებიდან მისი წასვლისა და ქვეყანაში არსებული ძალადობის შესაწყვეტად. ამ ფაქტიდან გამომდინარე საქართველოში მისი სტუმრობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ფრენკ ვიზნერმა უპასუხა, რომ მისი შეფასებით, ორ ძალიან განსხვავებულ სახელმწიფოს შორის რაიმე ზუსტი პარალელები არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ კარგად გაეცნო საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას, ახლოს გაეცნო ივანიშვილს და კარგი გაკვეთილი მიიღო. ”ველოდები, რომ გვექნება თანამშრომლობის და ერთად მუშაობის საშუალება”, - განაცხადა ვიზნერმა. მისივე თქმით, საქართველომ დაიწყო დემოკრატიის პროცესი და ახლა ყველას სურს იხილოს რეალური, ღრმა დემოკრატია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ქართველი, ხელისუფლება და ოპოზიცია.
XS
SM
MD
LG