Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „პოლიტიკური ბრძოლების“ შემდეგ ერთიანობის მოწოდებით გამოდის


რუსეთის არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს გაერთიანდნენ და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში - მას შემდეგ, რაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს დაძაბულობა მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის რანგში პარლამენტის მიმართ თავის უკანასკნელ მიმართვაში პუტინმა ქებით ისაუბრა მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ. პუტინის განცხადებით, ქვეყნის განვითარების საერთო მიზანმა ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გააერთიანოს. 2000-დან 2008 წლამდე პუტინი უკვე იყო რუსეთის პრეზიდენტი. ახალი, 6-წლიანი ვადით მისი ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება. რუსეთში დეკემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბების შესახებ ბრალდებები და ქუჩის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი პუტინის პოლიტიკური დომინაციის გამო მწვავე უკმაყოფილებას გამოთქვამს. რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უჩვეულოდ, ოპოზიციური, „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა პარლამენტის დარბაზი დატოვეს კამათის საგნად ქცეული მერის არჩევნების შესახებ შეკითხვაზე პუტინის პასუხის გაპროტესტების მიზნით. უფრო ადრე პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი აქციის გამართვის მცდელობისას დააკავა.
XS
SM
MD
LG