Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, იზრდება ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების მოცულობა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, მიზნად ისახავს მოძრაობის მოწესრიგებასა და უსაფრთხოების გაზრდას. საინტერესოა რომელი დარღვევისთვის რა თანხის გადახდა მოუწევთ მძღოლებს და რას ფიქრობენ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შესახებ.

გიორგი ცინცაძე ავტომობილს 18 წლიდან მართავს. 40 წლიანი გამოცდილების მქონე მძღოლი ამბობს, რომ მოძრაობის წესებს იშვიათად არღვევს, თუმცა, ამის მიუხედავად, არ იწონებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მთელი რიგი დარღვევებისათვის ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს:

„ძალიან გამკაცრებულია! 200 ლარი ჯარიმა ღერძულა ხაზის მეორედ გადაკვეთისათვის, თან თბილისში მოძრაობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ღერძულა ხაზი აახვიო და სახლში წაიღო. ან 50 ლარით რომ მაჯარიმებ მოხვევის ნიშნის არჩართვის გამო, ეს ძალიან დიდია. ისე კი უნდა იყოს ჯარიმა, მაგრამ ამხელა არა!“
საქართველოში 2011 წელს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთის 1311 შემთხვევა დაფიქსირდა ...

ჯარიმები მართლაც დიდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ღერძულა ხაზის გადაკვეთისათვის ჯარიმა, 50 ლარის ნაცვლად,100 ლარი იქნება. წლის განმავლობაში მეორედ გადაკვეთისათვის მძღოლს 200 ლარის გადახდა მოუწევს. 50 ლარით დაჯარიმდება გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება, მოძრაობის დაწყების და მანევრირების წესების დარღვევა. საავარიო ვითარებისა თუ საცობის შექმნისთვის ჯარიმა 100-დან 200 ლარამდე გაიზრდება. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანმა ამ ცვლილებებმა რადიკალურად უნდა შეცვალოს საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება:

„საქართველოში 2011 წელს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთის 1311 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ჩანს, რომ დაბალმა 50 ლარიანმა ჯარიმებმა ვერ გამოიღო სასურველი შედეგი, ამიტომ, მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავამკაცროთ ეს ჯარიმები.“

გია ხუროშვილის მიერ გახმიანებულ მთავრობის ამ ინიციატივას აღფრთოვანებით არ შეხვედრია საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია, თუმცა მისი პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ მძღოლებმა, მართვის დაბალი კულტურის გამო, ხელისუფლებას არჩევანი არ დაუტოვეს. მელაძის თქმითვე, ვითარება ვერც ფედერაციის მიერ ჩატარებულმა საგანმანათლებლო ღონისძიებებმა შეცვალა:

თბილისში იმხელა სივრცე ტრანსპორტის სამოძრაოდ არ არის, რომ ხაზის გადაკვეთაზე ამხელა ჯარიმა დააწესო - მით უმეტეს, რომ ავარიული სიტუაციები ხშირ შემთხვევაში სხვა რამის გამო იქმნება ...
„ის, რომ ზოლების დაცვა შეგვეძლო; ის, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ; ის, რომ მარტო ჩვენს თავზე არ ვიფიქროთ - ყოველივე ამის უგულებელყოფა ქმნის საცობებსა და ავტოსაგზაო შემთხვებს, ანუ ყველაფერი, საბოლოოდ, მიდის კულტურამდე. ის, რომ ჯარიმები გაიზრდება, რა თქმა უნდა, ცუდია, იმიტომ რომ ჩვენს ჯიბეს შეეხება, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ კონკრეტულ სიტუაციაში, უბრალოდ, ფიზიკურად არ არის. ის, რომ ჩვენს ჯიბეს შეეხება, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება ფრთხილად ვიყოთ დარღვევებთან.“

მევლუდ მელაძის ამ გაფრთხილების საწინააღმდეგო არაფერი აქვს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს, თუმცა მიიჩნევს, რომ მხოლოდ სასჯელის გამკაცრება პრევენციის ეფექტიანი საშუალება ვერ იქნება:

„თბილისში იმხელა სივრცე ტრანსპორტის სამოძრაოდ არ არის, რომ ხაზის გადაკვეთაზე ამხელა ჯარიმა დააწესო - მით უმეტეს, რომ ავარიული სიტუაციები ხშირ შემთხვევაში სხვა რამის გამო იქმნება. მაგალითად, მარჯვნიდან ვიღაც გისწრებს და იძულებული ხარ ხაზისკენ წაიწიო. ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე ჯარიმების დაწესება არაფერს არ იზამს, იმიტომ რომ პირობები არ შეიცვლება. კანონები უნდა იყოს სამართლიანი, ანუ თუ კანონის შესრულების პირობებს შექმნი, მერე სამართლიანია მოითხოვო კანონის დაცვა.“

რამაზ საყვარელიძის თქმით, ასევე სამართლიანობა მოითხოვს, უკეთესად იყოს ორგანიზებებული და მოწყობილი პარკირებისათვის განკუთვნილი ადგილები, რაც თბილისელ მძღოლთა დაჯარიმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა გიორგი ცინცაძე, 40 წლიანი გამოცდილების მძღოლი, მიიჩნევს, რომ უმთავრესი პრობლემა მაინც გზების გადატვირთულობა და მისგან გამომდინარე დარღვევებია:

„პიკის საათის დროს, როცა გზებზე საცობებია, ხაზთან შეხება ძალიან ბევრ მძღოლს უწევს. ამხელა ჯარიმების დაწესება ნიშნავს იმას, რომ მანქანა უნდა დააყენო და ცალ ფეხზე იხტუნაო ქალაქში“, უთხრა გიორგი ცინცაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG