Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავშირი მედიაციასა და სამედიცინო მომსახურებას შორის


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო მედიაციის სამსახურის უფროსის თანმდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მედიაციის სამსახურის გაუმჯობესებული მუშაობით შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაზღვეულმა პირებმა უკეთესი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მედიაციის სამსახური განსაკუთრებულ დატვირთვას მაშინ შეიძენს, როცა სახელმწიფო ხარჯზე დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონამდე გაიზრდება, ეს კი წლის ბოლოსთვის უნდა მოხდეს. რამდენად შესაძლებელია კარგი მედიაციით კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება და რას ნიშნავს 2 მილიონი ადამიანი თავად დაზღვეულთათვის და სამედიცინო სფეროსთვის?

მაშინ როცა სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა მატულობს და 2012 წლის ბოლოსათვის ამ რიცხვმა 2 მილონი უნდა შეადგინოს, ანუ საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე უნდა იყოს დაზღვეული, საჭიროა სახელმწიფო მედიაციის სამსახურის გაძლიერება, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 12 აპრილს პრესკონფერენციაზე. აქვე ვთქვათ, რომ დღეს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულია 900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი და წელიწადში ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი. იმაზე, რომ სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ფინანსური საკითხები მოუგვარებელია და რომ საავადმყოფოთა ნაწილის მიმართ სადაზღვეოებს დავალიანებები აქვთ, ზურაბ ჭიაბერაშვილს 19 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლის დროსაც უთხრეს. როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მინისტრმა პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ მედიაციის სფეროს გაუმჯობესებით დაიწყო:

ეს შეიძლება გამოხატული იყოს არასრულფასოვან, არასრულყოფილ სამედიცინო სერვისში, შეიძლება იყოს მედიკამენტების არანაზღაურებაში, არაკვალიფიციური მომსახურების გაწევის კუთხით ...
ლევან კალანდაძე
”მედიაციის სამსახურის გაძლიერება შედეგად მოგვცემს ურთიერთობის დარეგულირების საშუალებას, როგორიც არის დაზღვეული-საავადმყოფო, დაზღვეული-სადაზღვევო კომპანია და, რაც მთავარია, საავადმყოფო და სადაზღვევო კომპანია.”

ოპონენტების შეფასებით, მართალია, სახელმწიფო მედიაციის სამსახურის ფუნქციების გაძლიერება კარგია, მაგრამ ეს არასაკმარისი პირობაა. მაგალითად, ”ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მხოლოდ ეს პირობა სადაზღვევო მომსახურებას ვერ გააუმჯობესებს, და მიზეზად სფეროში არსებულ საკანონმდებლო ნაკლოვანებებს ასახელებს. საკანონმდებლო დონეზე საერთოდ არაფერია გაწერილი იმ შემთხვევისთვის, თუ სადაზღვევო მხარე მომსახურების საფასურს დროულად არ აანაზღაურებს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბენეფიციარები, ანუ დაზღვეულები, არიან, რადგან მათი უფლებები ყოველ წუთას შეიძლება დაირღვეს:

”ეს შეიძლება გამოხატული იყოს არასრულფასოვან, არასრულყოფილ სამედიცინო სერვისში, შეიძლება იყოს მედიკამენტების არანაზღაურებაში, არაკვალიფიციური მომსახურების გაწევის კუთხით და ა.შ. აი, ეს ნაწილი ყველაზე დაურეგულირებელია და შესაბამისი მექანიზმები ქართულ კანონმდებლობაში პრაქტიკულად არ არის”,-ამბობს ლევან კალანდაძე.

სამედიცინო მომსახურების არაკვალიფიციურობა ხშირად სადაზღვევო პაკეტის ფასით არის გამოწვეული, მიიჩნევს მაგდა ანიკაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი. მაგალითად, მისი შეფასებით, სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებული თანხა საბაზრო ფასების ნახევარია: თუ მშობიარობის საბაზრო ფასი 800-1000 ლარია, სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი 400 ლარიან დაფინანსებას ითვალისწინებს, ეს კი, როგორც მაგდა ანიკაშვილი ამბობს, წინასწარვე იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომსახურება კვალიფიციური ვერ იქნება:

” იმედი მაქვს, რომ ეს სამედიცინო თვალსაზრისით არ ხდება, მაგრამ პირობებს, კვებას და ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ე.ი. მშობიარე ქალბატონებს ძალიან ბევრი რამ აკლდებათ.”

გამტარუნარიანობა როგორია ჩვენი საავადმყოფოების, რამდენი ადამიანის მიღება შეუძლიათ დროის ერთეულში და, ამავე დროს, რამდენად ხარისხიანი სერვისის გაცემა შეუძლიათ ...
გიორგი გიგოლაშვილი
იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიები იაფ სადაზღვევო პაკეტზე თანხდებიან, ეს, მაგდა ანიკაშვილის ინფორმაციით, იწვევს იმას, რომ ბევრი ადამიანი ან უარს იღებს სამედიცინო მომსახურებაზე, ან ეს მომსახურება არასრულყოფილია. მაგდა ანიკაშვილი ასეთ ვითარებაში ხელისუფლების ინიციატივას 2 მილიონამდე გაზარდოს დაზღვეულთა რაოდენობა, მით უფრო შეცდომად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უფროა, ვიდრე რეალური ზრუნვა სოციალურად დაუცველებზე, რადგან, სახელმწიფოს მხრიდან ხარჯების გაზრდის მიუხედავად, მომსახურების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება და შესაძლოა პოლისის მფლობელებისთვის ის, უბრალოდ, ფარატინა ფურცლად იქცეს.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო საკუთარ სადაზღვევო პაკეტს ახლა უკვე ისეთ სოციალურ ფენას შესთავაზებს, როგორიც არის 67 წელს გადაცილებული პენსიონერი და 0-იდან 6-წლამდე ასაკის ბავშვები, ”საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის” პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი სამედიცინო მომსახურების საკითხს დიდ კითხვის ნიშანს უსვამს და ამის მიზეზად სამედიცინო მომსახურების სფეროს ინფრასტრუქტურას ასახელებს. გიორგი გიგოლაშვილის სიტყვებით, ეს არის ყველაზე მაღალი რისკჯგუფი. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართვიანობა გაეზრდებათ, რაც სფეროს გამტარუნარიანობას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის:

”გამტარუნარიანობა როგორია ჩვენი საავადმყოფოების, რამდენი ადამიანის მიღება შეუძლიათ დროის ერთეულში და, ამავე დროს, რამდენად ხარისხიანი სერვისის გაცემა შეუძლიათ. მე მინახავს რიგები სამედიცინო დაწესებულებებში და ერთსა და იმავე დაწესებულებას 2 თითქმის ერთი და იმავე ადამიანისთვის სხვადასხვა ხარისხის სერვისი შეუთავაზებია, ანუ რამდენად შეუძლიათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სუბიექტებს საკუთარი საქმიანობის ხარისხის მართვა... ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ დაიკვეხნის თავისი მაღალი ან თუნდაც საშუალო ხარისხით.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG