Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 აპრილი, 2012


"ქართული ოცნების" "მძიმეწონოსნები" წინასაარჩევნოდ რეგიონებში გადასახლდებიან”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი” მოწინავე სტატიაში. სტატიის სათაურია - "ის, რაც ადრე ჩამოტარებით იყო პოლიტიკურ სუფრაზე, ახლა იქნება ჩადგმით". ”რეზონანსის” ცნობით, ”ქართული ოცნების” ლიდერები რეგიონში გადავლენ სამუშაოდ: ირაკლი ალასანია - სამეგრელოში, დავით ბერძენიშვილი - გურიაში, გუბაზ სანიკიძე - იმერეთში, ზვიად ძიძიგური - ქვემო ქართლში, ირაკლი სესიაშვილი კი - კახეთში. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ პოლიტიკური ცეცხლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ, ხელისუფლებას ამის რესურსი არა აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეყოფა რეპრესიული და პროპაგანდისტული რესურსი, რათა ყველგან წარმატებით გვებრძოლოს", - უთხრა ”რეზონანსს” რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა.

”ქრონიკა” აქვეყნებს ინტერვიუს სოზარ სუბართან, რომელიც ჰყვება, როგორ იყო შვეიცარიაში, როგორ ნახა იქ ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე და რა უთხრა მან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე. სუბარი ამბობს, „ეს ადამიანი კომახიძესთან გაგზავნა კონკრეტულმა პიროვნებამ, რომელსაც ვახო ასევე იცნობს და ენდობა. ის გამგზავნი თავად უნდა ყოფილიყო ივანიშვილის ლიკვიდაციის საქმის მონაწილე - არა უშუალოდ შემსრულებელი, არამედ ერთ-ერთი მომამზადებელი. ამ ადამიანს გაუჩნდა შიში, რომ ამის შემდეგ მას საფრთხე შეექმნებოდა. რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ეს საქმე მაინც გაიხსნებოდა და მისი მონაწილეობა არ დაიმალებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, ეს ამბავი გაეხმაურებინა და ამ გზით ჩაეშალა ივანიშვილის ლიკვიდაციაო.”

”ახალი თაობა” კი წერს, ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა ფრენკ ვიზნერს - ადამიანს, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გაზეთი საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო რეაქციაზე წერს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ”ალბათ სააკაშვილს ვიზნერის გვარის გაგონებაზე გააჟრჟოლა და თანაგუნდელებთან ერთად სპეციალური გეგმები დასახაო”. თუ რატომ, გაზეთი ამას ასე ხსნის: ვიზნერის ბიოგრაფიაში საინტერესო თარიღი 2011 წლის 31 იანვარი გახლდათ, როდესაც ობამამ ის ეგვიპტეში მუბარაქთან ძალადობის შეწყვეტისა და გადადგომის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად გაგზავნაო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG