Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონოპოლიზებული პატრიოტიზმი და მიუტევებელი სტიგმა


ქართველი კონსტრუქტორების მიერ სამხედრო ტექნიკის სამამულო ნიმუშების - ჯავშანმანქანების „დიდგორისა“ და „ლაზიკის“, ახლახან კი ჯერჯერობით უსახელო უპილოტო საფრენი აპარატის - შექმნამ, ნამდვილ ეიფორიაში ჩააგდო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო ხანს მოჭარბებული თვითკმაყოფილებით საუბრობს მის მიერ ჩაფიქრებული, გაკეთებული, განხორციელების პროცესში მყოფი თუ უბრალოდ ქაღალდზე არსებული პროექტების გამო.

ამჯერადაც, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა რამდენიმე საველე გასვლით უტყუარად შეაფასა ქართველი იარაღის მწარმოებლების ნახელავი, მოგვარებულად ჩათვალა ქართული სამხედრო ძალების მაღალტექნოლოგიური საბრძოლო იარაღით მომარაგება, ნიშნის მოგებით ისაუბრა რუსეთის სამხედრო სამრწევლო კომპლექსის კატასტროფულ დეგრადაციაზე და ახლო მომავალში ქართული წარმოების ტექნიკის ფართო ექსპორტზე გატანაც იწინასწარმეტყველა.

ამ დევიზს მახვილივით იქნევს ხელისუფლება, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს პატრიოტიზმი და მზად არის ანათემას გადასცეს ყველა, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რომელიმე სამხედრო პროექტს.

ქვეყნის პირველი პირის ასეთი აგრესიული რიტორიკა, მრავალჯერ და ფართოდ ტრანსლირებული სამხედრო-პატრიოტული რემარკები ადგილს არ ტოვებს განსხვავებული აზრისა და ჯანსაღი ოპონირებისათვის, რაც მიუტევებელ სტიგმად აღიქმება. „ვისაც გვჯერა გაგვატარეთ“, - ამ დევიზს მახვილივით იქნევს ხელისუფლება, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს პატრიოტიზმი და მზად არის ანათემას გადასცეს ყველა, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რომელიმე სამხედრო პროექტს, იქნება ეს ე.წ. ნებაყოფლობითი სამხედრო სარეზერვო შეკრება, თუ სამხედრო ტექნიკის წარმოება.

მაგრამ, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ პატრიოტიზმი და ეკონომიკური გათვლა არ არის ურთიერთგამომრიცხავი ცნებები.

გულახდილად ვამბობ, პატრიოტულად დიახაც მომწონს „ლაზიკაც“, „დიდგორიც“ და უპილოტო სისტემაც, მაგრამ როდესაც მიმტკიცებენ, რომ ქართველი სამხედრო კონსტრუქტორების მიერ შექმნილი საბრძოლო ტექნიკა ჩანასახშივე კონკურენტუნარიანია და არ მეუბნებიან, თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს ბიუჯეტს ერთი მოდელის ანდა მთელი საწარმოო ციკლის აწყობა, - მაშინ მაქვს უფლება, ეჭვი შევიტანო ამ წამოწყების პერსპექტიულობაში.

კაი, ბატონო, ვთქვათ პატრიოტული მოსაზრებით გადავყლაპე ეს პოლიტიკური ფურაჟი და დავიჯერე, რომ რუსულ თუ ისრაელის ორიგინალზე დამყნობილი ქართული ჯავშანტექნიკა და უპილოტო აპარატები, როგორც პრეზიდენტი ამბობს, „მართლა ძალიან მაგარია“. მაგრამ როგორ დააჯერებ ამას უცხოელ ექსპორტიორს, რომელსაც იმავე მოდელისა და მრავალ საერთაშორისო ექსპერტიზაგავლილ საბრძოლო ტექნიკას გაცილებით იაფად შესთავაზებენ ისრაელელი, უკრაინელი, რუსი, ავსტრიელი, თურქი თუ გერმანელი იარაღის მწარმოებელი?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ზემოხსენებული იარაღის შესახებ თქვენ ნახავთ ყველანაირ ინფორმაციას, გარდა ნაკეთობის საბაზრო ღირებულებისა, რაც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მის ანალოგებს ბევრად აღემატება.



თუკი ზოგიერთი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ადგილზე წარმოება იმაზე ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე მისი იმპორტი, მაშინ იქნებ ისევ გაკვალული გზით სიარული ჯობდეს?

დიახ, სასიხარულოა, რომ ლამის სასიკვდილოდ განწირული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები „დელტა“, სატანკო ქარხანა და თბილავიამშენი ბოლო ორი წლის განმავლობაში ისევ ეღირსა სახელმწიფო დაკვეთას, ხოლო ქართველმა კონსტრუქტორებმა დიდი შრომის ფასად შექმნეს საბრძოლო ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის ნიმუშები. მაგრამ თუკი ზოგიერთი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ადგილზე წარმოება იმაზე ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე მისი იმპორტი, მაშინ არარენტაბელური იარაღის გამოშვების ნაცვალად, იქნებ ისევ გაკვალული გზით სიარული ჯობდეს?

მით უფრო, რომ კოოპერირება და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან, საქართველოს ხელისუფლების სიტყვებით რომ ვთქვათ, კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპის სივრცეს და ნატოს და ,პრინციპით, „ხელი ხელს ბანს“, ქართული სამამულო პროდუქციის დაწინაურებასაც ხელს შეუწყობს ევროპულ ბაზრებზე.

მაგრამ თუკი საქართველოს ხელისუფლება ნიშნის მოგებით და აბსტრაქტულად ისაუბრებს დასავლეთის მავან სიტყვის გამტეხ ქვეყნებზე (რომლებმაც ხვეწნა-მუდარის მიუხედავად საქართველოს არ მიაწოდეს ანტისატანკო და ანტისაჰაერო სისტემები), მაშინ გუშინდელი პარტნიორები მომავალში, შესაძლოა, საშიშ კონკურენტებად იქცნენ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ქართული იარაღი არ მოხვდეს იარაღის მსოფლიო ბაზარზე, სადაც ისეთივე მძაფრი კონკურენციაა, როგორც სხვა ბაზრებზე, სადაც სხვადასხვა გზებით ხდება კონკურენტების დისკრედიტაცია და გზიდან ჩამოშორება.

საჭიროა იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება გაიყიდოს სამხედრო პროდუქცია, რომელი ქვეყანაა პოტენციური ინვესტორი, ანდა საქართველოსთან თანამშრომლობის მსურველი.

სწორედ ასეთი არაჯანსაღი კონკურენციის ბრალია ის, რომ ქართული სამხედრო მრეწველობის ფლაგმან „თბლიავიამშენს“, რომელიც მართლაც კონკურენტუნარიან ბრენდს „სუ-25“ ტიპის მოიერიშეს აწარმოებდა, ბოლო წლებში პრაქტიკულად შეუწყდა საერთაშორისო შეკვეთები. ახლა, როცა საქართველო ახალ ამბიციურ სამხედრო პროექტებზე საუბრობს, საჭიროა იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება გაიყიდოს სამხედრო პროდუქცია, რომელი ქვეყანაა პოტენციური ინვესტორი, ანდა საქართველოსთან თანამშრომლობის მსურველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ კარგად უნდა იფიქროს, რას მოიგებს და რას წააგებს მხოლოდ საქართველოს სამხედრო ძალების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის წარმოების ასაწყობად.

ყველაფერში პირველობის სურვილი და ორიგინალობა ახლოსაა არტისტულ ქართულ ბუნებასთან, მაგრამ საწარმოო ურთიერთობას პრაგმატიზმი და თანამედროვე ბაზრის პრინციპების ცოდნა უფრო შეჰფერის. ამ ფონზე ცოტა გაუგებარია ზოგიერთი ექსპერტის მტკიცება: სჯობს ორჯერ ძვირი გადავიხადოთ და ადგილზე ვაწარმოოთ, ვიდრე ფული სხვებს მივცეთ და გარედან იაფად შემოვიტანოთო. კი, მაგრამ სად არის აქ საღი ეკონომიკური აზრი და რენტაბელობა? ამ ლოგიკით მაშინ საქართველოში უნდა ავაწყოთ მანქანათმშენებლობა ყოფილი "კაზის" (ცნობილ "შინმოუსვლელ" სატვირთოებს რომ უშვებდა) ბაზაზე და შევწყვიტოთ ცნობილი ბრენდების გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან და აშშ-დან შემოტანა. ანდა ქუთაისის სატრაქტორო ქარხანას დავუკვეთოთ ტრაქტორების გამოშვება, რადგან ამითაც დაზოგავთ კაი გვარიან ფულს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპის უკანსაკნელ დიქტატორ ალექსანდრ ლუკაშენკოს უხდის დიდი რაოდენობით ტრაქტორ "ბელორუსების" შესაძენად.

ცალკეულ ექსპერტებზე რომ იყოს მხოლოდ ლაპარაკი, რა უჭირდა. „ჩვენ დავიწყეთ ჩვენი წარმოების აწყობა და აღმოჩნდა, რომ უმაღლესი მათემატიკა არაფერი არ არის, უბრალოდ უნდა კარგი ორგანიზება“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 11 აპრილს.

თუ ეს მიხეილ სააკაშვილს არ წამოსცდენია და ქართული იარაღი მართლა „უმაღლესი მათემატიკის“ გარეშეა შექმნილი, მაშინ საქმე იმაზე უფრო უარესად ყოფილა ვიდრე ჩემნაირ „ურწმუნო თომას“ ჰგონია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG