Accessibility links

logo-print
გაეროს შუამავლობით დადებული ზავი, რომელიც სირიაში ხუთშაბათს დილაადრიან ამოქმედდა, როგორც ჩანს, მიუხედავად რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტისა, ძალაში რჩება.

აქტივისტების ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა მშვიდობიან მოქალაქეებს რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაუხსნეს და, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ცენტრალურ ქალაქ ალეპოში აფეთქდა გზაზე დამონტაჟებული ბომბი, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, დაიჭრა 24 ოფიცერი და კადეტი.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აცხადებს, რომ ზავის ამოქმედების შემდეგ სიტუაცია სირიაში უფრო მშვიდია, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა, ბან კი-მუნის აზრით, ახლა სირიის მთავრობაზეა დამოკიდებული უერთგულებს თუ არა თავის დაპირებას და შეინარჩუნებს თუ არა ზავს: „მოცემულ მომენტში სიტუაცია უფრო მშვიდი ჩანს. მას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. თუმცა მსოფლიო სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან სირიის მთავრობის მიერ წარსულში დადებული ბევრი პირობა არ შესრულებულა.“

ასადის სიტყვები ბოდვას უდრის. ეს ზავი დიდხანს არ გაგრძელდება. ის უკვე ერთი წელიწადია ასეთ პირობას დებს ...
აქტივისტები იუწყებიან, რომ მთავრობის ჯარები ჯერჯერობით არ გასულან მღელვარე ადგილებიდან, როგორც ამას სირიაში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს.

მთავარი ოპოზიციური ჯგუფის - სირიის ეროვნული საბჭოს - პრესმდივანმა ბასმა კოდმანიმ ხუთშაბათს ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა: „დღევანდელი, ამ დილას არსებული სურათით, მძიმე შეიარაღება დასახლებულ ადგილებში ყველგან არის განლაგებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახლებულ ადგილებში და ცენტრებში სნაიპერები არიან განთავსებული. მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობაც, ხოლო ეს პუნქტები მძიმედ არის შეიარაღებული.“

ზავის ამოქმედებას წინ უსწრებდა ოპოზიციის გამაგრების ადგილებზე შეტევების ესკალაცია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალების მხრიდან.
სირიაში ძალადობა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და მას 9,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სირიელმა ლტოლვილმა კაცმა, ჰუსეინ კასიფმა, რომელიც ამჟამად თურქეთში განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს, სააგენტო „როიტერს“ ასე მიმართა: „ასადის სიტყვები ბოდვას უდრის. ეს ზავი დიდხანს არ გაგრძელდება. ის უკვე ერთი წელიწადია ასეთ პირობას დებს. არა მგონია, რომ ტანკებს ან ჯარს მართლა გაიყვანს. ის იტყუება. როცა სისხლისღვრის დასრულების პირობას დებს, მეტ ხალხს ხოცავს ხოლმე.“

სირიის რეჟიმმა ზავისთვის პირობები შექმნა ბრძოლის დასრულების თაობაზე ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით. თუმცა მთავრობა უფლებას იტოვებს თავი დაიცვას იმ „ტერორისტებისგან“, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ამბოხების უკან დგანან.

მეამბოხე „თავისუფალი სირიის არმია“ აცხადებს, რომ ზავს ისიც დაიცავს.

ანანის გეგმის თანახმად, ზავს უნდა მოჰყვეს ადგილზე სადამკვირვებლო მისიის განთავსება, ასადის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება და პოლიტიკური ცვლილება.
XS
SM
MD
LG