Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი კარიკატურისტის ამბავი - მანა ნეიესთანის პორტრეტი


მანა ნეიესთანის კარიკატურა
მანა ნეიესთანის კარიკატურა
ირანში კარიკატურისტობა რომ ერთობ სახიფათო შეიძლება იყოს, საკუთარ ტყავზე გამოსცადა მანა ნეიესთანიმ, რომლის ერთმა ნახატმა-ხუმრობამ ისლამურ რესპუბლიკაში დიდი აურზაური გამოიწვია, რის გამოც ის ციხეში ჩასვეს. ეს მოხდა 2006 წელს. სამი თვის მერე ნეიესთანი დროებით გაათავისუფლეს და მან მაშინვე თავს უშველა, ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც დაწერა წიგნი თავის თავგადასავალზე.

ნეიესთანი გაუგებრობის მსხვერპლი გახდა. ტარაკნის გამო მოხვდა ის ციხეში, ტარაკანმა შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად. მან თავისი ნამუშევრის, ასე ვთქვათ, პერსონაჟი, ტარაკანი, აზერბაიჯანულ კილოზე აალაპარაკა. ეს ირანელმა აზერბაიჯანელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და დაიწყო გამოსვლები, არეულობა, მთავრობამ ძალა იხმარა, შეტაკებების დროს ორათეულამდე ადამიანი დაიღუპა, ბევრი დააკავეს. და ეს ყველაფერი გამოიწვია სახელმწიფო გაზეთ „ირანის“ საბავშვო დამატებაში გამოსახულმა ტარაკანმა, რომელიც აზერბაიჯანულ ყაიდაზე სვამს შეკითხვას, ამბობს ერთადერთ სიტყვას. გაზეთის რედაქტორი და ნეიესთანი დააპატიმრეს. ორივე თეირანის ევინის საპატიმროს ერთკაციან საკანში მოათავსეს. სწორედ იქ განცდილს აღწერს ნეიესთანი თავის წიგნში, რომელსაც მან, ფრანც კაფკას ცნობილი ნაწარმოების მიბაძვით, „ირანული მეტამორფოზები უწოდა“. კაფკას რომანში აღწერილია ამბავი კაცისა, რომელიც უზარმაზარ მწერად გადაიქცევა და ოჯახის მიერ გარიყულია. 39 წლის ირანელი კარიკატურისტის ეს წიგნი გრაფიკული რომანია, რომელიც საფრანგეთში გამოიცა და მომავალში ევროპის სხვა ქვეყნებში და ასევე აშშ-ში გამოქვეყნდება. რომანი ციხეში გატარებულ პერიოდს ეხება, ნეიესთანის დაკითხვის მომენტებს, ფსიქოლოგიურ წამებას. გამომძიებლებს სურდათ ნეიესთანის ეღიარებინა, რომ უცხოეთიდან ფულს იღებდა, აიძულებდნენ ეღიარებინა სხვა მოგონილი ბრალდებებიც. ილუსტრაციები შავ-თეთრია, იუმორიც - შავი, ყველგან ხვდებით ტარაკანს, ნეიესთანისთვის უბედურების მომტან მწერს. ის თითქოს ცდილობს განმარტოს კიდეც, რომ სიტყვა აზერბაიჯანულ კილოზე იხმარა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფორმას ბევრი სპარსულად მოლაპარაკე იყენებს და მას აზერბაიჯანელებზე საერთოდ არ უფიქრია. ამ ყველაფერს ნეიესთანი უხსნის გამომძიებელს, რომელიც, თავის მხრივ, პატიმარს ეუბნება, შენი ახსნა-განმარტება ვერ არის დამაჯერებელი, გვითხარი, მართლაც რა გამოძრავებდა და იმაზეც გვიამბე, შენი კოლეგა-კარიკატურისტები რას ფიქრობენო. თავის გრაფიკულ რომანში ნეიესთანის, როგორც მან რადიო თავისუფლების სპარსულენოვან კორესპონდენტს, გოლნაზ ესფანდიარის უთხრა, სურდა ეჩვენებინა რთული, ხშირად აბსურდული, ტრაგიკომიკური ეპიზოდები ირანში ინტელექტუალების ცხოვრებიდან. ნეიესთანის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს როგორც ირანში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ირანელებს შორის. ის თვითონ ამბობს, ქება-დიდება არ მჭირდება, სულ სხვა მიზანი მაქვს - „მინდოდა დავრჩენილიყავი ჩემი რწმენის ერთგული და საკუთარ თავთან გულწრფელიო“.

ამას ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ამბებში. ეს ჩემთვის მუდმივი კოშმარია, რადგან ვიცი, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება ...
მანა ნეიესთანი
ნეიესთანი ცნობილია ნაშრომით „პოლიტიზებული ოჯახი“, რომელშიც ირანის საშუალო კლასის ერთი ოჯახის ამბებია მოთხრობილი.ოჯახი მხარს უჭერს „მწვანე მოძრაობად“ წოდებულ ოპოზიციურ საზოგადოებას ირანში. ნეიესთანი „დიქტატორისადმი“ ამ ოჯახის წევრთა დამოკიდებულებას აღწერს. ოჯახის ყველა წევრი, პაპაც და შვილიშვილიც, თავისებურად რევოლუციონერია. ერთობ პოპულარულმა ნაშრომმა, რომელიც უცხოეთში დაფუძნებულ ირანულ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, დაამტკიცა, რომ იუმორის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დაძლიონ ის სიძნელეები, რაც ირანში მათ ცხოვრებას ახლავს.

ნეიესთანის კარიკატურული მოკლე ამბების გაცნობა დაგარწმუნებთ, რომ ის ირანელებისთვის დღევანდელ აქტუალურ თემებს ეხება. მან გვერდი არ აუარა ისრაელთან დაპირისპირების საკითხს და გამოეხმაურა ცნობილ ინიციატივას, ანტისაომარ კამპანიას - „ისრაელს უყვარს ირანი“. ჯერ ისრაელებმა ირანელებს, შემდეგ კი ირანელებმა ისრაელთ უთხრეს, რომ არ სურთ ერთმანეთზე თავდასხმა. ნეიესთანის ნახატზე გამოსახულია ორატორის ორი კათედრა. მათზე ორი ქვეყნის დროშები მიგანიშნებთ, რომ გამომსვლელები ირანისა და ისრაელის მმართველები არიან. ისინი ყვირიან და ჩანს, რომ სიტყვებით კი არა, ბომბებით სურთ ურთიერთობა. ორივე კათედრის ქვემოთ კი ღიობებიდან გამოწვდილი ხელები მოჩანს, რომლებიც ერთმანეთს ვარდებს უცვლიან. ომის საფრთხესა და ირანის ბირთვული პროგრამის გამო სამხედრო კონფლიქტზე ლაპარაკობს მანა ნეიესთანი:

მანა ნეიესთანის კარიკატურა
მანა ნეიესთანის კარიკატურა
„მე მგონია, რომ ამ საფრთხეს ირანელთა უმეტესობა ხედავს. ეს სერიოზული საფრთხე და შეშფოთებაა. ამას ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ამბებში. ეს ჩემთვის მუდმივი კოშმარია, რადგან ვიცი, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება.“

ნეიესთანის, როგორც გითხარით, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის ნაშრომებს აქებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი, ჰამიდ დაბაში, რომლის აზრითაც, ნეიესთანის კარიკატურების ძალა სამშობლოსთან ორგანულ კავშირშია:

„ნეისთანის ნაშრომებს მე ჩვენი დროის ილუსტრირებულ მეხსიერებას, ჩვენი დროის გამომაფხიზლებელ სინდისს ვუწოდებდი. ნეიესთანი ირანის ისტორიას თავისი გონებამახვილური ხატებით წარმოსახავს, ის ჩვენი დროის ილუსტრირებულ სატირას ქმნის. როცა მის ნამუშევრებს უყურებ, ასე გგონია, ირანის თანამედროვე ისტორიის, მისი ყოველდღიურობის გვერდებს ფურცლავ.“

ახლა, როცა ირანი და დასავლეთის ქვეყნები, საერთაშორისო თანამეგობრობა, განაგრძობენ მცდელობას ერთმანეთს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოელაპარაკონ (როგორც ცნობილია, შემდეგი შეხვედრა შაბათს იმართება სტამბულში), ირანელი კარიკატურისტი მანა ნეიესთანი გეგმავს ამ თემაზეც დახატოს. ნეიესთანი ამბობს, ეს არის საუკეთესო გზა, საკუთარი აზრი გამოხატო და, ამავე დროს, საარსებო წყაროც გქონდესო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG