Accessibility links

logo-print
მიქელაძეების 3-წევრიანი ოჯახი ბათუმის გარეუბანში, ფიცრულში ცხოვრობს. ცოლ-ქმარი და მათი 14 წლის შვილი თავს ირჩენენ სახელმწიფოსგან დანიშნული 78-ლარიანი სოციალური დახმარებით და ფიცრულის გარშემო მდებარე მიწაზე მოყვანილი ბოსტნეულით. ამ კვირაში ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მიქელაძეებს კვლავ შეახსენეს, რომ ფიცრული უახლოეს დღეებში უნდა დაინგრეს, რადგან მიწა, რომელზეც დგას სახელმწიფოს საკუთრებაა.

”უნდა დაშალონ ჩემი ქოხი, რომელიც ფანერებითაა შემოკავებული და ცოლ-შვილით ქუჩაში გამაგდონ. 14 წლის გოგონა მყავს, სკოლაში როგორ უნდა გავუშვა?! ნერვიულობის გამო თმის ცვენა დაეწყო. მთავრობაში ვის არ მივმართე, ვის არ მივწერე, მაგრამ არაფერი”, - უამბო რადიო თავისუფლებას ჟორა მიქელაძემ. ის ათას კვადრატულ მეტრ მიწას ბათუმის გარეუბანში 1992 წლიდან ამუშავებს.

მეწყრული შუახევის რაიონიდან ეკომიგრანტმა, რომელიც იძულებული იყო საცხოვრებელი შეეცვალა, ბათუმის გარეუბანში ნაგავსაყრელად ქცეული მიწის ნაკვეთი საკუთარი ხელით გაწმინდა და მისი დამუშავება დაიწყო. მოგვიანებით ჟორა მიქელაძემ პატარა სახლიც ააგო, თუმცა, ზედამხედველობის სამსახურმა შარშან დაუნგრია.
აღარ მინდა სიცოცხლე, აღარც ქვეყანა და მოქალაქეობა. არაფერი აღარ მაინტერესებს. ცოლ-შვილით ქუჩაში რომ ვიქნები და მათ თავშესაფარი არ ექნებათ, ჩემს სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს და ასეც გავაკეთებ. მანამდე თბილისში მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თუ შეხვედრა არ მოხერხდა, თავის მოკვლას ვაპირებ...

ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოში არსებულმა მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ ჟორა მიქელაძის მიმართვა პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებულების საფუძველზე არ დააკმაყოფილა და მიწა არ დაუკანონა. სამართლებრივი გზით ბრძოლამ ჟორა მიქელაძეს სასურველი შედეგი ვერც სასამართლოში მოუტანა. ოჯახის მდგომარეობაზე საუბრისას ის ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს:

”აღარ მინდა სიცოცხლე, აღარც ქვეყანა და მოქალაქეობა. არაფერი აღარ მაინტერესებს. ცოლ-შვილით ქუჩაში რომ ვიქნები და მათ თავშესაფარი არ ექნებათ, ჩემს სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს და ასეც გავაკეთებ. მანამდე თბილისში მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თუ შეხვედრა არ მოხერხდა, თავის მოკვლას ვაპირებ.”

ჟორა მიქელაძემ დახმარების იმედით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტს,” რომელმაც ბათუმის მერიას გაუგზავნა რეკომენდაცია ფიცრულის დანგრევის გადავადების და მიქელაძეების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

იურისტი ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ვალდებულება როგორც რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტით, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობით და თვითმმართველობა ვალდებულია მოქალაქე მინიმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს. თავის მხრივ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიქელაძეების ფიცრულის დანგრევას გარდაუვალს უწოდებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია თავშესაფრით მათ დასაკმაყოფილებლად. ჟორა მიქელაძის ოჯახი სოციალური დახმარების სააგენტოში აღრიცხულია როგორც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და 78 ლარსაც სწორედ ამიტომ იღებს. შესაბამისად, მიქელაძეები ვერაფრით შეძლებენ გადახდას 3000-ლარიანი ჯარიმისა, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა წელს დააკისრა ფიცრულის უკანონოდ აშენების გამო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG