Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი მოქალაქეობისათვის ბრძოლას განაგრძობს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფს არ აკმაყოფილებს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე, სრულფასოვანი პოლიტიკური მოღვაწეობის უფლებას აძლევს. ივანიშვილის ადვოკატები ასევე აპროტესტებენ სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა კონტროლის პალატის დადგენილება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიონ შვიდასი ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ.

2012 წლის 12 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის დადგენილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განმარტებით, ივანიშვილს ჯარიმის გადახდა დაეკისრა პირადი ანგარიშიდან „ქართულ ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრების უკანონო დაფინანსების გამო. კონტროლის პალატის მტკიცებით, უკანონო დაფინანსებამ დაახლოებით 270 ათასი ლარი, ხოლო ჯარიმამ ათჯერ მეტი თანხა, ანუ 2 მილიონ შვიდასი ათასი ლარი შეადგინა. ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის განმარტებით, უკანონოდ ჩაითვალა ცალკეულ პირთა - მათ შორის ჟურნალისტთა და ადვოკატთა - პროფესიული მომსახურების ანაზღაურება, რაც, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, კანონის უხეში დარღვევაა:
საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს ...
გიორგი გაბრიელაშვილი

„თუ ჩვენ ანაზღაურებას მივიღებდით პოლიტიკური საქმიანობისათვის, მაშინ ეს იქნებოდა დარღვევა, მაგრამ ჩვენ დავასაბუთეთ ის, რომ ადვოკატები ფულს (ხელფასს, საზღაურს) ვიღებდით საადვოკატო საქმიანობისათვის.“

თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის იურისტთა არგუმენტები არ გაითვალისწინა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ლიდერს ჯარიმის სრულად გადახდა მოუწევს. ადვოკატები ასევე უკანონოდ მიიჩნევენ ივანიშვილისათვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს, რაც, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის თქმით, შემდეგი გარემოებით იყო განპირობებული:

„საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბატონ ბიძინას უნდა მოემართა მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით.“

დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე ...
ალექსანდრე ბარამიძე
ამ განმარტების პასუხად ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ, სამოქალაქო რეესტრის დასკვნის მიუხედავად, განცხადება პრეზიდენტს უნდა განეხილა და გადაწყვეტილებაც მას უნდა მიეღო, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად:

„შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტი განიხილავს ნატურალიზაციის შესახებ საქართველოს მოქალაქედ მიღების განცხადებებს. ვის მიერ შედგენილს? უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონეთა მიერ! კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულების სახით, თუ ნეგატური, მაშინ ის გამოსცემს განკარგულებას.“

თუმცა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი ეჭვობს, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, რაც, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერს სასამართლოში მორიგი სარჩელის შეტანისაკენ უბიძგებს:

„სარჩელში, სავარაუდოდ, დაყენებული იქნება ორი მოთხოვნა. პირველი: ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, და მეორე მოთხოვნა: დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე.“

ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი სარჩელს სასამართლოში 5 მაისამდე შეიტანს. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური საქმიანობის სრულ შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას „ქართული ოცნების“ ლიდერისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG