Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის იჭერენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლისთვის


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ”შეთხზული საფრთხეებით” აშინებს თავის მოქალაქეებს, რათა მათ არ ისარგებლონ საქართველოს მიერ ცალმხრივად შეთავაზებული უვიზო რეჟიმით. საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 12 აპრილს გამოქვეყნებული განცხადება წარმოადგენს ერთგვარ პასუხს რუსეთის საგარეო უწყების მიერ ასევე 12 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მიზანმიმართულად დევნიან რუსეთის მოქალაქეებს. მოსკოვი მიუთითებს კანონზე ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას აცნობეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის ბრალდებით დღემდე გასამართლებული 30 ადამიანიდან ნახევარიც კი არ არის რუსეთის მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვს ამოძრავებს სერიოზული შიში იმისა, რომ საქართველოში სტუმრობის შემდეგ რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე გააცნობიერებს კრემლის ”ოფიციალური პროპაგანდის სიყალბეს” და საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული ”პოლიტიკის მანკიერ ხასიათს”. თუმცა თბილისი დარწმუნებულია, რომ უშედეგო აღმოჩნდება რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობის წინააღმდეგ მიმართული მცდელობა და რუსეთის ხელისუფლება ხელს ვერ შეუშლის ”რუსეთის უამრავ მოქალაქეს” ვიზის გარეშე ესტუმროს საქართველოს და თავად დარწმუნდეს, რომ საქართველოში სტუმრობა არანაირ რისკს არ წარმოადგენს. 12 აპრილის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რიცხვის მკვეთრი მატება.
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას ...
მანანა მანჯგალაძე

ცალმხრივად გაუქმებულმა სავიზო რეჟიმმა რომ ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში რუსი ვიზიტორების მკვეთრი - დაახლოებით 70%-იანი - მატება გამოიწვია, ამის შესახებ ინფორმაცია მედიას რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიაწოდა:

”2012 წლის 29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 30 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ... ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას. ყველაფერთან ერთად, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსები ქართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. მეტი ტურისტი ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს.”

პრესსპიკერის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 9 აპრილს, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი სტუმრობდა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტს, სადაც ის საქართველოში სტუმრობით კმაყოფილ რუსეთის მოქალაქეებს გაესაუბრა. თუმცა ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”პროპაგანდისტული შოუს” ნაწილი უწოდა და 12 აპრილს კიდევ ერთხელ გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, რომ საქართველოში გამგზავრება საშიშია, რადგანაც ”საქართველოს სპეცსამსახურები განაგრძობენ საქართველოში ჩასული რუსების სისტემატურ დაჭერას და რეპრესიებს.”

რუსეთი თავის მოქალაქეებს უკვე მერამდენედ აშინებს კანონით ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც საქართველომ 2008 წლის ოქტომბერში მიიღო და რომლის მიხედვითაც, საჯარიმო სანქცია ან, სხვადასხვა შემთხვევაში, 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება ყველა იმ პირს, ვინც უკანონოდ, ანუ რუსეთის გავლით, ჩავა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პორებისთვის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან არის დასაშვები. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს სპეციალური ნებართვა, თუკი ასეთი შემთხვევა შესაბამისობაშია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან და ემსახურება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თუ ჰუმანიტარული საქმიანობის მიზნებს.

ეს ქალბატონი კი არის რუსეთის მოქალაქე, მაგრამ სულ ცხოვრობდა საქართველოში, ზუგდიდელია. დაკავებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ბრალდებით. იქ მას ბიზნესი ჰქონდა ...
შოთა უტიაშვილი
12 აპრილის განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებს რუსეთის იმ რამდენიმე მოქალაქის გვარს, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს დააკავეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის ბრალდებით და შემდეგ, რამდენიმე ათასი დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. ნახსენებია ასევე რუსეთის მოქალაქე ბელა ვეკუა, რომელიც, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, 30 მარტს დააკავეს ქალაქ ფოთში და ამჟამად ქალაქ ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, ბელა ვეკუა ფოთში 29 მარტს იქნა დაკავებული, რადგანაც ის ”2010 წლის 17 სექტემბერს მდინარე ფსოუს მონაკვეთიდან ქალაქ სოხუმში შემოვიდა უკანონოდ”. იმავე წყაროს ცნობით, ბელა ვეკუას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბელა ვეკუა ამჟამად სასამართლო პროცესის მოლოდინშია და ის, შესაძლოა, აპრილის ბოლოს გაათავისუფლონ:

”ის იმყოფება ზუგდიდის ციხეში და, თუ არ ვცდები, 30 აპრილს აქვს სასამართლო... ეს ქალბატონი კი არის რუსეთის მოქალაქე, მაგრამ სულ ცხოვრობდა საქართველოში, ზუგდიდელია. დაკავებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ბრალდებით. იქ მას ბიზნესი ჰქონდა... თუ არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, ასეთი საქმეები მთავრდება ხოლმე ჯარიმით. მე როგორც ვიცი, პროკურატურა ჯარიმას ითხოვს ამ ქალბატონისთვის...”

შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება ყველა ქვეყნის მოქალაქეზე და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებზეც. შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ დაკავებულ 30 ადამიანს შორის არიან უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მოქალქეები და დაკავებულთა ნახევარიც კი არ არის რუსეთის მოქალაქე. ხსენებული 30 ადამიანიდან, უტიაშვილის განმარტებით, მხოლოდ 7-ს მიესაჯა პატიმრობა და მათმა ნაწილმა უკვე მოიხადა სასჯელი.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოსთვის მეტად პრინციპული მნიშვნელობისაა და ამიტომ თბილისმა კატეგორიული უარი განაცხადა მოსკოვის ულტიმატუმზე, რომ მხოლოდ ამ კანონის გაუქმების სანაცვლოდ გადაიდგმებოდა შემხვედრი ნაბიჯი და გაუქმდებოდა რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

”საქართველოს მხარემ ოფიციალურად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, არაერთგზის განმარტა ამ კანონის დებულებები, რის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული რუსეთის საგარეო უწყება”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG