Accessibility links

logo-print
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლას განაგრძობენ - გაზეთი ”რეზონანსი” ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს „რუსთავი-2“-ის ყოფილ თანამშრომელ ლევან გოგორელიანთან. ინტერვიუში იგი უარყოფს ”კომედი შოუს” მსახიობების ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლის პოლიტიკურ სარჩულს და აღნიშნავს, რომ „რუსთავი-2“-ის დატოვების ერთადერთი მიზეზი საქმის კეთება იყო. დღესვე ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით. გაზეთის რესპონდენტია ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადვოკატ არჩილ კბილაშვილთან ერთად შვეიცარიაში ჟურნალისტ ვახო კომახიძეს შეხვდა. სწორედ ეს უკანასკნელი იტყობინებოდა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან მისი ლიკვიდაციაა დაგეგმილი. ვახო კომახიძესთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ სოზარ სუბარი ”რეზონანსს” ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა რეგიონებში გასვლისას უნდა მომხდარიყო და ორ ადამიანს უნდა განეხორციელებინა. ინტერვიუდან შეიტყობთ ასევე, რომ ”ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას არ აპირებს.

გაზეთ ”ვერსიის” ფურცლებიდან კი შეიტყობთ რა ცვლილებები შედის პარლამენტის ახალ რეგლამენტში, როგორ დაისჯებიან დეპუტატები და რაში იხარჯება საჯარიმო სანქციებიდან შემოსული თანხა. გაზეთის რესპონდენტია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. იგი ამბობს, რომ შარშან მთელი წლის საჯარიმო სანქციების შედეგად დაქვითული თანხა ათენის სიონის ფრესკების რესტავრაციას მოხმარდა, კონკრეტული დახმარებები გაეწიათ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს და სხვ. აქვე ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ საჯარიმო სანქციების ურთიერთგამომრიცხავი ნორმები ზოგადად ნორმების ამოქმედებას აფერხებდა. შესაბამისად, უმთავრესად სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ახალ რეგლამენტში საჯარიმო სანქციები მცირდება და დარღვევებზე რეაგირებაც ქმედითი გახდება.

კუკავას პარტიას ებრალიძე დაუფინანსებს, - იტყობინება გაზეთი ”ახალი თაობა.” გაზეთი აქვეყნებს ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი” მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით დაპირისპირებოდა, თუმცა ერთობა ვერ შედგა, რადგან პარტიების ნაწილი პროამერიკულ სუბიექტებთან თანამშრომლობას აპირებს. შესაბამისად, ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი” და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა მხარს ”თავისუფალ საქართველოს” უჭერს.

გაზეთ ”24 საათის” ყოველკვირეულ დამატება ”ვიკენდში” კი წაიკითხავთ სტატიას ”სივრცე პოლიტიკური მანევრისთვის.” სტატიაში კიდევ ერთხელაა დასმული შეკითხვები იმ საკამათო თემის გარშემო, როგორიცაა კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება - ცვლილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მოთხოვნის საკითხი მისთვის პოლიტიკური სპეკულაციის ყველაზე ეფექტური საშუალება და არგუმენტია ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური გარემოს წარმოსაჩენად. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი ქმედებების ლოგიკა ორ ვერსიაშია გადმოცემული. პირველი ვერსიით, მოქალაქეობის მიუცემლობითა და სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებით ხელისუფლებამ ივანიშვილს გამარჯვებულის იმიჯის მორგების საშუალება არ მისცა, მეორე ვერსიით კი, პოლიტიკური სიტუაციის უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ მოქალაქეობის მიუცემლობით ხელისუფლებამ მანევრირებისთვის გარკვეული სივრცე მაინც დაიტოვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG