Accessibility links

logo-print
გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გუჯა მახარაშვილის, აკაკი და ჯაბა ელიაშვილების სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაგრძელდა. სასამართლოს მეორე სხდომაზე დაზარალებული გიორგი გლახაშვილი და მისი მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც დაესწრო. დაკავებულებს ორი მუხლით ასამართლებენ - ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობისა და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის. ელიაშვილები და მახარაშვილი სოფელ მერეთში თანასოფლელებთან ჩხუბის შემდეგ დააკავეს. მათ დასაკავებლად პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და გამთენიისას ბინებიდან გამოიყვანა. საქმეში დაზარალებულად ცნობილია სამხედრო პოლიციის თანამშრომელი გიორგი გლახაშვილი, რომელიც დაკავებულებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. სხვა აზრისაა მეორე მხარე. გუჯა მახარაშვილის მამა, გოდერძი მახარაშვილი, აცხადებს, რომ მის შვილს და მეგობრებს პროვოკაცია შეგნებულად მოუწყვეს.

პროცესზე დაკითხული დაზარალებულის მოწმეები ადასტურებდნენ, რომ გლახაშვილსა და დაკავებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ შიოშვილი, აცხადებს, რომ მოწმეების მონათხრობი ერთმანეთს არ ემთხვევა, რასაც მოსამართლე ნინო გერგაულიც კარგად ხედავს, ამიტომ მას შანსი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი კი მერეთელი ახალგაზრდების საქმეს პოლიტიკურ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი კოალიციის მხარდამჭერები განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ისჯებიან.

სასამართლოს სხდომათა დარბაზი ყველაზე გვიან განსასჯელთა ადვოკატმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა რევაზ რევაზიშვილმა დატოვა. მისი აზრით, მეორე პროცესზე დაკითხული მოწმეები დაზეპირებულ ტექსტებს ამბობდნენ და აშკარაა, რომ მათ განსასჯელების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ავალებდნენ.

სასამართლოს შენობასთან „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და განსასჯელების მეგობრებმა მცირე საპროტესტო აქცია გამართეს და მათი აზრით პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მეგობრების გათავისუფლება მოითხოვეს, ბოლოს კი მახარაშვილი და ელიაშვილები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამამხნევებელი შეძახილებით გააცილეს. მერეთელი ახალგაზრდების სასამართლოს მორიგი სხდომა 24 აპრილს დაინიშნა. საქმეში სულ 46 მოწმე დაიკითხება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG