Accessibility links

ფხენიანის რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წუთში ოკეანეში ჩავარდა


სამხრეთ კორეის ტელევიზია გადასცემს რეპორტაჟს ფხენიანის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შესახებ

სამხრეთ კორეის ტელევიზია გადასცემს რეპორტაჟს ფხენიანის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა თუ მოწოდების მიუხედავად, ჩრდილოეთმა კორეამ გადაწყვიტა, პარასკევს მაინც განეხორციელებინა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, თუმცა, როგორც სამხრეთი კორეის, იაპონიისა და აშშ-ის წარმომადგენლები იუწყებიან, გაშვებიდან სულ ცოტა ხანში რაკეტა ოკეანეში ჩავარდა.

Unha 3-ის ტიპის რაკეტა პარასკევს დილით, ადგილობრივი დროით 7:39-ზე გაუშვეს ტონჩან-რის სამხედრო ბაზიდან, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გაშვებიდან ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგი გამართა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნაოკი ტანაკამ, რომელმაც საზოგადოებას გამოცდის წარუმატებლობის ამბავი ამცნო:
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ გაშვებულ იქნა რაღაც ობიექტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მან დაახლოებით ერთ წუთს იფრინა, რის შემდეგაც ოკეანეში ჩავარდა. ჩვენს ტერიტორიაზე ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია.“

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა კიმ მინ სოკმა განაცხადა, რომ სეულს ასეთივე ინფორმაცია აქვს. „რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, - აღნიშნა პრესმდივანმა - რაკეტა რამდენიმე ნაწილად დაიშალა და სიმაღლე დაკარგა.“ კიმ მინ სოკმა დასძინა, რომ ეს ცნობა დაადასტურეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმაც, რომელთა თქმით, რაკეტა ჩავარდა ყვითელ ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით.
იაპონიის სამაუწყებლო კომპანია ენ-ეიჩ-კეი, ამავე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ რაკეტამ დაახლოებით 120 კილომეტრი იფრინა, შემდეგ კი ჰაერში ოთხ ნაწილად დაიშალა.

თავად ფხენიანი ჯერჯერობით მხოლოდ მწირ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა ცნობა, რომ ვერ მოხერხდა რაკეტის გაყვანა დასახულ ორბიტაზე. მეცნიერები, ტექნიკოსები და ექსპერტები ცდილობენ, დაადგინონ, რამ გამოიწვია ტექნიკური ხარვეზიო, თქვა ტელევიზიის დიქტორმა.

მანამდე კსდრ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამინდის თანამგზავრთან ერთად კოსმოსში გაუშვებდნენ სამსაფეხურიან რაკეტას, რაც, მათივე განცხადებით, სახელმწიფოს დამაარსებლის, კიმ ირ სენის 100-იან იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო პროგრამის ნაწილი უნდა ყოფილიყო (ეს იუბილე ჩრდილოეთ კორეაში 15 აპრილს აღინიშნება).

აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები მოუწოდებდნენ ფხენიანს, უარი ეთქვა რაკეტის გაშვების გეგმაზე, რადგან, გაეროს რეზოლუციები პირდაპირ უკრძალავს ფხენიანს ყოველგვარ საქმიანობას, დაკავშირებულს ბირთვულსა თუ ბალისტიკური რაკეტების პროგრამებთან. თვით ჩინეთმაც კი, ჩრდილოეთ კორეის უახლოესმა მოკავშირემ, ურჩია მეზობელს, თავი შეეკავებინა რაკეტის გაშვებისგან, განაცხადა რა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებდა კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ისედაც მწვავე ვითარებას.

მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა კსდრ-ის კიდევ ერთმა მოკავშირე ქვეყანამ - რუსეთმა. როგორც გაეროში მისმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა თქვა, რაკეტის გაშვება გაეროს მიერ 2009 წელს შემოღებული აკრძალვის დარღვევა იქნებოდა.

ახლა გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს, მოიწვიოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვების საკითხს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG