Accessibility links

logo-print

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, პრეზიდენტი კანონს არღვევს


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატები ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. თბილისში 13 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განმარტა, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი იღებს მოქალაქეობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც კანონი პირდაპირ ავალდებულებს. ”ჩვენ შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, პრეზიდენტი საერთოდ არ აპირებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დასკვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, გამოდის, რომ ხელისუფლებამ სამოქალაქო რეესტრის დასკვნა საბოლოო დოკუმენტად ჩათვალა, რაც ასევე უკანონობაა. ბარამიძე არასწორად მიიჩნევს შეფასებას თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს, როცა პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს მიმართეს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მისაღებად. ადვოკატის განმარტებით, ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის ვალდებული პირს მოქალაქეობა მიანიჭოს და არც გასაჩივრება ხდება, ნატურალიზაციის პროცედურისას კი პრეზიდენტს არანაირი დისკრეცია არა აქვს და ვალდებულია, დააკმაყოფილოს განაცხადი, თუ მოქალაქეობის მთხოვნელი კანონით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG