Accessibility links

logo-print

ომბუდსმენის ანგარიშისა და რუსეთ-საქართველოს გადაძახილის კვირა


გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

მიმოხილვა დავიწყოთ სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშით ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”, რომელიც 2011 წელს გამოვლენილ ფაქტებსა და ტენდენციებს ასახავს. მართალია, ბევრი რამ საკამათოდ მიიჩნიეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ 645-გვერდიანი საკმაოდ მწვავე ანგარიშისთვის 12 აპრილის სხდომაზე გიორგი ტუღუშს არაერთი მადლობა გადაუხადეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებმა. თუმცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატების რიცხვი თანდათან ისე შემცირდა, რომ ვეღარ მოხერხდა კენჭისყრის ჩატარება და ის 24 აპრილისთვის გადაიდო.

კენჭისყრის გარეშე დარჩა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის ”ცნობად მიღებას” გულისხმობს და ასევე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ შემუშავებული ალტერნატიული პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ყველა ფაქტი, დამნაშავეთა დასჯის მიზნით, შესაბამისად უნდა იქნეს გამოძიებული. ასევე კენჭისყრას საჭიროებდა ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივა 2 მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების თაობაზე. შარშანდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატებმა წელსაც მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადაყენება. უმრავლესობა ასეთ მიდგომას არ ეთანხმება და, ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის თქმით, თუკი ხსენებულ მინისტრებს წელსაც დაიცავს, სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უმრავლესობამ უნდა აიღოს:

”თუ ჩვენ ახლა ყველას ერთად გვინდა და უმრავლესობა მზად ხართ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ მომავალ წელს დღევანდელთან შედარებით კიდევ ათჯერ ცუდი მდგომარეობა იყოს, კი ბატონო, მაშინ ახლაც ამბრაზურასავით გადაეფარეთ ამ ორივე მინისტრს.”
ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე...

უნდა ითქვას, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის თითქმის ნახევარი ეძღვნება სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ მწვავე პრობლემებს, რომლებიც შარშანდელ ანგარიშშიც იყო ასახული. პრობლემად რჩება პატიმრების მიმართ „არასათანადო მოპყრობა”, რაც, გიორგი ტუღუშის თქმით, დიდწილად დაუსჯელობის სინდრომით არის წახალისებული.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ”ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე.”

საპატიმრო დაწესებულებების გადატვირთულობისა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობის მწვავე პრობლემების გარდა, სახალხო დამცველი ლაპარაკობს სიკვდილიანობის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე, რაც სულ მცირედით განსხვავდება შარშანდელი ”რეკორდული მაჩვენებლისგან”. 2011 წელს აღრიცხულია პატიმართა გარდაცვალების 140 ფაქტი, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 142-ს შეადგენდა. პატიმართა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად სახელდება ტუბერკულოზი.

სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და, შესაბამისად, ფართოდ მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში მოიცავს მრავალ რეკომენდაციას, რომელთა ძირითადი ნაწილი განკუთვნილია საქართველოს პარლამენტისთვის და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა უყოს მორგებული პიროვნებებს და სხვადასხვა გარემოებას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი...

ასევე საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს იმ მოწოდების ადრესატს, რომელიც მე-3 სექტორის წარმომადგენლებმა სამშაბათს, 10 აპრილს, გაახმაურეს. სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიაჩნიათ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკური აქტივობის სრული უფლება ეძლევათ. ისინი თვლიან, რომ ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მიერ 5 აპრილს წამოყენებული ინიციატივა, რომელსაც უმალ დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ, კონსტიტუციის უზენაეს პრინციპებს უგულებელყოფს და საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა უყოს მორგებული პიროვნებებს და სხვადასხვა გარემოებას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. და ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგანაც საშუალება ეძლევათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და გავლენა მოახდინონ ამ პროცესებზე.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს ”პოლიტიკური ბედი” მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და თუკი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი ექნებათ, მათ აუცილებლად უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ცალსახად მიუღებლად მიიჩნევენ და, შესაბამისად, პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ ინიციატივას, ხოლო ინიციატორებს - გამოითხოვონ პროექტი. თუმცა ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს ეჭვს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის თაობაზე:
ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე


”თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები დამისახელებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან რომელიმე არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ მან შეიძლება ბოროტად გამოიყენოს მისი მოქალაქის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა, მე მაშინ ბოდიშს მოვიხდი... მაგრამ ჩვენ იმიტომ ჩავდეთ ამ ცვლილებებში ევროკავშირი, რომ ევროკავშირში ასეთი რამე გამორიცხულია. და, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი პოლიტიკური მიზანი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ დიდი ოჯახის წევრი. და თუ ვენდობით, ამ საკითხშიც უნდა ვენდოთ.”

ლევან ვეფხვაძე არ უარყოფს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება დიდწილად მართლაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის სამომავლო პოლიტიკური აქტივობის უფლების მიცემას და რომ ეს ნაბიჯი განიხილება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ალტერნატივად, მაგრამ, ვეფხვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული შემთხვევით ინსპირირებული და შემდეგ განზოგადებული საკონსტიტუციო უფლებით ასევე წარმატებით ისარგებლებს სხვა უამრავი ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ბიძინა ივანიშვილს მართლაც მიეცემა სრული პოლიტიკური აქტივობის საშუალება და პარალელურად შეუნარჩუნდება საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამ ცვლილებებს ის მაინც მკვეთრად უარყოფით შეფასებას აძლევს. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უხეშად ხელყოფს კონსტიტუციას, რადგან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა არ უნდა, თუმცა მისი ვარაუდით, ეს პროცესი ბოლომდე არ მივა:
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


”მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იმდენად უხეშია და იმდენად გაუგებარია ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც აპირებენ ისინი, რომ ალბათ თვითონვე მიხვდებიან მოგვიანებით, მე ვფიქრობ, და თვითონვე შეჩერდებიან და გააჩერებენ, რამდენადაც ძალიან ბევრი კითხვაა ასეთი ცვლილებების განხორციელების ირგვლივ.”

და მაინც, თუკი ეს ასე არ მოხდა, ბიძინა ივანიშვილი აპირებს დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციისა თუ ნებისმიერი კანონის ნებისმიერ მოთხოვნას. ამის შესახებ მან 11 აპრილს განაცხადა და იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ კოალიცია ”ქართულ ოცნებას” შეუერთდა და მისი ”სრულფასოვანი წევრი” გახდა გოგი თოფაძის პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

მიმდინარე კვირაში, კერძოდ, 12 აპრილს, რუსეთმა კვლავაც მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში სტუმრობისგან, რადგანაც ”საქართველოს სპეცსამსახურები განაგრძობენ” რუსეთის მოქალაქეების ”სისტემატურ დაჭერას და რეპრესიებს.” რუსეთი თავის მოქალაქეებს აშინებს კანონით ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც საქართველომ 2008 წლის ოქტომბერში მიიღო და რომლის მიხედვითაც საჯარიმო სანქცია ან, სხვადასხვა შემთხვევაში, 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება ყველა იმ პირს, ვინც უკანონოდ, ანუ რუსეთის გავლით, ჩავა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

”საქართველოს მხარემ ოფიციალურად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, არაერთგზის განმარტა ამ კანონის დებულებები, რის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული რუსეთის საგარეო უწყება”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ ერთგვარ საპასუხო განცხადებაში, რომლის მიხედვითაც რუსეთი თავის მოქალაქეებს ”შეთხზული საფრთხეებით” აშინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება ყველა ქვეყნის მოქალაქეზე და მათ შორის, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებზეც. მის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხსენებული კანონის ამოქმედების შემდეგ დაკავებულ 30 ადამიანს შორის არიან უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მოქალქეები და დაკავებულთა ნახევარიც კი არ არის რუსეთის მოქალაქე. ხსენებული 30 ადამიანიდან, უტიაშვილის განმარტებით, მხოლოდ 7-ს მიესაჯა პატიმრობა და მათმა ნაწილმა უკვე მოიხადა კიდეც სასჯელი.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, მოსკოვს ამოძრავებს სერიოზული შიში იმისა, რომ საქართველოში სტუმრობის შემდეგ რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე გააცნობიერებს კრემლის ”ოფიციალური პროპაგანდის სიყალბეს” და საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული ”პოლიტიკის მანკიერ ხასიათს”. 12 აპრილის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ადამიანთა რიცხვის მკვეთრი მატება.
2012 წლის 29 თებერვლიდან დღემდე, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 30 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ... ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას...

ცალმხრივად გაუქმებულმა სავიზო რეჟიმმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში რუსი ვიზიტორების მკვეთრი - დაახლოებით 70%-იანი - მატება რომ გამოიწვია, ამის შესახებ ინფორმაცია მედიას რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიაწოდა:

”2012 წლის 29 თებერვლიდან დღემდე, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 30 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ... ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას. ყველაფერთან ერთად ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსები ქართულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. მეტი ტურისტი ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს.”

პრესსპიკერის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 9 აპრილს, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი სტუმრობდა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტს, სადაც ის საქართველოში სტუმრობით კმაყოფილ რუსეთის მოქალაქეებს გაესაუბრა.

ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უკავშირდება მიმდინარე კვირაში გახმაურებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, რუსეთს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და მოსთხოვა იმ მშენებლობის შეჩერება, რომელსაც ქართველთა უძველესი საფლავები ეწირება. საუბარია მოსკოვში, ვსესვიატსკოეს ყოვლადწმინდის სახელობის ტაძარსა და პანთეონზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანიც უნდა იყოს დაკრძალული, თუმცა მისი საფლავის ზუსტი ადგილი უცნობია. ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გადმოასვენოს ნეშტები. თუმცა ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დათანხმდეს. არჩილ მეფის ასულის დარეჯანის მიერ მე-18 საუკუნეში აგებული ტაძრისა და მისი მიმდებარე პანთეონის ხელყოფის ფაქტს ”ვანდალიზმი” უწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა.

მიმოხილვის ბოლოს ვიტყვი კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: 10 აპრილს საქართველომ საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გამოსცადა. საცდელ ფრენას პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი; მისი ფრენის ხანგრძლივობა 8 საათს, ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრს, ხოლო სიჩქარე 60-160 კმ/სთ-ს შეადგენს. იმავე წყაროს ინფორმაციით, ახალი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება შესაძლებელია ”რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს” და ასევე გამიზნულია სასაზღვრო პატრულირებისთვის, დაზვერვისთვის, საჰაერო ფოტოგადაღებისა თუ სანაპირო დაცვის უზრუნველსაყოფად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG