Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი წიგნი თბილისზე


ბოლო დროს რამდენიმე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნი, კრებული თუ ალბომი გამოვიდა თბილისის შესახებ. დღეს სამ წიგნზე ვისაუბრებ. ერთი სტატიების კრებულია, მეორე ისტორიული კვლევაა, მესამე კი პოპულარული ტექსტია, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწერა და სადაც ძველი ქალაქის ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია შემონახული.

“ტერორის ტოპოგრაფია – საბჭოთა თბილისი” - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” გამოსცა ცოტა ხნის წინ. ეს ორგანიზაცია ახალი შექმნილია და იგი ცდილობს “ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას”. ეს კრებულიც, პირველ რიგში, სწორედ ამ პასუხისმგებლობათა აქტუალიზებას ახდენს; ამასთანავე, იგი მნიშვნელოვანი შენაძენია უახლესი ისტორიის მკვლევართათვის და მათთვის, ვინც თბილისის ისტორიითა და ისტორიული გეოგრაფიითაა დაინტერესებული.

წიგნი ესეისტური გზამკვლევია საბჭოთა ტერორით შემოზღუდულ წარსულის ქალაქში, აქ მონიშნულია ტერორის ტოპოგრაფიის მარშრუტები, საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, იმდროინდელ ტენდენციებზე, არქიტექტურაზე, მხატვრობაზე, გეოგრაფიაზე... მაგალითად, ანა კორძაია-სამადაშვილის ესე ერთი კონკრეტული სახლის ბინადართა ტრაგიკულ ბედს ეძღვნება, ირაკლი ხვადაგიანმა წითელი ტერორის ქალაქური მარშრუტი შეადგინა, რომელიც “ტფილისის სასულიერო სემინარიით” იწყება და მაჩაბლისა და ქიქოძის ქუჩების კონკრეტულ ნაგებობებთან და მათ ბინადრებთან დაკავშირებული დეტალური ისტორიებით მთავრდება.

ძალზე საინტერესოა ნიკა მახარაძის კვლევა - “საბჭოურობის ვიზუალიზაცია ისტორიულ ქალაქში”, სადაც ის ურბანული ძვრებია გაანალიზებული, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დააჩნია ქალაქს; აღწერილია ქალაქური გარემოს შეცვლისა და მისი “იდეოლოგიურად შეჯერებული” სტანდარტებითა და შტამპებით დატვირთვის პროცესი.

შემდეგ, ბოდიში და, ჩემი სტატიის ჯერი დგება. ეს არის ლოკალურ-ისტორიული ნარკვევი, რომელიც ერთ კონკრეტულ სახლს ეძღვნება. მასში მაჩაბლის 13-ის ნახევარი ცხოვრებაა მოთხრობილი. წიგნს ასრულებს ნინო ზაალიშვილის კვლევა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ საქართველოს მხატვრებზე და აკა მორჩილაძის ესე - “ვაკის გეოგრაფია და სხვა”.

განსხვავებული ჟანრისაა დავით ხოშტარიას ფუნდამენტური კვლევა “თბილისი – ძველი სასტუმროები”, რომელიც “არტანუჯმა” გამოსცა. მეთოდზე თავად ავტორიც წერს შესავალში და აღნიშნავს, რომ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ეს ნაშრომი ახლოს დგას “თანამედროვე საისტორიო მეცნიერების იმ შტოსთან, რომელიც ცნობილია მიკროისტორიის სახელით და რომელიც გულისხმობს სპეციფიკური ვიწრო საგნის კვლევას უფრო ფართო ისტორიული პროცესების გასარკვევად.” სხვათა შორის, მიკროისტორიის კლასიკოსი გახლავთ შესანიშნავი თანამედროვე მკვლევარი კარლო გინზბურგი, ვისაც შარშან სპეციალური გადაცემა მივუძღვენით. მანამდე იგი რამდენიმე დღით თბილისსაც ეწვია და ლექციაც წაიკითხა ილიას უნივერსიტეტში.

ძველი თბილისის სასტუმროების ისტორიას ავტორი XIX საუკუნის პირველი წლებიდან იწყებს და XX საუკუნის 20-იანი წლებით ასრულებს, რის შემდეგაც მოდის ძალზე საინტერესო თავები სასტუმროს პერსონალის, შენობების, ფასების, კლიენტების, რეკლამის, სტუმართმოყვარეობის მოდელის შესახებ.

ქართველებისთვის სტუმართმოყვარეობის თემა ყოველთვის წინა პლანზე იყო, თუმცა ეს წიგნი მხოლოდ ამით არ არის მნიშვნელოვანი. “თბილისის ძველ სასტუმროებში”, პირიქით, ნაკლებადაა საუბარი ქართული სტუმარმასპინძლობის მითებზე. აქ უფრო ქალაქური სასტუმროების მულტიკულტურული ხასიათია დაჭერილი - აზიური, რუსული და ევროპული ტრადიციების ერთმანთთან შერწყმა. წიგნში ძალიან ბევრი წყაროა მოყვანილი, სადაც კარგად ჩანს სტუმრების დამოკიდებულება, ტფილისური მასპინძლობის მათებური ხედვა.

ეს არის წიგნი, რომელიც, ალბათ, დიდი სიამოვნებით იწერებოდა. ამას ავტორიც აღნიშნავს შესავალში: “მკვლევრისთვის, რომელსაც უყვარს ძველი თბილისი, თბილისურ სასტუმროთა ისტორიის შესწავლა არა მხოლოდ პროფესიული შრომაა, არამედ დიდი სიამოვნებაცო”. ეს სიამოვნება მეც არაერთხელ განმიცდია. რა ჯობია, როდესაც წლების მანძილზე საარქივო მასალებში, მოგონებებში, ძველ პრესაში ქექვისა თუ გამოსახულებების ყურადღებით თვალიერებისას კონკრეტული ამბის ან მოვლენის კონტურები იკვეთება. არაფერია უფრო სასიამოვნო პროცესი, ვიდრე ერთი კონკრეტული ადგილის შესახებ 10 წლის ნაგროვები მასალის დახარისხება და მისგან ერთი მოკლე, მაგრამ ტევადი და ამომწურავი თავის შეკვრა.

როგორც ზემოთაც ითქვა, წიგნში აუარება სხვადასხვა ენიდან თარგმნილი ფრაგმენტია დამოწმებული, ზოგიერთი სტუმარი კი იმდენად გამოწვლილვით აღწერს, მაგალითად, სასტუმროს ნომერს, რომ თანამედროვე მხატვარს ილუსტრაციასაც კი გამოსტყუებს ეს აღწერა. ყველაზე შტამბეჭდავი იყო სასტუმრო “ლონდონის” სამმანეთნახევრიანი, სტანდარტული ნომრის აღწერა, რომელიც ირანელ მოგზაურს, მირზა აბდ ალ-ჰოსეინ ხან აფშარ ორუმის ეკუთვნის.

მესამე წიგნი “ლიტერატურის მუზეუმმა” გამოსცა და მისი ავტორი, კარაპეტ გრიგორიანცი, ტფილისელი მხატვარი იყო, რომელიც კალმოსნობდა კიდეც. ავტორის თანდართულ ბიოგრაფიაში მისი თითქმის ყველა წიგნია ჩამოთვლილი – პიესა “ძმისმკვლელი”, ლექსი “ვერელი ვარინკას ქება”, “პლანეტების მოძრაობა და სიზმარი”, “მოგზაურობა კაცის მჭამლებში”, “ოქრომჭედელ საქულას მკვლელი” და სხვ. ეს წიგნი, “ძველი თბილისის იშვიათი ამბები”, 1927 წელს დაუსრულებია ავტორს და მასში ბევრ საინტერესო ამბავს შეხვდება მკითხველი იმდროინდელი ქალაქის შესახებ.

პირველ რიგში, ეს ეხება ძველი თბილისის არქიტექტურასა და ქალაქურ სახლებს, რომელთა კვალიც, სამწუხაროდ, წაშლილია დღევანდელ თბილისში. საუბარია დარბაზიან სახლებზე, რომელთაც, ავტორის სიტყვით, 1860-იანი წლებიდან ნელ-ნელა ფერი იცვალეს და მათ ადგილას ბანიანი სახლები გაჩნდა. ძალიან საინტერესოა თავი განათების საშუალებებზე, რომელსაც მაშინ იყენებდნენ მოქალაქეები - ქონის ჭრაქებით დაწყებული, კარტოფილის სანთლებით დამთავრებული; ასევე ტფილისური ტანსაცმელი, მიხრა-მოხრა, წეს-ჩვეულება, საკვები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კარაპეტ გრიგორიანცის ქართული, ქალაქური კვიმატობითა და უცხო, უცნაური მოქნილობით სავსე ენა, ერთგვარი სოციოლექტი, რომელიც ღიმილსაც გვგვრის და ჩვენამდე ძველი ჟღერადობაც მოაქვს. აი, მაგალითად, როგორ იწყებს იგი ერთ-ერთ თავს:

“ადამიანი გაოცებული რჩება იმ გარემოებაზე, თუ ჩვენი ცხოვრება რავდენ რიგათ ცვლილებას ღებულობს”. ანდა ეს ფრაზა, რომელიც ავაზაკ ტატო წულუკიძის ამბავში ამოვიკითხე: “ამ სიტყვამ ტატოს ტვინიდან ფეხის ფრჩხილებავდისინ ელექტრონის ტოკივით გაუარა”.

წიგნში დეტალურადაა აღწერილი ტფილისში შემოსასვლელი გზები, ძველ დროში სანოვაგის სიიაფის მიზეზები. საზანდრების ისტორია კი ტფილისური ჯაზის ამბავი გეგონებათ, თავის დასტა-ბენდებით, დუქან-კლუბებითა და სოლისტებით. შესანიშნავადაა აღწერილი 1888 წელს ივანე მუხრან-ბატონის მიერ იმპერატორ ალექსანდრე მეორისთვის გაშლილი პურ-მარილი. ბოლოს ერთი ეპიზოდია, რომელმაც შეუძლებელია 1990-იანი წლების თბილისი არ გაგახსენოს. კარაპეტ გრიგორიანცი დამოუკიდებლობის წლების თბილისს იხსენებს, 1918-1921 წლებს, და ასეთ რამეს წერს:

“დღეს იმგვარი ვაგლახი წლების ცეცხლებში გამოვლილებს უკვირთ, რომ ცოცხლები არიან, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ზამთრის ღამებში ფურნები წინ რიგში მომლოდინე ხალხისაგან მრავალი გამოესალმა წუთ-სოფელს და ზოგიც ისე გაცივდა და დასნეულდა, რომ სიკვდილი სანატრელი გაუხდა”.
XS
SM
MD
LG