Accessibility links

logo-print
ბოლო კვირის განმავლობაში ტელევიზიები დიდ ყურადღებას უთმობენ ქართულ სამხედრო მრეწველობას. პრეზიდენტი თავად წარუდგენს საზოგადოებას ჯავშანმანქანებს „დიდგორსა“ და „ლაზიკას“, აგრეთვე, უპილოტო საფრენ აპარატს; აქებს მათ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებული ხმაურის ფონზე, ქართულ სამხედრო მრეწველობაზე მკვეთრი სატელევიზიო აქცენტი და პირადად პრეზიდენტის ჩართულობა (რაც აქცენტს კიდევ მეტად აძლიერებს) საზოგადოების ნაწილს მოსალოდნელ საფრთხეზე აფიქრებს. თუმცა, მე მინდა, ამ ფაქტებს სულ სხვა თვალით შევხედოთ.

მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც წარმართავს საქართველოს სახელმწიფოს, ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის ცხოვრებას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია. რომელი ძალაც არჩევნებს მოიგებს, ის ძალა დანიშნავს პრემიერ-მინისტრს ერთი წლის შემდეგ. პრემიერის პოსტზე ამა თუ იმ ადამიანის ყოფნას კი რაიმე ვადა არ ზღუდავს. ამიტომ, ვინც 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ძალაუფლებას მრავალი წლით მოიპოვებს.

არჩევნებში გამარჯვების ლეგიტიმაციას ორი ფაქტორი განაპირობებს: საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება.

იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ორი ვადა ეწურება, მის გაპრემიერებას პრობლემა ორივე მიმართულებით ექმნება: საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს; საერთაშორისო საზოგადოებაც - თავის ქვეყნებში პოლიტიკური ცხოვრების წესიდან გამომდინარე - ბუნებრივად მიიჩნევს, თუკი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ეს დამოკიდებულება გამოიხატება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების დაჟინებული მოთხოვნით.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უპრეცედენტო ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, იძულებულია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ზემოთ ჩამოთვლილი ორივე ფაქტორის განეიტრალებაზე იზრუნოს.

როგორც ჯერჯერობით ჩანს, საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობაში იგი უპირატესობას ძველ, უკვე გამოცდილ ტაქტიკას ანიჭებს (პირად შეხვედრებს, „ობიექტების“ გახსნას, პროპაგანდას, ხალხის დაშინებას, პარტიის აქტივისტების კოორდინირებულ მუშაობას...). ხოლო საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში იკვეთება „ამბოხის“ თემა, რომელიც ერთგვარი იზოლაციონიზმის საფრთხეს შეიცავს, მაგრამ, სააკაშვილის ათვლის წერტილიდან, ორმაგად ეფექტიანიც შეიძლება აღმოჩნდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მოუწოდა, რომ რეფორმატორის იმიჯი შეინარჩუნოს, საერთო წესებს დაემორჩილოს და რეგიონში მისაბაძ მაგალითად დარჩეს იმით, რომ, თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. საპირწონე ლიდერის არსებობის პირობებში, ეს მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ზღვარზე, თქვას „არა!“, - რაც მას მეამბოხე ლიდერის რანგში გადაიყვანს.

„არა!“ რომელსაც ამობს მეამბოხე ადამიანი, ნიშნავს: „მეტისმეტად დიდხანს ვითმენდი! აქამდე რაც იყო, იყო. ამიერიდან კი სულ სხვანაირად იქნება!“ ამბოხი ყოველთვის გულისხმობს ორ მხარეს - ძლიერს, რომელიც სუსტს თავისი წესებით აცხოვრებს და სუსტს, რომელიც აღარ არის თანახმა, ძლიერის წესებს დაემორჩილოს.

მეამბოხე, როგორც წესი, მარტოა, მაგრამ მის პროტესტს საფუძვლად ყოველთვის უდევს იდეა, რომელიც ძვირფასია ბევრი ადამიანისთვის და რომელსაც ზოგადსაკაცობრიო ღირებულება აქვს. მიხეილ სააკაშვილის ამბოხის მთავარი იდეა, ჩემი აზრით, იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფო სუვერენიტეტი.

ამიტომ, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან ერთად; სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირების ვიზიტებთან ერთად; ტრადიციულ პროდასავლურ რიტორიკასთან ერთად; - დარწმუნებული ვარ, გაძლიერდება სხვა დისკურსი: „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, მისცეს თუ არა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს“; „ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში, როცა „ზემოდან“ გვკარნახობდნენ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით“; „ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს?“

საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდის ჭრილში, გააქტიურდება თემები, რომლებიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენს სრულფასოვან სახელმწიფოებრივ იდენტობასთან. მათგან ერთ-ერთია საქართველოს სამხედრო მრეწველობის თემა; მეორე - ახალი ქალაქის - ლაზიკის - მშენებლობის თემა. ალბათ, სხვა თემებიც გაჩნდება, რომელთა შესახებ მომავალში ვიმსჯელებთ.

ამბოხის მთავარ იდეად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკდებლობის თემის გადაქცევა, სავარაუდოდ, მისაღები იქნება საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც არჩევნების წინ მჭიდროდ შემოიკრიბება მიხეილ სააკაშვილის - როგორც ეროვნული გმირის - ირგვლივ. „მე ვაპროტესტებ, - ესე იგი, ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო!“ - მიხეილ სააკაშვილი ამ „მესიჯს“ აამუშავებს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის „ადგილის მისაჩენად“ არჩევნების წინა პერიოდში, არამედ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის გასაზრდელადაც. სწორედ ამგვარად შეიძლება ესახებოდეს პრეზიდენტს ამბოხის ორმაგი ეფექტიანობა.

რაც უფრო მეტად მოირგებს მიხეილ სააკაშვილი მეამბოხე ლიდერის მანტიას და რაც მეტად შეეცდება, საქართველო დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოაჩინოს, მით მეტად გაძლიერდება მისი გუნდის მხრიდან კრიტიკული და ცინიკური განცხადებები უცხო ქვეყნების (განსაკუთრებით, აშშ-ის) ლიდერების თუ დიპლომატების მიმართ.

იმედია, მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია იმდენად მტკივნეული და დამანგრეველი არ აღმოჩნდება, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა და უცხოელი მეთვალყურეების მონაწილეობით.

თორემ, შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი რევოლუცია მოაწყოს - ამჯერად პრეზიდენტის რანგში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG