Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მორალური მხარდაჭერა აკლიათ


მიცვალებულთა სულების მოხსენიების დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. არც მიხეილ სააკაშვილი და არც ბაჩო ახალაია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს არ შეხვედრიან. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები საზოგადოებისა და ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობენ.

სანამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაო ზე მივიდოდნენ, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები უკვე იქ იყვნენ. მათ ნაწილს, ისე როგორც ცხინვალში 2008 წელს დაღუპული ოლეგ ჭონიშვილის მამას, ჟურნალისტებთან საუბარი არ სურდა:

”აქაც არ მიშვებენ, მჩხრიკავენ და რაღა გითხრათ მეტი...”

იმის გამო, რომ სასაფლაოზე ქვეყნის პირველი პირი უნდა მისულიყო, ამოწმებდნენ ყველას, მათ შორის - ჭირისუფლებს. პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ის ზუსტად იმდენ ხანს იმყოფებოდა სასაფლაოზე, რამდენი დროც დაახლოებით 150 მეტრის ფეხით გავლას სჭირდება. პრეზიდენტი გვირგვინამდე ფეხით მივიდა, მიხაკების გვირგვინს, რომელსაც ეწერა ”საქართველოს პრეზიდენტისგან”, ლენტი გაუსწორა და წავიდა. ბაჩო ახალაია მცირე ხნით პარაკლისს დაესწრო და სასაფლაო უკომენტაროდ დატოვა.

სასაფლაოზე დარჩნენ 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების მშობლები, მეუღლეები, შვილები, ნათესავები და მეგობრები.
ჩემთვის არავინ არაფერს აკეთებს... მე მინდოდა ჩემი შვილი მყოლოდა ცოცხალი, მეტი არაფერი არ მინდოდა ...

პრეზიდენტის სტუმრობისთვის სასაფლაოზე მიყვანილი სამხედროების ნაწილი სასაფლაოსთან გაშლილ სპეციალურ სუფრასთან შეიკრიბა, სადაც ღვინო, პასკები და წითელი კვერცხები ეწყო. ისინი შესანდობარს სვამდნენ და საფლავებზე ღვინოს ღვრიდნენ, ნაწილი კი ქვეყნის პირველი პირის წასვლის შემდეგ მის დასახვედრად გაშლილ საქართველოს დროშებს უყრიდა თავს და თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანებში აწყობდა.

2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში დაჭრილი მეგობრების გადასარჩენად მიბრუნებული ზაზა ფერაძის მამა ახლა შვილის საფლავის ქვას ეფერება, მუხლებზე დაჩოქილი დედა ქვითინებს, თეთრი ჩვრით მტვერს აცლის შვილის საფლავის ქვას:

”ჩემთვის არავინ არაფერს აკეთებს... მე მინდოდა ჩემი შვილი მყოლოდა ცოცხალი, მეტი არაფერი არ მინდოდა.”

დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების უმეტესობას საუბარი არ სურს. ვინც საუბარზე თანხმდება, ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან მატერიალურზე მეტად მორალური მზრუნველობა აკლია. თეა ტაბატაძე 27 წლის არის. ის ცხინვალში დახვრეტილი შმაგი სოფრომაძის ქვრივია, 2 მცირეწლოვან ვაჟიშვილს ზრდის, თვეში თითოეულ ბავშვზე სახელმწიფო პენსიას იღებს, 55-55 ლარის ოდენობით, როგორც მარჩენალდაკარგული ბავშვების დედა. აეროპორტის გზაზე სამხედროების ოჯახებისთვის აშენებულ კორპუსში 40 კვადრატული მეტრი ფართის ბინაც მისცეს, სამსახურიც აქვს, მაგრამ, როგორც თეა ტაბატაძე ამბობს, მთავარი, რაც მას და მის ოჯახს აკლია, საზოგადოებისა და ხელისუფლების მორალური მხარდაჭერაა:

”გულცივობა.. აღარ ახსოვს ხალხს. არავის არავისი დახმარება არ სჭირდება - არც ფულადი, არც არაფერი. უბრალოდ, ხალხს დაავიწყდა ეს ბიჭები, საზოგადოებაში არ იგრძნობა სითბო ამ ბიჭების მიმართ, როგორიც, წესით, უნდა იყოს. ხანდახან ნერვებიც მეშლება - ვისი გულისთვის, ამ ნაგავი ხალხისთვის? ზოგს საერთოდ არ ესმის ეს რა არის. ბევრი არ იმსახურებს ამ ქვეყანაში ამათ თავდადებას და ამათ სისხლს და სწორედ ამათთვის გაწირეს თავი... ხალხს აღარ ახსოვს... ჩვენ მას როგორც მკვდარს, ისე ვერ აღვიქვამთ. დღესაც უკვდავია მისი სახელი შვილებისთვისაც და ოჯახისთვისაც. წესით, ქვყნისთვისაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ბევრს დაავიწყდა.”

ყურადღება ყოველთვის უნდა ჩანდეს, არ უნდა მინელდეს არავითარ შემთხვევაში, არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულთა ოჯახებმა არ იგრძნონ ეს ყურადღების სიმცირე ...
ირაკლი ალადაშვილი
სამხედრო სფეროს მიმომხილველი, სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ომში ახლობელი დაკარგეს, მზრუნველობა საკმარისი არასდროს იქნება, რადგან ახლობლის დაღუპვის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის შევსება წარმოუდგენელია. ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის გააკეთა იმდენი, რამდენიც არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტების დროს დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის. ირაკლი ალადაშვილი გულისხმობს ერთჯერად კომპენსაციებსაც, რომელიც 15 ათას ლარს შეადგენდა. მისივე სიტყვებით, დრო და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი, მართალია, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ხელისუფლებზეც და საზოგადოებაზეც, მთლიანად, მაგრამ ყურადღება, გამოხატული თუნდაც მხოლოდ მორალური გამხნევებით, მნიშვნელოვანია არა მარტო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის, არამედ იმ ჯარისკაცებისთვისაც, ვინც ახლა იხდის სამხედრო სამსახურს:

”ყურადღება ყოველთვის უნდა ჩანდეს, არ უნდა მინელდეს არავითარ შემთხვევაში, არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულთა ოჯახებმა არ იგრძნონ ეს ყურადღების სიმცირე, არამედ იმიტომაც, რომ იმ დანარჩენმა მებრძოლებმა, რომელთაც ხვალ შეიძლება ომში მოუწიოთ წასვლა, იცოდნენ, რომ ყურადღება ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან მუდმივად იქნება მათ მიმართ და მათი ოჯახების მიმართ."
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG