Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეებში არსებულ ვითარებას პატრიარქიც გამოეხმაურა


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას თავის სააღდგომო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეც შეეხო და რამდენიმე სიახლის დანერგვის ინიციატივით გამოვიდა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, პატრიარქი აუცილებლად მიიჩნევს სასჯელის გადავადების შესახებ კანონის ამოქმედებას, რათა, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ ციხე დატოვონ და გამოჯანმრთელებამდე ოჯახურ გარემოში დარჩნენ. ხშირი უარი სასჯელის გადავადებაზე დაავადებულ პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია. 2011 წელს გარდაცვლილი პატიმრების საერთო რაოდენობა, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 140-ია.

”საქართველოს პენიტენციარულ დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა”, – წერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში. მისივე თქმით, ციხეებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ციხეებში არსებულ ვითარებას სახალხო დამცველის ანგარიშის 200 გვერდიც დაეთმო, პატიმართა სიკვდილიანობის კონკრეტულ ფაქტებს კი - 55. საინტერესოა, რომ გარდაცვლილთა 40 პროცენტს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა:

”არის შემთხევევბი, როცა პატიმარს აქვს მოტეხილი ნეკნები, კიდურები და გატეხილი ცხვირი. ცხადია, რომ თვითნებურად - დავარდნით, მაგალითად - ასეთ დაზიანებებს პატიმარი ვერ მიიღებდა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე საგამოძიებო ორგანოებს კიდევ ერთხელ, ასეთ ფაქტებს მიექცეს სათანადო ყურადღება”, - აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

ხშირია ცემის, არაადამიანური მოპყრობის, დამცირების ფაქტები, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების უამრავი ფაქტი. სამწუხაროდ, პატიმრებს თითქმის არა აქვთ ხელმისაწვდომობა, რომ ამ საკითხებზე იჩივლონ ...
მარიამ ჯიშკარიანი
პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკასაც გადავხედოთ. 2006 წელს ციხეებში გარდაიცვალა 89 პატიმარი, 2007 წელს - 101, 2008-ში - 90, 2009-ში - 91; 2010-ში - 142; 2011-ში -140.

პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა და სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის, თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ადამიანის უფლებადამცველებიც შენიშნავენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარება დამძიმებულია. ციხე ჩაკეტილია როგორც არასდროს, პატიმართა სიკვდილიანობა მაღალია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები - ხშირი, დასჯილი დამნაშავეების და გამოძიებული საქმეების სტატისტიკა - უმნიშვნელო. სწორედ ამ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი:

”ხშირია ცემის, არაადამიანური მოპყრობის, დამცირების ფაქტები, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების უამრავი ფაქტი. სამწუხაროდ, პატიმრებს თითქმის არა აქვთ ხელმისაწვდომობა, რომ ამ საკითხებზე იჩივლონ. ციხე არის საკმაოდ დახურული - განსაკუთრებით, რაც ეს სამინისტრო შეიქმნა - და ამან გამოიწვია სწორედ იქ ვითარების ასე დამძიმება.”

მარიამ ჯიშკარიანი ერთ-ერთია იმ ექსპერტთა შორის, რომლებიც, წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ. ეს ერთადერთი კომისიაა, რომელსაც ციხეებში არსებული ვითარების შემოწმება შეუძლია. თუმცა მარიან ჯიშკარიანი შენიშნავს, რომ მათაც კი არა აქვთ ფოტოდოკუმენტირების უფლება. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზა პატიმარს, რომელიც აცხადებს, რომ სცემეს, როგორც წესი, დაგვიანებით, ანუ იმ დროს უტარდება, როცა მის სხეულზე დაზიანების კვალი გავლილია.

”საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაზიანებების სამედიცინო დოკუმენტირება, ფაქტობრივად, არ ხდება. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის დასკვნაშიც წერია, რომ პატიმრებს სამედიცინო შემოწმებას კონფიდენციალურად არ უტარებენ, ეს ყველაფერი კი გამოძიებასაც უქმნის პრობლემას, რადგან ობიექტურად თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვერ დგინდება.”
ფიზიკური შეურაცხყოფის გამო 4 პოლიციელი და ციხის ორი თანამშრომელი გამტყუნდა ...
ბაია პატარაია

სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და განსაკუთრებით არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე ციხეებში უამრავი საჩივარია შესული, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

უფლებადაცმველების კრიტიკის საგანია ისიც, რომ დანაშაულისთვის არავინ ისჯება. თუმცა ამ კრიტიკას არ იზიარებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაია პატარაია, რომელიც ამბობს, რომ 2011 წელს წამების მუხლით 18 საქმეა აღძრული, არაადამიანურ მოპყრობაზე - 11. ბაია პატარაიას ვეკითხებით, არის თუ არა დასრულებული საქმეები და დასჯილი დამნაშავეები. ის გვიპასუხებს:

”2011 წლის მონაცემებით, წამების ფაქტის გამო ერთი პოლიციელი გასამართლდა, მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ფიზიკური შეურაცხყოფის გამო 4 პოლიციელი და ციხის ორი თანამშრომელი გამტყუნდა.”

იუსტიციის სამინისტრო ამ ეტაპზე არ იზიარებს არც უფლებადამცველების მოთხოვნას, მეტ არასამთავრობოს მიეცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მონიტორინგის უფლება, როგორც ეს არის, მაგალითად, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, - ამბობს ცირა ჭანტურია, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი საქართველოში.

მთავრობა მიიჩნევს, რომ ციხეებში უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით დამატებით საზოგადოებრივი კომისიების შექმნა საჭირო არ არის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG