Accessibility links

logo-print
8 აპრილი, კვირა
დღეს მთელი განვლილი კვირა იმით შევაჯამე, რომ სახლში დავრჩი. სხვების არ ვიცი, მაგრამ მთელი დღე სახლში ყოფნა დიდად არ მახალისებს. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ საოჯახო ვალდებულებებს (სადილი, დალაგება...) მეტ-ნაკლებად ვასრულებ. შვილები ისე წამოიზარდნენ, რომ ჩემთან ყოფნის სურვილი არც ერთს არა აქვს - სახლში ყოფნას მათაც გარეთ ყოფნა ურჩევნიათ...
ამ წუთას ზაზას ველაპარაკები Facebook-ით. ერთი კი მივწერე, თავისუფლების დღიურები მაქვს დასაწერი-მეთქი, მაგრამ არც შეიმჩნია - ვაგრძელებ პარალელურად...

ამასობაში, ერთ-ერთმა მეგობარმა მოიწერა, რომ ამ წუთებში „ქალურ ლოგიკას“ უყურებს და „აღფრთოვანებას“ ვერ მალავს! მეც ჩავრთე ტელევიზორი; მაინტერესებდა, ოდნავ მაინც თუ შეიცვალა ამ გადაცემაში რამე მას შემდეგ, რაც ათასზე მეტი ადამიანის ხელმოწერილი საჩივარი იქნა შეტანილი ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემის კონცეფციის შეცვლის მოთხოვნით. ჯერ არაფერი. იმედია, რაიმე შედეგი საჩივრის განხილვას მოჰყვება.

ტელევიზიაზე გამახსენდა: გასულ კვირაში გამოქვეყნდა IREX-ის გამოკვლევა სახელწოდებით „მედიის მდგრადობის ინდექსი 2012“. აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებული მედიაგარემო მხოლოდ „არამდგრადი შერეული სისტემის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მიუხედავად არსებული ლიბერალური მედიაკანონმდებლობისა, პრობლემები მედიასფეროში დღითიდღე იზრდება. მაგალითად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს იმდენად მაღალი იმუნიტეტი აქვთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის აღმოჩენამაც კი ვერ შეარყია...

რა ვიცი, ორი წინადადება დავწერე და რომ გადავხედე, უკმაყოფილებას გამოვხატავ მხოლოდ. თუმცა, ირგვლივ რაც ხდება, ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. ტელევიზორიდან ოთარ ტატიშვილი გვეუბნება, რომ 16 წლის მანძილზე საქართველოს კონსტიტუციაში 26 შესწორება იქნა შეტანილი და ასეთი სისწრაფით ზეთს არ ვცვლი მანქანაშიო... :)))

ყოველთვის მინდა, გავახალისო ადამიანები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად გამომდის. ვიცი, ახლა ესეც ჩემს სვანობას დაბრალდება! :))))

ისე, დღეს თბილი, მზიანი და ნათელი დღე იყო.

ხვალაც ასეთი იქნება...

9 აპრილი, ორშაბათი
9 აპრილი მძიმე დღეა, განსაკუთრებით დღეს - ამ თარიღს ორშაბათი დაემთხვა.

ისე, ამ დღეს ჩემი ბიძაშვილია დაბადებული. ჩემზე უმცროსია, სიგიჟემდე მიყვარს... არც დამირეკავს მისალოცად. მისმა ძმამ დამირეკა და ვერც მას დაველაპარაკე ტელეფონით - არ მეცალა.

პარლამენტის წინ პოლიტიკოსები შეიკრიბნენ 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებლად. ეს რიტუალი ცოტა მაღიზიანებს. არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ ამ მოვლენას. პირიქით, მაშინ 12 წლის ვიყავი და ეს დღე საშინლად ჩამრჩა მეხსიერებაში, ეს რაღაც ძალზე ინტიმური განცდაა. ეტყობა, ამიტომაც არის, რომ ეს საყოველთაო მოხსენიების „ტრადიცია“ ცოტა არაგულწრფელად მეჩვენება, რაღაც კოლექტიურ რწმენას ჰგავს...

ნეტავ, პრეზიდენტი ბოლოს როდის იყო სტეფანწმინდაში? ან, საერთოდ, იყო კი? მან სწორედ დღეს განაცხადა, სტეფანწმინდაში სიღარიბე უნდა დავძლიოთო! :-) ნეტავ, ამ ვიზიტის დროს საკუთარ სამსახურებრივ ვალდებულებებს ასრულებდა თუ წინასარჩევნო კამპანიას ატარებდა? აი, მარადიული კითხვა საარჩევნო წლებში...

საღამოს Facebook-ში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ამხანაგმა სიღნაღში ქორწინების აქტი, ანუ საქორწინო ხელშეკრულება გააფორმა... ამ ფრაზის კაცი ჩემზე იფიქრებს, რა უგულო ადამიანია - ხომ შეიძლებოდა, ეს ცოტა უფრო ლამაზად გადმოეცაო... ვინც გამამტყუნებს, მართალი იქნება: არ მეხერხება საინტერესოდ წერა.

10 აპრილი, სამშაბათი
დილა მოღრუბლული იყო, ადგომა გამიჭირდა. ბოლო წამს ავდექი, შვილი ლოგინიდან წამოვახტუნე - მეგონა, სკოლაში დააგვიანდებოდა. აღმოჩნდა, რომ არა.

მოვემზადე ოფისის ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. არა, ჯერ უნივერსიტეტში წავედი და საგამოცდო ნაწერები წამოვიღე, მერე - ავეჯის მაღაზიაში. საოფისედ შევარჩიეთ დიდი და პატარა მაგიდები, სკამებიც, მივეცით შეკვეთა და წამოვედით. დასაწერად არის მოკლე, თორემ ამ პროცედურამ დაახლოებით სამი საათი წაგვართვა.

მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული ვიყავი, გადავწყვიტე, ყველა ტექნიკური საკითხი დღეს მომეგვარებინა. მივაკითხე „სილქნეტის“ ოფისს სატელეფონო დავალიანების დასაფარად და ოფისში ინტერნეტის შემოსაყვანად. ოოო, ეგ კიდევ უფრო ხანგრძლივი წვალება გამოდგა! ამისთვის დაგვჭირდა ოფისის მესაკუთრე, წინა მფლობელი და ამჟამინდელი მფლობელი. რა თქმა უნდა, შევიყარეთ ერთად და სამსაათიანი წვალების მერე, მოვრჩით ფორმალურ საკითხებს. იმედია, ხვალ სამსახურში ინტერნეტი გვექნება.

ამ „საქმიანი“ მოძრაობის შუალედში ჟურნალისტმა დამირეკა გაზეთ „რეზონანსიდან“. 9 აპრილს, პარლამენტის წინ, მემორიალთან მისული ხალხი პოლიციას დაუკავებია. ეს მოხდა საქართველოს პრეზიდენტის მისვლამდე. მას, როგორც ჩანს, „გზა გაუთავისუფლეს“...

იმდენად დაუჯერებელი მეჩვენა ეს ფაქტი (თუმცა, განა არის რამე დაუჯერებელი?), რომ ჟურნალისტს იქით დავუწყე შეკითხვების დასმა:

- ეს ადამიანები აშავებდნენ რამეს? არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს?

- არა.

- მაშინ პოლიციელებმა რა მოტივით დააკავეს, როგორ განმარტეს ეს ფაქტი?

ჟურნალისტის პასუხის თანახმად, პოლიციელები განმარტებებსაც არ აკეთებენ. ვიფიქრე, ან მე ვერ ვიგებ, ან ჟურნალისტი ვერ მიხსნის-მეთქი. ისევ ვეკითხები:

- დაკავებაში რას გულისხმობთ, რა ჰქნეს პოლიციელებმა?

- იძულებით გაიყვანეს პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალის ტერიტორიიდან და ორი საათი ჰყავდათ დაკავებული.

ორი საათი ის დროა, რაც პრეზიდენტს დასჭირდებოდა იქ მისასვლელად, ერთი-ორი „მამულიშვილური“ სიტყვის სათქმელად და ტერიტორიის დასატოვებლად. დავიჯერო, პრეზიდენტმა არ იცის, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა წუხილი აქვს? დავიჯერო, პრეზიდენტამდე ინფორმაციას ქვემდგომი „მოხელეები“ ბლოკავენ? თუ უკვე თავად პრეზიდენტმა დაკარგა სინამდვილის ხედვის უნარი და არ უნდა, დაინახოს უკმაყოფილება და გაჭირვება? შეიძლება ერთი იყოს, ან მეორე. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის არაფერი იცვლება; მხოლოდ იმას ვფიქრობთ, რომელი რეალობა იქნებოდა უარესი.

საღამოს მეგობარს გავუარე. კაბას მიკერავდა, დაასრულა. ძალიან მომეწონა! მერე სახლშიც წამოვიყვანე, სადარბაზოშიც მშვიდად შევედი - მაწანწალა ძაღლები არ დამხვედრიან სადარბაზოსთან.

11 აპრილი, ოთხშაბათი
მზიანი დილა გათენდა...

დილა საოცრად მოქმედებს ჩემს განწყობაზე, მზიანი დილა კარგი განწყობის საწინდარია. მიყვარს ზაფხული, სიცხე, მზე რომ გაღვიძებს... არც ადგომა გეზარება, არც სამსახურში წასვლა. მოკლედ, ცხოვრება მშვენიერია! დედაც ჩამოვიდა...

ქალაქში, ტრადიციისამებრ, სამარშრუტო ტაქსით წამოვედი. დასაჯდომი ადგილი შემხვდა, თუმცა, მერე „მარშრუტკა“ იმდენად გაივსო, რომ ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩა. ერთი რამე არ მესმის: თუ ასეთი დიდი მოთხოვნაა ამ ტრანსპორტზე, რატომ არ ზრდიან მანქანების რაოდენობას? არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამბობენ, ქალაქის მერია ავტობუსების გაუქმებას გეგმავსო. მაინტერესებს ამ იდეის ავტორთა არგუმენტები ან, საერთოდ, ამ გადაწყვეტილების მიმღებს ოდესმე თუ უმგზავრია საქალაქო ტრანსპორტით? უფიქრია კი ვინმეს, რა მძიმე ტვირთად დააწვება ეს თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს? საჩვენებლად მოწყობილი ტელეშოუების დროს მაინც არ ხვდებათ თვალში ხელისუფლების წარმომადგენლებს გახუნებული, გაცვეთილი, არცთუ იშვითად ფეხსაცმელდახეული ადამიანები, რომლებიც, ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობენ?

ბატონო გიგი! იმედია, რომ ყვითელი ავტობუსები შემორჩება ჩვენს ქალაქს და ეს მეორადი ტანსაცმლით შემოსილი მოსახლეობა შეძლებს მისთვის მისაღებ ფასებში გადაადგილებას.

GIPA-ში მივედი. მედიის წარმომადგენლებისათვის მზადდება სასწავლო კურსი. მე მედიის სამართლებრივი რეგულაციის ნაწილი უნდა მოვამზადო. დავპირდი, რომ სილაბუსს ორშაბათისათვის მივაწოდებ.

წამოვედი ოფისში. ინტერნეტის დასამონტაჟებლად მოვიდნენ „სილქნეტის“ ტექნიკოსები, დამიმონტაჟეს მოდემი, მაგრამ სადაა ტელეფონი? დაზიანებულია. დამაიმედეს, ხვალ ნამდვილად გექნებათ კავშირი სამყაროსთანო.

ამ შუალედებში რამდენიმე კონსულტაცია გავეცი - სატელეფონოც და პირადიც. კიდევ ერთ ადამიანს ვურჩიე, რომ სასამართლო დავა არ ღირდა. რა თქმა უნდა, ასეთ რჩევას მხოლოდ მას შემდეგ ვიძლევი ხოლმე, როცა დოკუმენტებს სრულად გავეცნობი. აქვე, ზოგადი რჩევა ყველას: სასამართლოში წასვლამდე ყველა ღონე უნდა იხმაროთ პრობლემის მშვიდობიანად გადასაჭრელად, თორემ მერე, თუნდაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ამ პროცედურებს უამრავი დრო, ენერგია და თანხა მიაქვს.

ისე, მიყვარს ჩემი პროფესია. ხანდახან ვფიქრობ და ვამბობ კიდეც, რომ იურისტები პრაგმატულები არიან. ვხედავ, როგორ არ მოვწონვართ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, უსულოები ვგონივართ . მესმის მათი, მაგრამ სინამდვილეში რაღაც შუალედია, რომლის გადმოცემა მიჭირს და რომლის პოვნა არც ისე იოლია.

იურისტობა ბევრ რამეში დამეხმარა. პირველ რიგში იმაში, რომ საკუთარი თავი მეპოვა. მეპოვა საქმე, რომელიც მიყვარს. რომ შემეძლოს, სკოლაში გოგოებისთვის (დისკრიმინაციულად!) დავნიშნავდი სავალდებულო საგანს: „ქალის უფლებები“. ან, არ ვიქნები ასეთი რადიკალური და ყველა ბავშვს თანაბრად შევთავაზებდი საგანს „ძალადობა ოჯახში“. ამ თემებზე სამართლებრივ ცოდნას თავიდანვე ჩავუყრიდი საფუძველს. იქნებ, ამის მერე მაინც შეწყვეტილიყო (ხმამაღლაა ნათქვამი, „შემცირებულიყო“ ჯობია) 15 წლის გოგონების გათხოვება მშობლების თანხმობითა თუ უამისოდ, ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ა.შ.

არ ვიცი, რას ვაკეთებ საამისოდ?

P.S.: დღეს „იმედიდან“ შეტყობინება მომივიდა, სამშაბათს, 19 საათზე, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი, დაბარებული ვარ გადაცემა „ქალური ლოგიკის“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვაზე.

12 აპრილი, ხუთშაბათი
მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი დღე მქონდა - გუშინდელმა და გუშინწინდელმა სირბილმა ნაყოფი გამოიღო.

დილით უფროსი შვილი ბებიას გაჰყვა სოფელში, დასავლეთში; უმცროსი მამიდას - აღმოსავლეთში. მე თბილისში ვარ, საღამოს ბათუმში მივდივარ. მიხარია!

ბათუმში დამხვდებიან ზაზა და წვიმა... წვიმაც კარგია იქ!

ბათუმელი მეგობრები... უდარდელად რომ შემიძლია ველაპარაკო ყველაფერზე. წერისას მივხვდი, რომ ხვალინდელი დღით ვცხოვრობ, დღევანდელი უკვე არ მაინტერესებს. არც კი მახსოვს, რა მოხდა დღეს.

ჰო, გამახსენდა! სტუდენტების ნაწერები გავასწორე, გული დამწყდა, ცუდი ნაწერები იყო. ქულებიც დაბალი დავუწერე.

მიჭირს დღიურების წერა. მახსოვს, 15 წლის რომ ვიყავი (აფხაზეთის ომი იყო), მშობლებმა კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარაში გამიშვეს ნათესავებთან. ოთხი თვე ვიყავი იქ. იმ ასაკამდე დედას ამდენი ხნით არ დავშორებივარ. ძალიან გამიჭირდა და მაშინ პირველად და უკანასკნელად დავიწყე დღიურების წერა. უფრო სწორად, ეს იყო წერილები დედას. ვწერდი (იმ დროს მობილურები არ გვქონდა) და ამ ფორმით ველაპარაკებოდი მას. არ მახსოვს, რას ვწერდი, არ მახსოვს შინაარსი. მახსოვს განცდა და ჩემი გულწრფელობა. არა, ახლა გამახსენდა: ერთი წერილი არ იყო ბოლომდე გულწრფელი, სხვა დანარჩენი - კი.

თავისუფლების დღიურები სულ სხვაა, ჯერ ვერ გავიგე რას განვიცდი მათი წერისას, საერთოდ რატომ უნდა ვწერო ასე საჯაროდ?

13 აპრილი, პარასკევი
მატარებლის გამცილებელმა კარებზე გასაღებით მოგვიკაკუნა და შემოგვძახა: „გაიღვიძეთ, ქობულეთი!“ ვერ გამიგია, ეს გამცილებლები მგზავრების გაღვიძებაზე ასე რატომ ზრუნავენ და თან ასეთი პირველყოფილი ფორმით?! გადავბრუნდი, ნახევარი საათის ძილი არ დავიკელი. თვალის გახელისთანავე ფანჯარაში მზე და ზღვა დავინახე. ზღვა არ იძროდა, გარინდული გველოდა მატარებელს და მის მგზავრებს...

სახლში დავტოვე მგზავრობის უსიამოვნო განცდა და ჩამოვუარე მეგობრებს. შევივსე ემოციურად, სიმშვიდის განცდა დამეუფლა. საღამოს პრესკაფეში წავედით - პარასკევის ტრადიციული კინოჩვენება იყო. დავაგვიანეთ, თუმცა სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან ორს სრულად ვუყურე. ერთი სადიპლომო ნაშრომი იყო, „სტაფილოს წვნიანი“ ერქვა. ლამაზად იყო დანახული წყვილის ურთიერთობის სირთულეები.

14 აპრილი, შაბათი
დღეს ქართული ენის დღეა. 1978 წლის მოვლენებმა განაპირობა კალენდარში ამ დღის „წითლად“ მონიშვნა. სტუდენტების აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ქიმერიძის საქმეზეც რამდენიმე აქცია სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო, თუმცა შედეგი შორსაა.

დღიურების ბოლო დღეა. უნდა მოვემზადო შვიდი დღის ჩანაწერის გასახმოვანებლად. ეგ პროცესი ყველაზე რთული მგონია. იმედია, ჩაწერისას თავს თავისუფლად ვიგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, რადიო თავისუფლებაში მოვდივარ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG