Accessibility links

logo-print

კარზაი: ცუდად იმუშავა ავღანეთის და, განსაკუთრებით, ნატოს დაზვერვამ


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ კვირას ქაბულში და ამ ქვეყნის სამ პროვინციაში მეამბოხეთა მიერ მოწყობილი ერთდროული იერიშები იმის დასტურია, რომ სათანადოდ ვერ იმუშავა ავღანეთის და, განსაკუთრებით კი, ნატოს დაზვერვამ. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, თავდასხმები „ჰაკანის“ ქსლის მოწყობილია. 18 საათს გრძელდებოდა ბრძოლა ქაბულში, სადაც, ბოლოს, ნატოს შვეულმფრენების დახმარებით მოხერხდა მეამბოხეთა მოგერიება. ავღანეთის სამთავრობო ჯარმა ორშაბათ დილისთვის კონტროლი დაამყარა შირპურსა და დარულამანზე, ქაბულის რაიონებზე.

მეამბოხეები იკავებენ ხოლმე ერთ ობიექტს, სასტუმროს ქალაქის ცენტრში, და კიდევ სხვა შენობას და იქიდან ისვრიან ყუმბარებს უმისამართოდ ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია 36 მეამბოხე, სამთავრობო ჯარის 11 მოსამსახურე, ასევე სამი სამოქალაქო პირი. ამავე ცნობით, შეთანხმებული იერიშის უკან დგას „ჰაკანის“ მოძრაობა, რომელიც ოფიციალურად თალიბანსა და ალ ყაიდასთან არის დაკავშირებული და პაკისტანშია დაფუძნებული. თავდასხმების სამიზნე იყო ქაბულში განთავსებული ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოები, ცნობილი სასტუმროები, ნატოს შტაბბინა, სადაც გამოყენებული იყო არა მხოლოდ ჭურვები და რაკეტები, არამედ თვითმკვლელი მოიერიშეები. ამავე დროს სამ სხვა პროვინციაში მოწყობილი თავდასხმების სამიზნე ავღანეთის არმიის ინფრასტრუქტურა იყო. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის შეფასებით, ფაქტი, რომ ტერორისტებმა შეძლეს შეეღწიათ ქაბულსა და სხვა პროვინციებში, იმის ნიშანია, რომ ცუდად იმუშავა, მისი თქმით, „ ჩვენმა და, განსაკუთრებით, ნატოს დაზვერვამ“. მისივე აზრით, ავღანეთის არმიამ აჩვენა, რომ შეუძლია დაიცვას ქვეყანა. კვირის შეტევას მიიჩნევენ ავღანეთში ათწლიანი ომის განმავლობაში ერთ-ერთ სერიოზულ შეიარაღებულ თავდასხმად. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თქვა, „ვითარებას ვაკვირდებით. ჩანს, საჭიროა კონტრტერორისტული მუშაობისა და ავღანეთის სახელმწიფო უშიშროების ძალების გაძლიერებაო“. თალიბანმა კვირას განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილია, „ჰაკანისთან“ კოორდინირებული მოქმედებით, და რომ ეს საგაზაფხულო შეტევის დასაწყისია.

გერმანიის მთავრობამ, სხვათა შორის, განაცხადა, რომ ამ ერთდროული იერიშების გასაღება საგაზაფხულო იერიშის დაწყებად პროპაგანდისტული ნაბიჯია და რომ საქმე გვაქვს მხოლოდ შეზღუდულ ტერორისტულ ქმედებებთან. ავღანეთში საერთაშორისო ჯარის წარმომადგენელმა, გენერალმა კარსტენ იაკობზონმაც თქვა, რომ მეამბოხეთა მიზანი ყურადღების მიქცევა იყო:

„ახლა მომხდარი თავდასხმები სექტემბრის იერიშს ჩამოჰგავს. მეამბოხეები იკავებენ ხოლმე ერთ ობიექტს, სასტუმროს ქალაქის ცენტრში, და კიდევ სხვა შენობას და იქიდან ისვრიან ყუმბარებს უმისამართოდ - არა იმდენად იმისათვის, რომ სამხედრო ხასიათის მიზანი აქვთ, არამედ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ.“

აშშ-ის ელჩმა რაიან კროკერმა თქვა, რომ ავღანეთის არმიის უნარი ეპასუხა ასეთი თავდასხმებისთვის, მისი წინსვლის აშკარა დასტურია. საერთაშორისო ჯარმა ასევე გამოაცხადა, რომ იერიში, მთლიანობაში, არაეფექტიანი იყო. ნატოს წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ ბრიუსელში ბრიფინგზე თქვა, რომ კვირის თავდასხმები გავლენას არ მოახდენს ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარების გაყვანის გეგმაზე. ზოგიერთმა დასავლელმა მიმომხილველმა შეკითხვა დასვა: მოახერხებს თუ არა ავღანეთის არმია ნატოს შვეულმფრენების გარეშე გაუმკლავდეს ამ ყაიდის თავდასხმებს, როცა 2014 წელს საერთაშორისო ჯარი დატოვებს ავღანეთს.
XS
SM
MD
LG