Accessibility links

პანეტა: ჰაკანის ქსელმა მოაწყო თავდასხმები ავღანეთში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლიონ პანეტას განცხადებით, პაკისტანში დაფუძნებული „ჰაკანის“ ქსელი დგას კვირას ავღანეთში მოწყობილი კოორდინირებული თავდასხმების უკან. როგორც პანეტამ პენტაგონში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიანიშნებდა იმაზე, რომ ჰაკანი, რომელსაც კავშირები აქვს თალიბანთან და ალ-ყაიდასთან, გეგმავდა ფართომსაშტაბიან იერიშს. მაგრამ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მარტინ დემპსის განმარტებით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ იყო საკმარისად ზუსტი და დეტალური საიმისოდ, რომ თავიდან აეცილებინათ თავდასხმა. მისივე თქმით, ჯერ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმები პაკისტანში დაიგეგმა. დღეს უფრო ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა შეფასება, რომ თავდასხმებმა აჩვენა დაზვერვის ცუდად მუშაობა როგორც ავღანეთის, ისე „განსაკუთრებით ნატოს ძალებში“. კარზაიმაც ჰაკანის ქსელს დააკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთში მოწყობილი თავდასხმებზე.
XS
SM
MD
LG