Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში გაიმართა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა


16 აპრილს ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.

შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მონაწილეობდნენ: ფილიპ გორდონი – სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინი – ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, თომას მელია – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებში.

შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენდნენ: გიგა ბოკერია – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სერგი კაპანაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

დისკუსიის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა საქართველოში რეფორმების განხორციელებაში დღემდე მიღწეულ წარმატებაზე და იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს ხელი მოაწერეს აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პირველი შეხვედრა 2009 წლის 22 ივნისს გაიმართა და მასზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ქარტიაში ჩამოთვლილ პრიორიტეტული სფეროების მიხედვით: დემოკრატიის; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის და აგრეთვე კულტურული გაცვლის საკითხებზე.

2010 წლის 6 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თანათავმჯდომარეობდა.
XS
SM
MD
LG